"ეკონომიკური დასაბუთება საკმაოდ მწირია" - ბიზნესი ინფორმაციას ითხოვს, რატომ იქმნება სახელმწიფო კომპანია|ინტერვიუ
BM.GE|bm.ge
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ბიზნესმა ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მოითხოვა „დამატებითი ინფორმაცია“ იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა მთავრობამ საერთაშორისო გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნა. „ფინანსურ-ეკონომიკური დასაბუთების ნაწილი საკმაოდ მწირია“, - განაცხადა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გიორგობიანმა. მან არ დამალა, რომ ინფრასტრუქტურის ბიზნესმა მთავრობის გეგმის შესახებ მედიიდან შეიტყო - მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით დასამტკიცებლად შევიდა.
„წერტილთან“ ინტერვიუში ირაკლი გიორგობიანმა ისაუბრა იმ კითხვებზე, რომლებიც დღეს ბიზნესში აქვთ და იმედი გამოთქვა, რომ ეს შეკითხვები პარლამენტშიც დაისმება. „ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სამინისტროსთან და მარტო იმიტომ, რომ ეს ერთი ინიციატივა სიურპრიზად მივიღეთ, ნუ გავხდებით ზედმეტად კრიტიკულები“, - თქვა მან. ირაკლი გიორგობიანმა დიპლომატიური ტონით უპასუხა პრემიერ ირაკლი კობახიძის კრიტიკას, რომელიც კერძო კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხს უკავშირდებოდა: „რა ღირებულებასაც იხდიდა სახელმწიფო, იმ ხარისხის პროდუქტსაც იღებდა“, - აღნიშნა მან.
მთავრობა ₾63 მილიონით გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანიას ქმნის - კანონპროექტი პარლამენტშია
განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ დოკუმენტის მომზადების პროცესში ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონსულტაცია არ გაუვლია არც - სახელმწიფო, არც - არასახელმწიფო და არც საერთაშორისო ორგანიზაციებთან; არც სამუშაო ჯგუფი შექმნილა. სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე კი სულ რამდენიმე წინადადება წერია - აღნიშნულია, რომ გაანალიზდა ევროპული პრაქტიკა, სადაც გზებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სუბიექტები უვლიან.
რატომ იქმნება გზების მოვლისთვის სახელმწიფო კომპანია?|ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტება/არგუმენტები
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გზების მოვლა-შეკეთებას სახელმწიფო კომპანია კერძოზე უკეთ შეძლებს
ინტერვიუ ირაკლი გიორგობიანთან
- ბოლო პერიოდში, ინფრასტრუქტურის ბიზნესის დარგის წარმომადგენლებთან - არაერთ პრობიზნესურ რეფორმაზე გვისაუბრია, რომლებიც სამინისტროს მხრიდან დაანონსდა, და ბიზნესიც არ იშურებდა მადლობას მთავრობის მისამართით. პირდაპირ გვითხარით: ხდება თუ არა სახელმწიფო ბიზნესის კონკურენტი სახელმწიფო კომპანიის შექმნით?
- პირველ რიგში, აღნიშნულ თემას მე უფრო შევაფასებდი როგორც ინიციატივას და არა - როგორც კონკრეტულ [გადაწყვეტილებას].
- სახელმწიფო კომპანიის შექმნის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა ოფიციალურად არის წარდგენილი პარლამენტში, თან დაჩქარებული წესით განიხილება…
- დიახ… მე გავეცანი წარდგენილ დოკუმენტაციას, თუმცა მასში მოცემული ინფორმაცია არასაკმარისია იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურის ასოციაციამ კონკრეტული შეფასება მისცეს, რამდენად სწორად ან კარგად არის დასაბუთებული ეს ინიციატივა. შესაბამისად, ჩვენ მიერ მოთხოვნილი იყო იმ დამატებითი ინფორმაციის გაზიარება, რომლის საფუძველზეც მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, ამ დეტალებში შესვლის შემდეგ საბოლოო პოზიციას ჩამოვაყალიბებთ.
