
ენერგეტიკული ობიექტების გამოსყიდვა ნებისმიერ ფასად უნდა გვიღირდეს - ერეკლე პირველი
ენერგეტიკული ობიექტების გამოსყიდვა ნებისმიერ ფასად უნდა გვიღირდეს - ამის შესახებ BMG-სთან კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, კვლევითი ცენტრის დირექტორი ერეკლე პირველი აცხადებს.
მისი თქმით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-21 პაკეტი, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაოს“ შეეხო, პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს ენერგოსისტემაზე. ერეკლე პირველი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარება ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტების დაბრუნების შესაძლებლობაა. მისი თმით, საქართველომ უნდა გამოიყენოს „აიდიეს ბორჯომის“ მსგავსი მოდელი ან სრულად გამოისყიდოს აქტივები. კაპიტალის მიხედვით გაკეთებული წინასწარი გათვლებით, საუბარია დაახლოებით 125 მილიონ ლარზე.
„ჩვენ, როგორც ქვეყანა, სტრატეგიულად უნდა ჩამოვყალიბდეთ და ვეცადოთ, თვითმყოფადები გავხდეთ. ეს არ არის ისეთი უმნიშვნელო საკითხი - ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ სექტორზე, რადგან მომიჯნავე ქვეყანაზე დამოკიდებულება უნდა შევამციროთ. ის თანხები თუნდაც, რაც მათ კაპიტალში წერია რეალობაში, შეიძლება სხვა საბაზრო ღირებულების აღმოჩნდეს, მაგრამ საბოლოოდ, ეს არ არის იმდენად დიდი და დრამატული ღირებულება საქართველოსთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები სხვას მივანდოთ და კეთილ ნებაზე ვიყოთ დამოკიდებული. ეს არის ის, რაც ალბათ, სტრატეგიულ გადახედვას და გადაწყვეტილებებს იმსახურებს, თუმცა, წლებია გასული და ქმედით ნაბიჯებს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ.
მე თუ მკითხავთ, ეს ნებისმიერ ფასად შეიძლება გვიღირდეს, იმდენად სტრატეგიულ ობიექტზე ვსაუბრობთ. დაახლოებითი კაპიტალი დავთვალეთ - თუ წილის 25-პროცენტიან დაწევაზეა საუბარი, ამის რეალური ღირებულება კაპიტალით თუ ვიმსჯელებთ, დაახლოებით 125 მილიონი ლარია. რეალობაში, შეიძლება სხვა ციფრები იყოს, მაგრამ უნდა გვიღირდეს ყველანაირად, ნაბიჯ-ნაბიჯ შეამცირო სხვისი წილი და გაზარდო საკუთარი წილი“ - აცხადებს ერეკლე პირველი BMG-სთან.
მისივე თქმით, რუსული სახელმწიფო კომპანია საქართველოში ფაქტობრივად, მონოპოლიურ მდგომარეობაშია, რადგან ის აკონტროლებს ენერგიის წარმოებასაც, განაწილებასაც და გაყიდვასაც.
„აქ საუბარია არა მხოლოდ ბიზნესზე, არამედ პოლიტიკურ და სტრატეგიულ ინტერესებზე. როდესაც მეზობელი, არაპროგნოზირებადი ქვეყანა შენს სტრატეგიულ აქტივებს ფლობს, ეს გრძელვადიან მაკროეკონომიკურ რისკებს შეიცავს“, - აცხადებს ერეკლე პირველი. მისივე თქმით, ამ კომპანიების წლიური მოგება მათ კაპიტალთან მიმართებით მცირეა (დაახლოებით 3%), რაც იმის ნიშანია, რომ რუსეთისთვის ეს ობიექტები უფრო პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტია, ვიდრე ეკონომიკური სარგებლის წყარო.
ევროკავშირის შეფასებით, ინტერ რაო რუსეთის ხელისუფლებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სუბიექტად რჩება და ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს. ამიტომ რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში, კომპანია ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანა. Inter RAO-ს საქმიანობა საქართველოში რამდენიმე ენერგეტიკულ აქტივს მოიცავს. რუსული ჰოლდინგი თბილისის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია „თელასის“ აქციების 75%-ს ფლობს ჰოლანდიაში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V-ის მეშვეობით. კომპანიის 24,52%-ს კი ქართველი ბიზნესმენის ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესჰოლდინგი ფლობს.
BM.GE
წყარო: bm.ge