მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მცირდება/FDI-ის რეალური სურათი
ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მცირდება/FDI-ის რეალური სურათი

ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მცირდება/FDI-ის რეალური სურათი

BM.GE20 ოქტომბერი, 2026, 22:05|bm.ge

მთავრობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მაჩვენებელს ხშირად ეკონომიკური ზრდისა და საინვესტიციო გარემოს დადებითად წარმოჩენისთვის იყენებს. მაგალითად, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "მსოფლიოში არსებული გაურკვეველი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან შეფარდება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებს შორის და 2021-2025 წლებში საშუალოდ მშპ-ის 6%-ს აღემატებოდა. ეს კი ქვეყნის ზრდის პოტენციალის მიმართ ინვესტორთა ნდობაზე მეტყველებს.

სტატიაში განვიხილავთ, როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში საქართველოში FDI-ის მოცულობა და მისი წილი მშპ-ში, რა ადგილი უჭირავს ქვეყანას გლობალურ რეიტინგში და რა წვლილი შეაქვს მთლიან მაჩვენებელში რეინვესტირებას. ანალიზი ეყრდნობა საქსტატის და მსოფლიო ბანკის მონაცემებს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა

2012-2025 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და მისი წილი მშპ-ში არაერთგვაროვანი დინამიკით ხასიათდებოდა. 2014-2017 წლებში ინვესტიციების მოცულობა შედარებით მაღალი იყო, ხოლო მათი წილი მშპ-ში საშუალოდ 11%-ს შეადგენდა. ამ პერიოდის მაჩვენებლების შეფასებისას მნიშვნელოვანია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გავლენის გათვალისწინება. კერძოდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე მნიშვნელოვანი გავლენა სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტმა იქონია, რომელიც „შაჰდენიზი 2“-ის პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა. შესაბამისად, ამ წლებში ინვესტიციების მაღალი მაჩვენებლები მხოლოდ ზოგადი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას არ უნდა მივაწეროთ.

2018-2019 წლებში ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა მშპ-ში მათი წილი კვლავ 7%-ზე მეტი იყო. 2020 წელს, პანდემიის პერიოდში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება მკვეთრად დაეცა. მომდევნო წლებში ინვესტიციების მოცულობა კვლავ გაიზარდა და 2022 წელს ბოლო 14 წლის (2012-2025) მაქსიმუმს მიაღწია. ამავე წელს ინვესტიციების წილი მშპ-ში 9% იყო, რაც 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2023-2024 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები როგორც აბსოლუტურ მაჩვენებელში, ისე მშპ-სთან მიმართებით შემცირდა. 2025 წელს ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით კვლავ გაიზარდა, თუმცა ინვესტიციების უდიდესი ნაწილი, წინა წლის მსგავსად, კვლავ რეინვესტირება იყო.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 22%-ით, 750 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. აღნიშნული კლება რეინვესტიციების მკვეთრ შემცირებას უკავშირდება.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2021-2025 წლების საშუალო მაჩვენებლით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მშპ-ში 6%-ზე მეტია, რაც ირაკლი კობახიძის განცხადებას ამ ნაწილში ადასტურებს. თუმცა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება. 2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მშპ-ში 4.7%-მდე, 2025 წელს კი 4.3%-მდე დაეცა. პანდემიის პერიოდის გამოკლებით, ეს ბოლო 14 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია.

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა (მლნ აშშ დოლარში) და მათი წილი მშპ-ში (%)

წყარო: საქსტატი; მსოფლიო ბანკი

რეინვესტიცია

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები.

საქართველო 2017 წლის 1 იანვრიდან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე გადავიდა, რომლის მიხედვითაც, საწარმოს მიერ მიღებული და გაუნაწილებელი მოგება, როგორც წესი, არ იბეგრება, რაც კომპანიებს მოგების ბიზნესის განვითარებასა და გაფართოებაში რეინვესტირების შესაძლებლობას აძლევს. მოგების გადასახადის სტანდარტული განაკვეთი 15%-ია. საგადასახადო ვალდებულება წარმოიშობა მოგების განაწილებისას და საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სხვა დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში.

ესტონური მოდელი ყველა სექტორზე არ ვრცელდება: საბანკო დაწესებულებების დასაბეგრი მოგება 20%-ით იბეგრება. ამ სუბიექტების ესტონურ მოდელზე გადასვლა თავდაპირველად 2019 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა 2022 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ესტონური მოდელი, როგორც საშეღავათო მექანიზმი, საბანკო სექტორს არ შეეხებოდა.

ესტონური მოდელი დადებითად აისახა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და რეინვესტირების მაჩვენებელიც მკვეთრად გაიზარდა. კერძოდ, თუ 2014 წელს რეინვესტირების მაჩვენებელი 17.6%-ს შეადგენდა, 2015 წელს - 9.2%-ს, 2016 წელს კი - 18.8%-ს. 2017-2018 წლებში რეინვესტირების მაჩვენებელმა 31%-ს და 32%-ს გადააჭარბა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში რეინვესტიციის წილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიან მოცულობაში 80%-ს აჭარბებდა. კერძოდ, 2024 წელს მან 84.6%, ხოლო 2025 წელს 82.5% შეადგინა. 2026 წლის პირველი ორი კვარტალის მონაცემებით, რეინვესტიციების მაჩვენებელი 60%-მდე შემცირდა.

თავისთავად, რეინვესტიციის მაღალი მაჩვენებელი უარყოფით მოვლენას არ წარმოადგენს, ის მიუთითებს, რომ საქართველოში მოქმედი უცხოური საწარმოები მიღებული მოგების მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყანაში კვლავ აბანდებენ. თუმცა, პრობლემაა ახალი ინვესტორების მოზიდვისა და კაპიტალისა შემოდინების სიმცირე.

