
ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?
მომავალ კვირას ინვესტორთა და მედიის ყურადღების ცენტრში Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე მსოფლიოს უმსხვილესი სტარტაპის, SpaceX-ის დებიუტი იქნება. ანალიტიკოსების შეფასებით, ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის IPO-ს მოცულობა თითქმის 2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც ისტორიული რეკორდი იქნება და ილონ მასკს მსოფლიოს ისტორიაში პირველ ოფიციალურ ტრილიონერად აქცევს.
გარდა ამისა, მომავალი კვირა განსაკუთრებით დატვირთული იქნება Apple-ისთვის, რომელმაც WWDC 2026-ზე ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, სრულყოფილი Apple Intelligence და ახალი პროდუქტები უნდა წარმოადგინოს.
აწ უკვე ტრადიციულად, მომავალ კვირას ყურადღების ცენტრში ისევ აშშ-ირანის მოლაპარაკების პროცესი და ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხი იქნება. მართალია, მხარეებს შორის გარკვეული პროგრესი მიღწეულია და რიგ საკითხებზე შეთანხმებაც არის, თუმცა რამდენიმე პრობლემა ჯერაც გადაუჭრელი რჩება, რაც პროცესს აჭიანურებს და რისკებს ზრდის.
გარდა ამისა, მომდევნო დღეებში გავეცნობით აშშ-ის ინფლაციურ სტატისტიკას და უმუშევრობის მაჩვენებლებს, რომელზედაც FED-ის მომავალი გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული.
აგრეთვე, მომავალ კვირას მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპის ცენტრალური ბანკი. ექსპერტების შეფასებით, ECB-ის მხრიდან განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა არის მოსალოდნელი.
გარდა ამისა, წინა კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს შემდეგი მსხვილი კომპანიები გაგვაცნობენ: Oracle, Adobe, Ferrovial, Lennar, Trip.com, Caseys General და Ecopetrol.
რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:
• მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის I კვარტალი) • პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2026 წლის I კვარტალი, წინასწარი) • სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მაისი) • მუზეუმების სტატისტიკური გამოკვლევა (2025 წელი) • თეატრების სტატისტიკური გამოკვლევა (2025 წელი)
BM.GE
წყარო: bm.ge