- რა ინფორმაციის გაზიარებას მოითხოვთ სამინისტროსგან - რა დაგაკლდათ? კანონპროექტს ახლავს განმარტებითი ბარათი, მაგრამ რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი და ანალიზი - არა…
- დიახ, ფინანსურ-ეკონომიკური დასაბუთება არ ახლავს; არ ახლავს ხარჯთსარგებლიანობის შედარება დღევანდელ მოცემულობასთან. მნიშვნელოვანი და საინტერესოა, არსებულ პირობებში, ტექნიკური დავალებები რამდენად ითვალისწინებდა ხარისხობრივ მაჩვენებელს, ან მომავალში რა იქნება და როგორ უნდა შეფასდეს ამა თუ იმ კომპანიის მოვლა-პატრონობის საქმიანობა. მოკლედ, ბევრი კითხვაა ამასთან დაკავშირებით. იგივე საინვესტიციო თანხა - 63 მილიონი ლარი, [რომლითაც 129 ერთეული ტექნიკა უნდა შეიძინოს სახელმწიფო კომპანიამ] - საინტერესოა, რისგან შედგება, თუმცა, მოდით, ეს ასე შევაფასოთ: ცალსახად მივესალმები იმას, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს იმ უზარმაზარ ინვესტიციაზე, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელდა, და დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმას, რომ ამ ინფრასტრუქტურას მოვლა-პატრონობა სჭირდება. მოგეხსენებათ, ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას და სხვათა შორის, მინდა, ყურადღება მივაქციო იმასაც, რომ ახალგამოცხადებულ ტენდერებში, მათ შორის თბილისის შემოვლითი გზის ტენდერში, პრეტენდენტის ანაზღაურებად ნაწილში შევა (მას შემდეგ, რაც პროექტის რეალიზებას მოახდენენ) გარკვეული პერიოდი, როდესაც იქნება დეფექტების აღმოფხვრისა და მართვის ეტაპი. სწორედ ამ პერიოდში, შემსრულებელი კომპანია თავად უზრუნველყოფს მის მიერ შესრულებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას და ამაში დამატებით გასამრჯელოს მიიღებს. ეს ცალსახად კარგი ინიციატივაა, სწორი პრაქტიკაა, რადგან მშენებლობის დასრულების შემდეგ, როდესაც დეფექტების პერიოდი დგებოდა, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ობიექტის არასწორი მოვლა-პატრონობის გამო, პასუხისმგებლობა მაინც შემსრულებელს ეკისრებოდა, რაც არასწორი იყო. აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივაში ცალსახად მივესალმები სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილ ყურადღებას მოვლა-პატრონობის მიმართ, თუმცა ეკონომიკური დასაბუთების ნაწილი მოცემულ დოკუმენტაციაში საკმაოდ მწირია, რის გამოც დამატებითი ინფორმაცია მოვითხოვეთ. იმედი მაქვს, გაგვიზიარებენ და ამის შემდეგ უკვე საბოლოო, დასაბუთებული პოზიცია გვექნება.
- დაახლოებით, რა ვადაში დაგპირდათ სამინისტრო ამ ინფორმაციის გაზიარებას? კანონპროექტი დაჩქარებული ვადით განიხილება, ამიტომ მისი მიღება ძალიან სწრაფად ხდება.
- ბოლო პერიოდში, მთავრობის მხრიდან გარკვეულ ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთი ინიციატივა განხორციელებულა და ჯანსაღი დისკუსიის შედეგად მსგავსი გადაწყვეტილებების გადახედვაც მომხდარა ან მათში კორექტირება შეუტანიათ. შესაბამისად, ვიმედოვნებ, ამ კონკრეტულ ნაწილშიც შევძლებთ დასაბუთების მიღებას, ხოლო თუ რაღაც კონკრეტულ პოზიციებზე ვერ დავემთხვევით, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღება.
- დარგის წარმომადგენლებმაც მედიიდან შეიტყვეთ, რომ მთავრობამ გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნა გადაწყვიტა?
- დიახ, მეც მედიიდან გავიგე მას შემდეგ, რაც პროექტი პარლამენტში შევიდა, თუმცა მანამდე მქონდა ინფორმაცია, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობდა, რათა მაქსიმალურად გაზრდილიყო ხარისხი მოვლა-პატრონობის კუთხით. იყო გარკვეული გამოწვევები, რომლებიც ჩემთვის ცნობილი იყო, მაგრამ ის, რომ სახელმწიფო კომპანიის შექმნის ინიციატივა არსებობდა, ამაზე ინფორმაცია არ მქონია.
- პრემიერს მიაჩნია, რომ სახელმწიფო კომპანია კერძოზე უფრო ხარისხიანად შეასრულებს სამუშაოებს და თან უფრო იაფადაცო - ეთანხმებით მას?
