
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არ აკონკრეტებს რატომ ჭიანურდება ფოთის პორტის გაფართოების პროექტი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ამბობს, რომ საპორტო გამტარუნარიანობის ზრდასთან დაკავშირებით კერძო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობენ. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს BMG-ის კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
BMG დაინტერესდა, რატომ ჭიანურდება ფოთის პორტის გაფართოების პროექტი და როდის შეიძლება იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, რაზეც მინისტრის მოადგილემ კონკრეტული პასუხი არ გასცა.
"ჩვენ კერძო სექტორთან აქტიურად ვთანამშრომლობთ იმისათვის, რომ მათ გამტარუნარიანობა გაიზარდოს. შესაბამისად, თქვენ იცით, რომ APM Terminals-მა მიიღო გადაწყვეტილება და გადაიარაღებაში შესაბამის ინვესტიციებს განახორციელებს. ამას ახორციელებს, რა თქმა უნდა, ტექნიკურ მარეგულირებელთან შესაბამისი კოორდინაციით.
ასევე ფართოვდება ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური, მეორე ფაზა უკვე დაგეგმილია. ჩვენ საზღვაო მიმართულებით დამატებითი სიმძლავრეები დაგვემატება. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორთან. კერძო-საჯარო თანამშრომლობის კარგი მაგალითია აღნიშნული და ჩვენ ამ მიმართულებით გამოწვევებს ვერ ვხედავთ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
შეგახსენებთ, ფოთის პორტის გაფართოების $300-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის საკითხი, რაზედაც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-სა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაცია 2018 წლიდან მიმდინარეობს, ამ დრომდე ღიაა.
“ფოთის საზღვაო ნავსადგურის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზვიად ჩხარტიშვილმა "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა ფოთის პორტის გაფართოების საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტროსგან მოლაპარაკებების მზაობა არსებობს.
"შევთანხმდით, რომ წლის ბოლომდე აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ გრძელვადიან მიზნებს, იმიტომ რომ ლიმიტის ზღვარზე მივდივართ. ეკონომიკის სამინისტროც მზად არის, რომ დავსხდეთ და უკვე გრძელვადიან მიზნებზე - რასაც ჰქვია ფოთის პორტის გაფართოების პროექტი - დავუბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდას", - ამბობს ზვიად ჩხარტიშვილი.
"ლიმიტის ზღვარზე მივდივართ" - APM Terminals Poti გაფართოების საჭიროებაზე საუბრობს
BM.GE
წყარო: bm.ge