
დრონები, ჯავშანტექნიკა და ნაღმმტყორცნები - „დელტა“ ტენდერების გარეშე ₾4 მილიონის შესყიდვების უფლებას ითხოვს
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს უფლებას, პროექტებისთვის საჭირო საქონელი და მომსახურება ტენდერების გარეშე, გამარტივებული შესყიდვით შეიძინოს.
სააგენტოსთვის გაგზავნილ ოფიციალურ მიმართვაში დეტალურადაა გაწერილი, თუ კონკრეტულად რისთვის არის საჭირო ეს ფინანსური და მატერიალური რესურსები და რა კონკრეტულ სამხედრო თუ სამოქალაქო პროექტებს ახორციელებს უწყება:
• ჯავშანტექნიკისა და სპეციალური ავტომობილების წარმოება: ფული ხმარდება „დიდგორი მედევაკის“, „დიდგორი მეომარის“, შეჯავშნული საინკასაციო და საშტაბო-სამეთაურო ჯავშანმანქანების წარმოებასა და აწყობას. • უპილოტო სისტემები (დრონები): რესურსები მიიმართება უპილოტო საფრენი საშუალებების (დრონების) შემუშავებისა და წარმოების მიმართულებით. • საბრძოლო შეიარაღება და საცეცხლე მოდულები: ცენტრი ამზადებს სხვადასხვა კალიბრის მექანიკურ და თვითდამიზნებად ნაღმმტყორცნებს, სხვადასხვა ტიპის საცეცხლე მოდულებს, ასევე ავტომატური მიზანმიმართვისა და დამიზნების სისტემის მქონე 120 მმ კალიბრის გადმოსადგმელ ნაღმმტყორცნის მოდულს. • ინდივიდუალური დაცვის საშუალებები: მიმდინარეობს ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების პროექტები, ცეცხლსასროლი და მხარდამჭერი შეიარაღების დამზადება, ასევე სასწავლო ხელყუმბარების წარმოება. • სამოქალაქო და ინფრასტრუქტურული პროექტები: ფული ხმარდება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის როგორც მექანიკური, ისე პროგრამული ნაწილის მოდერნიზაციას, პერიოდულ შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებას. • ტექნოლოგიური გადაიარაღება და მეტალურგია: რესურსები საჭიროა საუტილიზაციო დანადგარების მოდერნიზებისთვის, საწარმოში მეტალურგიის ტექნოლოგიის ათვისება-დანერგვისთვის, საწარმოო პროცესის გადაიარაღებისა და ინფრასტრუქტურის განახლებისთვის.
„დელტას“ განმარტებით, ვინაიდან პროექტები პარალელურ რეჟიმში ხორციელდება, ხოლო შეკვეთებს სპონტანური ხასიათი აქვს, სტანდარტული სატენდერო პროცედურები პროექტების დადგენილ ვადებში შესრულებას შეუძლებელს ხდის.
ამასთან, წარმოების პროცესში ყოველდღიურად იცვლება ტექნოლოგიები და საჭირო მასალების ჩამონათვალი, ხოლო კომპონენტების უხარისხობამ შეიძლება საფრთხე შეუქნას როგორც პროდუქციის სანდოობას, ისე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.
BM.GE
წყარო: bm.ge