- „იცით რა არის?! გააჩნია, როგორ შევხედავთ. თუ ფულს ღირებულებას არ მივანიჭებთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მაგალითისთვის რომ ვთქვათ, სახელმწიფო გაცილებით იაფად განახორციელებს, მაგრამ მე ასეთი კითხვა მიჩნდება: როდესაც საუბარია გორი-არგვეთას ამონაკვეთზე, ახალ ავტობანზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მუშაობს... აი, ამ საკანონმდებლო ინიციატივის დასაბუთების დოკუმენტაციას თუ ვნახავთ, იქ ჯამში, თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით, 17 მილიონი ლარით არის შეფასებული ის ნაწილი, რომელიც უნდა მოხმარდეს SCADA-ს სისტემას [შემოკლებული ზედამხედველობის კონტროლი და მონაცემთა შეგროვება] ვიდეომონიტორინგს, GPS-ს და 24-საათიან მართვას. მე უბრალოდ მაქვს კითხვა: რამდენი წელია ეს გზა არსებობს?! დამკვეთს ამ შემთხვევაში ბევრად მეტი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ თავის დროზე მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება ამ გზის მოვლა-პატრონობის თაობაზე.
- რას გულისხმობთ?
- როდესაც კონტრაქტი გავაფორმეთ და დავიწყეთ ამ ობიექტის მშენებლობა, რა თქმა უნდა, დავგეგმეთ მისი დასრულება, შემდგომ გადაცემა, ოპერირება და მართვა. შესაბამისად, საკმარისზე მეტი დრო იყო იმისთვის, რომ ახლა ასეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში არ აღმოვჩენილიყავით და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით მსგავსი მოულოდნელი ინიციატივები არ წამოსულიყო, ამის თქმა მინდა. შესაბამისად, როდესაც ეფექტურობას ვაფასებთ - ეს ეფექტურობა როგორ უნდა გავზომოთ და რას უნდა შევადაროთ, ჩემთვის უცნობია. ყოველ შემთხვევაში, რაც დოკუმენტიდან იკითხება, ამ 63 მილიონს უნდა დავუმატოთ კიდევ 30 მილიონი საოპერაციო ხარჯი (operational cost). ანუ ავდივართ სადღაც 100 მილიონ ლარამდე და მისი უკუგება რეალურად, დოკუმენტის მიხედვით, სადღაც 10 წელია. ცალსახად გეუბნებით, რომ ეკონომიკური აგენტისთვის 10 წელიწადი ფაქტობრივად არის ის პერიოდი, როდესაც მოძრავ ტექნიკაში განხორციელებული 63-მილიონიანი ინვესტიცია 10 წლის თავზე სრულად ამორტიზებული იქნება…
- რისი თქმა გსურთ - მოდელი, რომელიც სახელმწიფო კომპანიის შექმნას გულისხმობს, არაეფექტიანია?
- მარტივი შედარება გავაკეთოთ, თუ რა ხდება ეფექტურობის ნაწილში. მაგალითად, კერძო კომპანია არ ექცევა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის ქვეშ, ხომ?! ამიტომ მას თავისი საოპერაციო შესყიდვების მართვა გაცილებით ეფექტურად შეუძლია, ვიდრე სახელმწიფოს, რომელიც ამ კანონის ფარგლებშია - უნდა დაიცვას ხანგრძლივი პროცედურები და ა.შ. აი, ეს არის პირდაპირი განსხვავება მათ შორის და კიდევ ერთი: როდესაც ბიუროკრატი უშვებს შეცდომას, ამ შეცდომაში ფულს იხდის გადასახადის გადამხდელი, ხოლო როდესაც კერძო ოპერატორი/კომპანია უშვებს შეცდომას, ამ შეცდომაში ფულს თავად იხდის. შესაბამისად, კერძო სუბიექტის და ეკონომიკური აგენტის მთელი მოტივაციაა, რომ გაცილებით ეფექტურად იმუშაოს, მოახდინოს ხარჯების სწორი ოპტიმიზაცია და სამუშაო ისე დაგეგმოს, რომ მაქსიმალური უკუგება მიიღოს თავის კაპიტალზე. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ სახელმწიფოს გათვლებში კაპიტალს ფულადი ღირებულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არანაირი დისკონტირების განაკვეთი არ მონაწილეობს (არადა, დარწმუნებული ვარ, უნდა მონაწილეობდეს, რადგან, თუ სწორად მახსოვს, ფინანსთა სამინისტროსა და IMF-ს აქვთ სწორი მეთოდოლოგია, რომლითაც ითვლიან ნებისმიერ კაპიტალურ ინვესტიციას, იქნება ეს სახელმწიფო საწარმო თუ ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც უნდა შეფასდეს მიზანშეწონილობის მოდელით, მსოფლიო ბანკისა და IMF-ის გაიდლაინებით)... მსგავსი დოკუმენტი, სიმართლე გითხრათ, დასაბუთებაში ვერ ვნახე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ამ ინიციატივას ვერ შევაფასებ, რადგან მოცემული ინფორმაცია იმდენად მწირია, რომ დასკვნის გაკეთება ძალიან მიჭირს. იმედი მაქვს, დამატებითი ინფორმაცია გაზიარებული იქნება და შემდგომ ჩვენი შეფასება უფრო საგნობრივი და დეტალებზე დაფუძნებული გახდება.
