
დრონების შეტევების გამო, რუსი გამომცემლები Wildberries-ზე წიგნების გაყიდვას აჩერებენ
უკრაინული დრონების თავდასხმების გამო, რუსული საგამომცემლო სახლები როგორც მსხვილი, ისე დამოუკიდებელი კომპანიები ონლაინპლატფორმა Wildberries-ზე წიგნების გაყიდვას აჩერებენ. ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, მათთვის ამ ეტაპზე ცნობილია მცირე და საშუალო გამომცემლობების მიერ Wildberries-თან თანამშრომლობის შეჩერების სულ მცირე შვიდი შემთხვევა.
კომიქსებისა და გრაფიკული რომანების გამომცემლობა Boomkniga-მ ჯერ კიდევ 30 ივლისს განაცხადა, რომ ონლაინპლატფორმებზე წიგნების მიწოდებას აჩერებდა.
თანამშრომლობის ფორმატი შეცვალა გამომცემლობა Alpaca-მ Native Wildberries-თან და განაცხადა, რომ პლატფორმაზე წინასწარი შეკვეთები „უახლოეს მომავალში აღარ იქნება“.
მსხვილ რუსულ გამომცემლობა „ექსმოში“ აცხადებენ, რომ Wildberries-ის საწყობებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად მიყენებულ ზარალს ჯერ კიდევ ითვლიან. კომპანიის გენერალური დირექტორის, ევგენი კაპიევის თქმით, გამომცემლობა პროდუქციის მიწოდებას საკუთარი საწყობებიდან იწყებს, რაც ლოგისტიკურ ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.
რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტროს 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში წიგნის ინდუსტრიის ბრუნვა წლიურად 11%-ით გაიზარდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ონლაინ-მარკეტპლეისები, ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბაზრის „მთავარ მამოძრავებელ ძალად“ რჩებოდა, მაშინ როდესაც ტრადიციულ წიგნის მაღაზიებში გაყიდვები მცირდებოდა ონლაინპლატფორმების მხრიდან საფასო დემპინგის გამო.
უკრაინა რუსეთის უმსხვილესი ონლაინ-რითეილერის, Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე რეგულარულ იერიშებს ივლისის შუა რიცხვებიდან ახორციელებს. დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალების, The Bell-ის შეფასებით, თავდასხმების შედეგად კომპანიის პირდაპირმა ზარალმა შესაძლოა 100 მილიარდ რუბლს გადააჭარბოს.
BM.GE
წყარო: bm.ge