
ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?
მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ევროპის რეგიონი იქნება, რადგან ეკონომიკური გაერთიანების წამყვანმა სახელმწიფოებმა მშპ-ის ზრდასთან და ინფლაციასთან დაკავშირებით უახლესი მონაცემები უნდა წარმოადგინონ. რაც მთავარია, მომდევნო დღეებში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელსაც ინვესტორები განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდებიან, რადგან ECB-ის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის ზრდა არის მოსალოდნელი.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ ინფლაციასთან დაკავშირებით უახლეს ტენდენციას გავეცნობით რომელიც სრულად განსაზღვრავს FED-ის სამომავლო გადაწყვეტილებას. თუ ინფლაცია მოსალოდნელზე ნაკლები იქნება, ეს არსებული მონეტარული რეჟიმის შენარჩუნების შესაძლებლობას გააჩენს და თუ CPI მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდება, მაშინ ფედერალურ რეზერვს იძულებით მოუწევს განაკვეთის გაზრდა.
საკმაოდ დატვირთული კვირა ელის ჩინეთსაც, რომლის სტატისტიკის სამსახური ვაჭრობასთან დაკავშირებით უახლეს მონაცემებს წარმოადგენს. ამასთან, დაგეგმილია ინფლაციური სტატისტიკის განახლება და ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა.
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ტრადიციულად, ყურადღების ცენტრში რჩება ახლო აღმოსავლეთის რეგიონი და აშშ-ირანის მოუგვარებელი კონფლიქტი, რომელიც ენერგეტიკული რესურსების მკვეთრ გაძვირებას და ბაზარზე რისკების ზრდას იწვევს.
ცხადია, არ უნდა გამოგვრჩეს კორპორაციული სექტორიც, რადგან მსხვილი კომპანიები თავიანთი კვარტალური შედეგების გამოქვეყნებას გეგმავენ, მათ შორის იქნებიან: Oracle, Adobe, Copart, Kroger, Sunbelt, Caseys General და SailPoint Company.
რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:
• მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2026 წლის ივლისი) • მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის II კვარტალი) • პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2026 წლის II კვარტალი, წინასწარი) • სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის აგვისტო) • ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები (დაბადება, გარდაცვალება, ქორწინება, განქორწინება, 2026 წლის იანვარი-ივნისი, წინასწარი)
BM.GE
წყარო: bm.ge