- იმ კანონპროექტის საფუძველზე, რომელიც უკვე პარლამენტშია, როგორც ვხვდები, მთავრობის გეგმით - შექმნას სახელმწიფო კომპანია - დარგში აშკარად არ ხართ ბედნიერები, ხომ?
- მოდით ასე ვთქვათ: ჩემი ბედნიერება ხომ არ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი?!
- ბედნიერებაში ვგულისხმობ იმას, რომ პირდაპირ ვისაუბროთ: ხდება თუ არა სახელმწიფო კერძო სექტორის კონკურენტი და რამდენად შეძლებთ, კონკურენცია გაუწიოთ სახელმწიფოს?
- ცოტა სხვანაირად შევხედავ ამ ყველაფერს. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში არაერთხელ მითქვამს, რომ ეს სექტორი ნომინალში ორჯერ გაიზარდა, თუმცა სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს თუ ვნახავთ, სექტორში ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიციები მცირდება. შესაბამისად, ამ და სხვა დამატებით სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ არაერთი ინიციატივით მივმართეთ სახელმწიფოს, რომლითაც ვადასტურებდით, რომ სექტორში კაპიტალის ფორმირება არ ხორციელდებოდა. სწორედ ეს გარემოება ქმნიდა როგორც ხარისხობრივ, ისე ვადების პრობლემას და ა.შ. შესაბამისად, ბოლო დროინდელი ინიციატივები და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენ აღნიშნეთ და ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვნად იქნა მოწონებული, გადადგმულია იმისთვის, რომ სექტორი გაჯანსაღდეს, გახდეს უფრო საინტერესო ინვესტორებისა და კერძო კომპანიებისთვის, შეიქმნას ჯანსაღი კონკურენცია და კაპიტალისთვის მიმზიდველი გახდეს. ანუ, აქედან გამომდინარე, ვთანხმდებით იმაზე, რომ ბოლო პერიოდში გვქონდა ცუდი პრაქტიკა, სადაც კერძო კომპანიები კაპიტალის ფორმირებას ვერ ახდენდნენ, რადგან მოგების გენერირებას ვერ ახორციელებდნენ. ამიტომ, იმისათვის, რომ ეს ინიციატივა შევაფასო, პირველ რიგში, მინდა სწორად განვსაზღვროთ: როდესაც არსებულ მოდელთან და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ხარისხობრივი პრობლემები დგება, რამდენად სწორად არის ტექნიკური დავალება მიცემული? და თუ იგივე ტექნიკური დავალებით უნდა მოხდეს შეფასება, აი, შეფასების კრიტერიუმი როგორ განისაზღვრება - ეს ეფექტურია, უკეთესია თუ არა?! ამაზე პასუხი ჯერ არ მაქვს. კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნო: ეს სექტორი, ინფრასტრუქტურა და ჩვენს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. საერთაშორისო პრაქტიკაზე როცა ვსაუბრობთ, წლების წინ ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი ქვეყანა ერთი საზღვრიდან მეორემდე სიგრძეში სულ რაღაც 600 კილომეტრია. ჩვენ შეგვეძლო აგვეშენებინა ეს 600 კილომეტრი რეგიონში ყველაზე მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურით, რომელიც თავის მხრივ დამატებითი მიზიდულობის ცენტრი (ატრაქცია) გახდებოდა ჩვენი ისედაც არაჩვეულებრივი ბუნებისა და გარემოს პირობებში. თუმცა, სამწუხაროდ, აქამდე ჩვენთვის (სახელმწიფოს, ყველას, მათ შორის მოქალაქეებსაც) ფასი იყო უპირატესი. რატომღაც გვეგონა, რომ იაფად ხარისხიან პროდუქტს მივიღებდით. დღეს კი უკვე მივედით განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახდა ხარისხი და არა ფასი.
