
ერდოღანმა NATO-ს ლიდერებს რევოლვერები აჩუქა, თუმცა მათ ნაწილს საჩუქრის ანკარაში დატოვება მოუწია
ანკარაში გამართულ NATO-ს სამიტზე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ალიანსის ლიდერებს უჩვეულო საჩუქარი გადასცა. როგორც ირკვევა, სტუმრებმა სახელობითი რევოლვერები და ექვსი საბრძოლო ტყვია მიიღეს. სასაჩუქრე ყუთში ასევე იდო სპეციალური დოკუმენტი, რომელიც იარაღს საექსპორტო შეზღუდვებისგან ათავისუფლებდა. პირველი, ვინც მსგავსი საჩუქრის შესახებ ისაუბრა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი იყო.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ უცხოური დელეგაციების უსაფრთხოების სამსახურებისთვის სერიოზული პრობლემები შექმნა. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვივერმა, მხოლოდ ბრიუსელში ჩაფრენის შემდეგ შეიტყო, თუ რა იდო ყუთში და მას იარაღის აეროპორტის პოლიციისთვის ჩაბარება მოუწია. ამასთან, ბელგიაში რევოლვერების შეტანაზე პრობლემა ევროკავშირის ლიდერებს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ანტონიო კოშტასაც შეექმნათ. არსებული ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტი მიღებული საჩუქრის სამხედრო მუზეუმისთვის გადაცემას გეგმავს.
რაც შეეხება სხვა ლიდერებს, მკაცრი კანონმდებლობის გამო, რამდენიმე მათგანმა საჩუქარი თურქეთის დედაქალაქშივე დატოვა. კერძოდ, დიდი ბრიტანეთის დროებითმა პრემიერმა, კირ სტარმერმა, ასევე გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, რობ იეტენმა კუთვნილი იარაღი ანკარაში დატოვეს. თუმცა, პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ, საკუთარი რევოლვერი ვარშავაში უსაფრთხოდ ჩაიტანა. ნავროცკის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი იარაღის გამოყენებას არ აპირებენ.
აღსანიშნი ფაქტია, რომ 2022 წლის დეკემბერში პოლონეთის პოლიციის უფროსმა უკრაინიდან საჩუქრად ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიც კი წამოიღო. მაშინ ამ მოწყობილობის აფეთქებამ ვარშავაში პოლიციის მთავარი შენობა დააზიანა და თავად მაღალჩინოსანიც დააშავა.
BM.GE
წყარო: bm.ge