
"ძალიან ცუდი დღე უთენდებათ კერძო უნივერსიტეტებსაც"| ლიკა ღლონტის ანალიზი და პროგნოზი
უმაღლესი განათლების ექსპერტ ლიკა ღლონტის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების რეფორმამ, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე საგრანტო წესის გაუქმებაა, კერძო უმაღლესი სასწავლებლების შემთხვევაში „საკმაოდ მძიმე სურათი“ შექმნა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც აბიტურიენტების მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას გაკეთებული პირველადი არჩევანის შესახებ მონაცემები გააანალიზა.
მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ოფიციალურ სტატისტიკას აგვისტომდე (საბოლოო არჩევანის ვადის ამოწურვამდე) არ აქვეყნებს, ექსპერტმა უკვე დაამუშავა ის მონაცემები, რომლებიც თავად უნივერსიტეტებს გააჩნიათ. პირველადი რიცხვები აჩვენებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების პროგრამებზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ მაღალია, რასაც ადასტურებს გამოცდების ეროვნული ცენტრიც, კერძო სექტორში კი, მოთხოვნის ვარდნა ფიქსირდება.
ლიკა ღლონტის შეფასებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმართ გაზრდილი ინტერესი არა - განათლების ხარისხის მოულოდნელი ნახტომით, არამედ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონით არის განპირობებული.
„ტენდენცია გვიჩვენებს იმას, რომ ფინანსურ კომპონენტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა აბიტურიენტების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში... ეს არის კარგი ინდიკატორი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადახდისუნარიანობის. ანუ, ყველასთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, სად იქნება სასწავლო გრანტი და, რასაკვირველია, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოთხოვნა უფრო მაღალია“, - აღნიშნავს ექსპერტი.
ექსპერტი პროგნოზირებს, რომ „ოცნების“ განათლების რეფორმით გამოწვეულ ეკონომიკურ წნეხს ბევრი კერძო სასწავლებელი ვერ გაუძლებს.
"ძალიან ცუდი დღე გაუთენდება და უკვე უთენდება კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ - იქაც, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, საკმაოდ დაბალი არის მოთხოვნა. თავიანთი შიდა რესურსებით რამდენიმე კერძო სასწავლებელი ერთი-ორი წელი ამ სიტუაციას ნამდვილად გაუძლებს და მერე უკვე ვეღარ შეინახავენ თავიანთ აკადემიურ პერსონალს, ან ძალიან დიდ შენობებს, რომლებიც მათ ააშენეს“, - აცხადებს ლიკა ღლონტი.