
ენერგოობიექტების მშენებლობა, დაახლოებით, 30%-ით არის გაძვირებული, ეს ბიზნესს "ურტყამს" - გიორგი მირცხულავა
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიის “ბემონის” მმართველი დირექტორი ამბობს, რომ სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას მზარდი ფასები და ენერგოობიექტების მშენებლობის ღირებულების გაძვირება წარმოადგენს.
როგორც გიორგი მირცხულავა BMG-სთან აღნიშნავს, გენერაციის ობიექტების მშენებლობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნადაა გაძვირებული, რასაც სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის სამშენებლო მასალების, ტრანსპორტირების და მუშახელის ანაზღაურების გაძვირება განაპირობებს.
მისივე თქმით, ეს ენერგეტიკის დარგის დეველოპერებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან მათ შორის ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებულ მემორანდუმებში ეს ფაქტორები არაა გათვალისწინებული.
“კომპანია „ბემონი“ არის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია. ჩვენ ვაშენებთ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ენერგეტიკას შეეხება - ეს არის მზის, ქარის, ჰიდრო, გადამცემი ხაზები, ქვესადგურები. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მთლიან სპექტრზე მშენებლობის. სტატისტიკის სამსახურის თუ სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, ასევე ბიზნესსექტორში მონაწილე სუბიექტების მიერ ცხადდება, რომ მშენებლობა არის გაძვირებული. გაძვირებული არის როგორც მასალები, ასევე თვითონ მუშა-ხელის ხარჯები. ეს ერთობლიობაში ნებისმიერ დეველოპერს, ჩვენნაირ სამშენებლო კომპანიას აყენებს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. რომ ავიღოთ ნებისმიერი დეველოპერი, რომელმაც მაგალითად, ორი წლის წინ დაიწყო კვლევები, უკვე მივიდა იმ ეტაპამდე, რომ უნდა დაიწყოს მშენებლობა, უცებ დგება რეალობის წინაშე, რომ მის მიერ გაკეთებული ეკონომიკური გაანგარიშება უკუგების, პოტენციური მოგების, ან რა დაუჯდება მას ინვესტიციები, უკვე აცდენილია რეალობას.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 30%-იანი ან მეტი გაძვირება არის მშენებლობის თვითღირებულებაში. პირობითად, ჰიდროენერგეტიკაში 1 მეგავატის აშენება თუ ჯდებოდა 1.2-1.5 მლნ დოლარი, ახლა ეს 2-2.5 მლნ დოლარიც კი შეიძლება იყოს. ხელფასიც რომ ავიღოთ ყველაზე დაბალკვალიფიციური მუშა ხელის, მისი ხელფასი თითქმის გაორმაგდა. ამიტომ, ერთობლიობაში რომ ავიღებთ ამ ხარჯებს, მინიმუმ 30%-ითაა გაძვირებული, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მეტადაც, გააჩნია რეგიონს, გააჩნია სიძნელეს და ა.შ.”, - აღნიშნა გიორგი მირცხულავამ.
მისივე თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა, დეველოპერების ნაწილს ენერგოობიექტების მშენებლობა გაუჭირდეს.
“ეს ქმნის საკმაოდ მძიმე სიტუაციას, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი ასეთი დეველოპერი ერთგვარად ჩაკეტილია სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, სადაც მითითებულია ტარიფი, რომელიც იმ გადმოსახედიდან, თუნდაც იმ გათვლით, რომ რა თქმა უნდა, რაღაც ეტაპებზე მშენებლობა ყოველთვის ძვირდება, დღეს სხვა რეალობაშია. ამიტომ, ეს არის რეალობა, ეს არის ისეთი საკითხი, რომელზეც კითხვა არ არსებობს, მაგრამ ეს შემდეგ პირდაპირ ურტყამს ამ ბიზნესს. შეძლებენ კი დეველოპერები გაძვირებიდან გამომდინარე, პროექტების განხორციელებას? იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ბიზნესპროექტი, ეს არის პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ აშენდეს რაც შეიძლება მეტი ენერგოობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას, რომ იყოს ენერგოდამოუკიდებელი, ენერგოთვითკმარი, აღარ დასჭირდეს იმპორტი. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა”, - განაცხადა გიორგი მირცხულავამ.
BM.GE
წყარო: bm.ge