
უმჯობესი იქნება, ქონების გადასახადი ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით შეიცვალოს - ირაკლი შავიშვილი
საგადასახადო ექსპერტი ირაკლი შავიშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ ქონების გადასახადის 40 000 ლარიანი ზღვარი მოძველებულია და გადახედვას საჭიროებს.
თუმცა როგორც შავიშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში აღნიშნა, უმჯობესი იქნება, თუკი მთავრობა ქონების გადასახადის მოდიფიცირებას ე.წ. "ესტონური მოდელის" მიხედვით მოახდენს, რომლის ფარგლებშიც დასაბეგრი ქონება არა სახლი ან შენობა, არამედ მიწაა.
მისი თქმით, სწორი საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ აღნიშნული გადასახადი არა ფიზიკური პირის შემოსავალზე, არამედ მიწის ღირებულებაზე იყოს მიბმული.
„ჩემი აზრით, უვარგისი მოდელი გვაქვს, როდესაც ქონების გადასახადი პირის და მისი ოჯახის შემოსავალზეა დამოკიდებული. საერთოდ, ქონების გადასახადის არსი არის ის, რომ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ამ ქონების დაცვის საფასური. ამასთან, პირის შემოსავალს არანაირი კავშირი არ აქვს. იმიტომ, რომ თუ შემოსავლის დაბეგვრა გვინდა, ამისთვის არსებობს საშემოსავლო გადასახადი. ქონების გადასახადი სხვა ტიპის გადასახადია.
რაც შეეხება თვითონ ზღვრის აწევას, ზღვარი, რა თქმა უნდა, მოძველებულია, თუ მაინც ეს მოდელი დარჩება, რაც დღეს არის. ეს ზღვარი შემოვიდა 2005 წლიდან, იმის შემდეგ გავიდა 21 წელი და სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა ქვეყანაში, მათ შორის ფინანსური კუთხით და ის, რაც 21 წლის წინ დიდ შემოსავლად ითვლებოდა, დღეს უკვე ფაქტობრივად საშუალო შემოსავალს შეიძლება უტოლდებოდეს. ამიტომ ეს ზღვარი ასაწევია.
თუმცა ხელისუფლება რამდენიმე წლის წინ დაგვპირდა, რომ „ესტონურ მოდელს“ შემოიღებდა ქონების გადასახადშიც. ესტონეთში ქონების გადასახადით იბეგრება მხოლოდ და მხოლოდ მიწა. არავითარი ძირითადი საშუალებები, საწარმოს ქონება და ფიზიკური პირის ქონება, სახლი და შენობა არ იბეგრება. არის კიდევ რამდენიმე თავისებურება - 50 ევროზე ნაკლები თუ გამოსდის პირს ქონების გადასახადი, ამ გადასახადს არ იხდის საერთოდ. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია - ესტონეთში ქონების გადასახადის გადამხდელი არის ასევე სახელმწიფო. ანუ სახელმწიფო უხდის ადგილობრივ თვითმმართველობას გადასახადს იმ ქონებაზე, რომელიც მის საკუთრებაშია. მაგალითად, დღევანდელი პარლამენტი მის კუთვნილ შენობაზე ქონების გადასახადს რომ უხდიდეს თბილისის მერიას.
რა თქმა უნდა, მე ვემხრობი „ესტონურ მოდელს“ რომ ქონების გადასახადი არ უნდა იყოს შემოსავალზე დამოკიდებული. ქონების გადასახადი დამოკიდებულია მის სიდიდეზე და ღირებულებაზე და თუ აქ შეღავათების დაწესება გვინდა, ზომის მიხედვით შეგვიძლია დავაწესოთ შეღავათები. მაგალითად, თუ ბინაზე ვაწესებთ ქონების გადასახადს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტყვაზე 100 კვადრატულ მეტრამდე ბინა გათავისუფლებულია დაბეგვრისგან, უფრო მეტი იბეგრება და ა.შ. დღეს არსებული მოდელი კატეგორიულად არ მომწონს, იმიტომ რომ ეს არ არის ქონების გადასახადის არსი. ეს არის ფარული საშემოსავლო გადასახადი და ფაქტობრივად ესაა 21-ე პროცენტი საშემოსავლო გადასახადში“, - განაცხადა ირაკლი შავიშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გადახედვას გეგმავს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ BMG-ის განუცხადა, რომ ქონების გადასახადი მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე შეიცვლება, იქამდე, ვიდრე მოქალაქეებს მისი დეკლარირება მოუწევთ. როგორც პაატა კვიჟინაძე განმარტავს ამჟამად ახალი ზღვარი ან გადასახადის სრული განახლებული კონფიგურაცია ჯერ შეთანხმებული არაა და განხილვის პროცესშია ოთხი შესაძლო მოდელი, რომელიც არსებულ ქონების გადასახადს ჩაანაცვლებს.
BM.GE
წყარო: bm.ge