
ტაშკენტი და დუბაი - "კავკასიის უნივერსიტეტი" საერთაშორისო ბაზრებზე გადის
კავკასიის უნივერსიტეტი (CU) საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს. როგორც უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ BMG-სთან განაცხადა, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გახსნა იგეგმება დუბაისა და ტაშკენტში.
„ჩვენ ამჟამად უკვე ვართ დუბაიში, გვაქვს იქ ძალიან დიდი ტრენინგცენტრი, რომელიც დიდი ალბათობით მალე გარდაიქმნება კამპუსად. ასევე ძალიან მალე ჩვენი ადგილი იქნება უზბეკეთშიც, კერძოდ ქალაქ ტაშკენტში. ახლა გავდივართ მომზადების სტადიას, ვხვდებით იქაურ ბიზნესებს და ვეცნობით ბიზნესგარემოს, იქაურ მთავრობას და საბოლოოდ გადაწყვეტილებას მივიღებთ ძალიან მალე“, - აღნიშნა შენგელიამ.
ამას გარდა, CU საქმიანობის მასშტაბებს ზრდის და სასკოლო განათლების სექტორშიც შედის. ბათუმში უკვე დასრულდა 24,000 კვ.მ ფართობის ულტრათანამედროვე საუნივერსიტეტო და სასკოლო სივრცის მშენებლობა, სადაც რეგიონში პირველი 12-წლიანი კერძო სკოლა ამოქმედდება.
გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას შენგელიამ განაცხადა, რომ ბათუმის პროექტზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ობიექტის ოფიციალური გახსნა მიმდინარე თვეში იგეგმება. რეგიონის არჩევის მთავარი მიზეზი დასავლეთ საქართველოში მაღალი დონის სასკოლო განათლებაზე არსებული დიდი მოთხოვნა და არსებული დეფიციტის შევსებაა.
„ბათუმში შესვლის მთავარი მიზეზია ის, რომ ბათუმს აკლია რაღაცები და ჩვენი ამოსავალი წერტილიც ეს არის. თბილისში ყველაფერია. მოთხოვნა ძალიან დიდია და გვინდა, რომ დასავლეთ საქართველოშიც განვითარდეს ისეთი მაღალი დონის განათლება, როგორიც განვითარებულია აღმოსავლეთში.
დამთავრებულია სამშენებლო პროცესი როგორც უნივერსიტეტის, ისე სკოლის და მიმდინარე თვეში ალბათ გავხსნით.
არ ვიცი, რამდენად უნდა გაგიმხილოთ ამ მხრივ განვითარების გეგმები ახლა, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სკოლა გავაკეთო მარნეულში. თუ იქნება მეორე სკოლა ბათუმის შემდეგ, ის იქნება არა თბილისში, არამედ მარნეულში. ეს დაპირებაც მივეცი მარნეულელებს, მინდა, რომ იქ იყოს ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული, ძალიან ხარისხიანი კერძო სკოლა", - განაცხადა კახა შენგელიამ.
BM.GE
წყარო: bm.ge