გრაფიკი 2: რეინვესტიციის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში

წყარო: საქსტატი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით

2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის ნახევარზე მეტი სამ უმსხვილეს სექტორზე - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავი ქონება, ვაჭრობა, მოდის. მათმა წილმა საერთო მოცულობის 56.8% შეადგინა.

ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა. აქ 633.2 მლნ აშშ დოლარი ჩაიდო, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 33.3%-ია. სხვა სიტყვებით, ქვეყანაში შემოსული ყოველი სამი დოლარიდან დაახლოებით ერთი ამ სექტორში აღმოჩნდა.

მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია, სადაც 254.7 მლნ აშშ დოლარი (13.4%) განთავსდა. მესამეზე კი ვაჭრობა 191.1 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი მოცულობის 10.1%-ს შეადგენს.

წლების მიხედვით დინამიკა აჩვენებს, რომ საფინანსო და სადაზღვევო სექტორი სტაბილურად წამყვანი პოზიციას იკავებს. მეორე და მესამე ადგილებზე კი სექტორები წლიდან წლამდე იცვლებიან. (იხილეთ ცხრილი 1). საფინანსო და სადაზღვევო სექტორი წამყვან პოზიციას 2026 წელსაც ინარჩუნებს.

ცხრილი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება ეკონომიკის სექტორების ჭრილში, 2019-2025 წლებში

წყარო: საქსტატი

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები

2025 წლის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა, რომლის ინვესტიციებმა 426.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და მთლიანი მოცულობის 22.4% დაიკავა. მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს 214.4 მლნ დოლარით (11.3%), მესამეზე კი თურქეთია 202.4 მლნ დოლარით (10.6%). ჯამურად, ამ სამი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.4% შეადგინა.

2019–2025 წლების დინამიკა აჩვენებს, რომ საქართველოს უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის გაერთიანებული სამეფო სტაბილურად ლიდერობს. რაც შეეხება სხვა უმსხვილესი ინვესტორ ქვეყნებს მათი პოზიციები წლების განმავლობაში იცვლებოდა. (იხილეთ ცხრილი 2).

გაერთიანებული სამეფოს ლიდერობა საქართველოს უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის, მნიშვნელოვანწილად, საფინანსო სექტორთან არის დაკავშირებული. ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს წამყვანი ბანკების აქციებით ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობაა.

ცხრილი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით, 2019-2025 წლებში

წყარო: საქსტატი

საქართველოს პოზიცია საერთაშორისო რეიტინგში

მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინებამ მშპ-ის 4.34% შეადგინა. ამ მაჩვენებლით საქართველო 184 ქვეყანას შორის 43-ე ადგილს იკავებდა.

2021–2025 წლების მონაცემების მიხედვით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინება წლიურად საშუალოდ მშპ-ის 6,35%-ს შეადგენდა. ამ ხუთწლიანი საშუალო მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს 184 ეკონომიკას შორის 29-ე ადგილზეა. (გამოთვლაში მონაწილეობდა მხოლოდ ის ქვეყნები, რომელთა 2025 წლის მონაცემებიც ცნობილია).

გრაფიკი 3: საქართველოს პოზიცია გლობალურ რეიტინგში, FDI-ს წილი მშპ-ში (%), 2021-2025 წლების საშუალო მაჩვენებელი

წყარო: მსოფლიო ბანკი

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ 2021-2025 წლებში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მშპ-ში საშუალოდ 6.3%-ს შეადგენდა და ამ მაჩვენებლით ქვეყანა 184 ეკონომიკას შორის 29-ე ადგილს იკავებდა, ბოლო წლებში FDI-ის წილი მშპ-ში შემცირდა და 2025 წელს 4.3% შეადგინა, გლობალურ რეიტინგში კი 43-ე ადგილი დაიკავა.

ინვესტიციების მთლიან მოცულობაში რეინვესტიციის მაღალი წილი აჩვენებს, რომ FDI მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოში უკვე მოქმედი უცხოური საწარმოების მიერ მიღებული მოგების ხელახალ დაბანდებაზე. 2026 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაც სწორედ რეინვესტიციის კლებას უკავშირდება.

წლების განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში წამყვან როლს საფინანსო და სადაზღვევო სექტორი ასრულებს, რომელმაც 2025 წელს მთლიანი FDI-ის დაახლოებით მესამედი მოიზიდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“სებ-ი თავის ფუნქციას არ ასრულებს” - რატომ აქვს კრიპტობიზნესს “შავი ფულის” იმიჯი საქართველოში?|ნიკა ალავიძის მოსაზრება

“სებ-ი თავის ფუნქციას არ ასრულებს” - რატომ აქვს კრიპტობიზნესს “შავი ფულის” იმიჯი საქართველოში?|ნიკა ალავიძის მოსაზრება

BM.GE

ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის საქმეზე "გამოძიება გრძელდება" - რა იციან უწყებებმა ერთი თვის შემდეგ?

ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის საქმეზე "გამოძიება გრძელდება" - რა იციან უწყებებმა ერთი თვის შემდეგ?

BM.GE

Keystone Agro წარმოების გაფართოებას გეგმავს - კომპანიამ სეზონზე 800 ტონამდე მოცვის მოსავალი მიიღო

Keystone Agro წარმოების გაფართოებას გეგმავს - კომპანიამ სეზონზე 800 ტონამდე მოცვის მოსავალი მიიღო

BM.GE

JPMorgan-მა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებაში $5 მილიარდი დააბანდა

JPMorgan-მა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებაში $5 მილიარდი დააბანდა

BM.GE