
ექსტრემალური ამინდი ევროპაში: ესპანეთი და საფრანგეთი ტყის ხანძრებს ებრძვიან
ესპანეთსა და საფრანგეთში მეხანძრეები ტყის ხანძრებს ამ დრომდე ებრძვიან. ესპანეთის დიდ ნაწილში ახალი კერების გაჩენის რისკი, 22 ივლისის მდგომარეობით, კვლავ ძალიან მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ძლიერმა ხანძარმა შედარებით დაიკლო, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს სახლებში დაბრუნების საშუალება მისცა.
საფრანგეთში კი, სადაც სამშაბათს ცეცხლმოკიდებულ სახანძრო მანქანაში ორი მეხანძრე დაიღუპა, ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ სიცხისგან დაზარალებულ ადგილებში გრილის (ბარბექიუს) გამოყენებისგან. უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ათიდან ცხრა ტყის ხანძარი, შემთხვევით თუ განზრახ, ადამიანის საქმიანობის შედეგად ჩნდება.
ამავდროულად, დასავლეთ ბალკანეთში საფრთხემ სიცხიდან ქარიშხალზე გადაინაცვლა, რის შედეგადაც ჩრდილოეთ მაკედონიასა და აღმოსავლეთ კოსოვოში რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ევროპა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად დათბობადი კონტინენტია. მეცნიერების განცხადებით, ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება ზრდის სიცხის ტალღების, გვალვებისა და ტყის ხანძრების ინტენსივობას და ამავდროულად, მოულოდნელი, დამანგრეველი შტორმებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
კონტინენტმა მიმდინარე წელს უკვე გადაიტანა სამი თითქმის უწყვეტი, მკაცრი სიცხის ტალღა. მაისიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ძლიერ სიცხეს ათასობით ნაადრევი გარდაცვალებაც უკავშირდება.
სააგენტო Reuters-ის კლიმატის მონიტორინგის ინტერაქციული პლატფორმის მონაცემებით, დასავლეთ ევროპაში საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 26.6 გრადუს ცელსიუსს შეადგენს, რაც 3 გრადუსით აღემატება 1961-1990 წლებში 22 ივლისისთვის დაფიქსირებულ ნორმას.
ტყის ხანძრები ესპანეთში
მიმდინარე წელს ესპანეთში, გვადალახარის რეგიონში, ყველაზე ძლიერმა ხანძარმა 32,000 ჰექტარი ფართობი გაანადგურა. 21 ივლისიდან სიტუაციის დასტაბილურება დაიწყო, მანამდე კი ხანძარმა 34 მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ევაკუაცია, ხოლო 14 სხვა რაიონში საგანგებო შეზღუდვების დაწესება გამოიწვია.
კასტილია-ლა მანჩას სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხუთი სოფლის მცხოვრებლებს სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს, თუმცა სხვა შეზღუდვები ძალაში რჩება.
ოთხშაბათს რეგიონში ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ელის განმავლობაში ესპანეთში უკვე 22 მსხვილი ხანძარი დაფიქსირდა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით დამწვარია 100,000 ჰექტარზე მეტი ფართობი.
"შედარებისთვის, ეს არის ის წლიური საშუალო მაჩვენებელი, რომელსაც ესპანეთი გასული ათწლეულის განმავლობაში აფიქსირებდა", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ხანძრების პრევენციისთვის მეტი ძალისხმევაა საჭირო.
ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ კი განაცხადა, რომ ხანძრის გაჩენის საფრთხე "ძალიან მაღალი ან ექსტრემალურია" ესპანეთის კონტინენტურ ნაწილსა და ბალეარის კუნძულებზე და მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში რისკი კიდევ უფრო გაიზრდება.
პარასკევიდან ტემპერატურის საგრძნობი კლებაა მოსალოდნელი. თუმცა, ეს შვება, შესაძლოა, ხანმოკლე აღმოჩნდეს. კვირიდან ტემპერატურა კვლავ მოიმატებს, ხოლო მომავალი კვირის დასაწყისში ესპანეთის დიდ ნაწილში შესაძლოა ისევ პიკური სიცხე დაბრუნდეს.
ხანძრები საფრანგეთში
საფრანგეთში, შედარებით დაბალმა ტემპერატურამ და სუსტმა ქარმა ხელი შეუწყო ხანძრის ლოკალიზების პროცესს, რომელმაც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ვარის დეპარტამენტში, 2,500 ჰექტარი ფართობი გაანადგურა, ათობით სახლი დააზიანა და 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია.
"ვითარება საკმაოდ რთული იყო. 1,100-მდე მეხანძრე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა", - განაცხადა ვარის დეპარტამენტის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, უილიამ ფოგლმა რადიო RMC-ის ეთერში.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, კიდევ ერთი ხანძარი მძვინვარებს ზემო ალპების დეპარტამენტში, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
აღმოსავლეთ ევროპა
საბერძნეთში, სადაც ტემპერატურა, პროგნოზით, 41 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, ხელისუფლებამ შუადღის საათებში, მზის პიკური აქტივობის დროს, ღია ცის ქვეშ მუშაობა აკრძალა. კვიპროსში, სადაც ასევე მიჩვეულები არიან ზაფხულის მაღალ ტემპერატურას, ნაშუადღევს ღია ცის ქვეშ მუშაობა ანალოგიურად შეიზღუდა.
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, სამშაბათს ღამით მომხდარი ძლიერი შტორმის შემდეგ, საავადმყოფოში 11 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქარიშხალმა ქვეყანაში ხეები მოგლიჯა, სახურავები დააზიანა და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
ჩაიკეტა გზები, ზოგიერთი ქალაქი კი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა.
BM.GE
წყარო: bm.ge