
ქონების გადასახადის რეფორმის ამოსავალი წერტილი ფულის რეალური მსყიდველობითი უნარი უნდა იყოს - დავით პაპიაშვილი
აუდიტორული კომპანია „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი მიიჩნევს, რომ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის რეფორმის ამოსავალი წერტილი, ფულის რეალური მსყიდველობითი უნარი უნდა იყოს. როგორც პაპიაშვილი BMG-სთან აცხადებს, დღეს არსებული 40 000-ლარიანი ზღვარი 15 წელზე მეტი ხნის წინ დაწესდა, როდესაც ეს თანხა სოლიდურ შემოსავლად ითვლებოდა და გადასახადსაც მხოლოდ „მდიდარი ადამიანები“ იხდიდნენ. დღეს კი, ინფლაციისა და ფასების ზრდის პირობებში, ეს ნიშნული რეალურ სურათს აღარ ასახავს.
„ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ ადამიანს, რომლის ყოფა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში არსებითად არ გაუმჯობესებულა და მხოლოდ ფასების ზრდასთან ერთად გაეზარდა ნომინალური ხელფასი, გადასახადი არ უნდა შეეხოს. თუ პირი ადრე არ იბეგრებოდა ბინაზე, სახლსა თუ მანქანაზე, ის არც ახლა უნდა დაიბეგროს, რადგან მისი რეალური მსყიდველობითი უნარი არ გაზრდილა“, - აცხადებს დავით პაპიაშვილი BMG-სთან.
მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ქვეყნიდან ოჯახების სარჩენად ემიგრაციაშია წასული, უსამართლობაა მათი დაბეგვრა მხოლოდ იმის გამო, რომ ოჯახის წევრების ჯამურმა შემოსავალმა მოძველებულ ზღვარს გადააჭარბა.
დავით პაპიაშვილი მეორე ზღვარზეც საუბრობს, რომელიც 100 000 ლარს შეადგენს. მისი თქმით, ამ ნიშნულის გადაცილებისას საგადასახადო განაკვეთი საშუალოდ 4-ჯერ ან 5-ჯერ იზრდება (0.2%-დან 1%-მდე), რაც საშუალო ფენისთვის მძიმე ფინანსური ტვირთია. პაპიაშვილის აზრით, ორივე ზღვარი (40 000 და 100 000) დროში განსხვავებული ფულის ღირებულების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
„შარშან პირველად გაჩნდა ნიშნები, რომ მმართველი გუნდი ამაზე დაფიქრდებოდა. მანამდე კატეგორიულ უარს ამბობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეფორმა დიდი ხნის წინ იყო გასატარებელი, როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თუ ამ ნიშნულს რეალურად გაზრდიან, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება“, - ამბობს დავით პაპიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქონების გადასახადის საშეღავათო ზღვრის შესაძლო გაზრდის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობაში ალაპარაკდნენ. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ამჟამად, ახალი ზღვარი ან გადასახადის განახლებული კონფიგურაცია განხილვის პროცესშია და ოთხი შესაძლო მოდელი მუშავდება, რომელიც არსებულ ქონების გადასახადს ჩაანაცვლებს.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით სულ 121 მილიონი ლარი გადაიხადეს. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადახდილ ქონების გადასახადთან შედარებით 30%-ით, ანუ 28.3 მილიონი ლარით მეტი იყო. ქონების გადასახადი სხვა გადასახადებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მეშვეობით გადახდილი თანხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მიიმართება. ქონების გადასახადს იხდიან მოქალაქეები/ოჯახები, თუკი მათი ან მათთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის დასაბეგრი შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება. ქონების გადასახადი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:
• ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 86,073,555 ლარი; • სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 22,303,674 ლარი; • არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 12,406,511 ლარი. • ჯამი - 120,783,740 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირები ქონების გადასახადს ყოველწლიურად 15 ნოემბრამდე იმ შემთხვევაში იხდიან თუ მათი ოჯახის შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება.
ფიზიკური პირების ქონების გადასახადის რეფორმის მოდელი ერთ კვირაში გახდება ცნობილი|კაკაურიძე
BM.GE
წყარო: bm.ge