- პრემიერმა განაცხადა, რომ კერძო სექტორის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხით ხშირად კმაყოფილი არ ვიყავითო და ჰგონია, რომ სახელმწიფო უკეთესად შეასრულებს, თუმცა მხოლოდ „მგონიაზე“ ალბათ სახელმწიფო კომპანიები არ უნდა იქმნებოდეს…
- ჩემი პასუხი შესაბამისია: რა ღირებულებასაც იხდიდა სახელმწიფო, იმ ხარისხის პროდუქტსაც იღებდა.
- ერთი კითხვაც საერთაშორისო გამოცდილებაზე - ევროპულ პრაქტიკაზე ძალიან გაკვრით წერია განმარტებით ბარათში, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. თქვენი აზრით, გზების მოვლა-შენახვის რომელი მოდელი მოგვერგებოდა, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ თავად შექმნას კომპანია… ბევრ ევროპულ ქვეყანაში, რასაც გავეცანი, სახელმწიფო აცხადებს 5-10 წლიან ტენდერს გზების მოვლა-შენახვაზე და მას კერძო კომპანიები იგებენ.
- საერთაშორისო პრაქტიკას თუ ავიღებთ, მაგალითად გერმანიაში, ვნახავთ, რომ ავტობანების უმრავლესი ნაწილი კონცესიების ანუ იმ კერძო კომპანიების საკუთრებაა, რომლებმაც გზები თავიანთი კაპიტალით ააშენეს, თავად ოპერირებენ და გადასახადსაც იღებენ, თუმცა ჩვენთან სხვა რეალობაა. გასაგებია, რომ რაღაცის პირდაპირ გადმოღება ყოველთვის არ მუშაობს. მე პირადად ვფიქრობ, რომ არც დღეს და არც ხვალ არ არის გვიან - თანამედროვე, განვითარებულ ქვეყნებში ინფრასტრუქტურა აღარ შენდება უბრალო ტენდერების გზით, მას აშენებს კერძო კაპიტალი, შესაბამისად მართავს კიდეც მას, და ამ კომპანიების კაპიტალიზაცია მილიარდებს შეადგენს.
- რეალობას რომ დავუბრუნდეთ: გორი-არგვეთას მონაკვეთი უკვე აშენებულია და ამ 105-კილომეტრიანი გზის პირველ ეტაპზე მოვლა-შენახვისთვის ვქმნით ამ კომპანიასო. თქვენი აზრით, რა მოდელი იქნებოდა ყველაზე პრაქტიკული და გამოყენებადი საქართველოში, ნაცვლად სახელმწიფო კომპანიის შექმნისა?
- ვფიქრობ, ინფრასტრუქტურული სექტორი არაჩვეულებრივი პლატფორმაა იმისთვის, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი კაპიტალი შემოიყვანო და დააბანდო, თუმცა, იმისათვის, რომ ინვესტორმა ამხელა ინვესტიცია განახორციელოს, ერთი მარტივი კითხვა მაქვს: წინა ტენდერებში თუ არსებულ კონტრაქტებში იყო თუ არა მსგავსი ინვესტიციის განხორციელება მოთხოვნილი ტექნიკურ დავალებაში? - არ იყო. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფრისთვის უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. ამ ინიციატივის შესაფასებლად იმდენად მწირი ინფორმაცია მაქვს, რომ ვერც ერთს გეტყვით და ვერც მეორეს.
- მწირ ინფორმაციას ამას იმიტომ ვეღარ ვუწოდებთ, რადგან კანონპროექტია და უკვე პარლამენტშია. როგორ ფიქრობთ, რატომ მოგიწყვეს ინფრასტრუქტურის ბიზნესს ეს სიურპრიზი? ბოლო თვეებში ვაკვირდებოდი და რევაზ სოხაძე ერთ-ერთი მინისტრი იყო, რომელიც ყველაზე ხშირად ხვდებოდა დარგის წარმომადგენლებს და პრობლემა არ ჰქონია. ეს თემა კი პირდაპირ პარლამენტში აღმოჩნდა…
- მოდით, ასე ვთქვათ: ბატონ რევაზ სოხაძესთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და მარტო იმიტომ, რომ ეს ერთი ინიციატივა სიურპრიზად მივიღეთ, ნუ გავხდებით ზედმეტად კრიტიკულები. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო მოსმენების დონეზე ის კითხვები, რომლებიც ამ წუთს ბიზნესს აქვს, აუცილებლად გაჟღერდება. ამ კითხვებზე პასუხების წარდგენა სამინისტროს მოუწევს და სწორედ ამ დისკუსიის შედეგად მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება.