
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ Zolotaya Korona სანქცირებული არაა - კომპანიამ საქმიანობა აღადგინა
საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ფულადი გზავნილების რუსული სისტემა Zolotaya Korona საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ არაა. ამის შესახებ სებ-ში BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ Zolotaya Korona-მ სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ საქართველოში ოპერირება ეტაპობრივად აღადგინა.
ეროვნული ბანკის თანახმად, 2026 წლის 23 ივლისის ევროკავშირის სანქციები არ ეხებოდა უშუალოდ Zolotaya Korona-ს, არამედ მის საანგარიშსწორებო პროვაიდერს LLC RNCO “Payment Center”-ს, რომელიც სებ-ის თანახმად, ამჟამად აღარ ასრულებს კომპანიის გადახდების შუამავლის ფუნქციას, შესაბამისად კომპანიას ოპერირების აღდგენა შეუძლია.
"გაცნობებთ, რომ ევროკავშირის მიერ 2026 წლის 23 ივლისს მიღებული სანქციების მე-21 პაკეტით სანქციები შეეხო LLC RNCO “Payment Center”-ს, რომელიც „ზოლოტაია კორონას“ გზავნილების სისტემის ოპერატორისა და საანგარიშსწორებო ცენტრის ფუნქციებს ასრულებდა. სანქციადაკისრებულ პირთა სიაში არ იყო შეყვანილი უშუალოდ ფულადი გზავნილების სისტემა – „ზოლოტაია კორონა“.
2026 წლის 26 აგვისტოდან, LLC RNCO “Payment Center” ამოღებულია გადახდის სისტემების ოპერატორთა რეესტრიდან და აღარ წარმოადგენს „ზოლოტაია კორონას“ გადახდის სისტემის ოპერატორს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ზოლოტაია კორონას“ მეშვეობით გადარიცხვების აღდგენა დასაშვებია მომსახურების/საანგარიშსწორებო ინფრასტრუქტურის ცვლილებისა და ახალი საოპერაციო პირობების ფარგლებში, ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ სათანადო შემოწმების და რისკების შეფასების საფუძველზე.
აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოში მოქმედი საფინანსო სექტორის წარმომადგენლები იცავენ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის (USA, EU, UK) მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებს. დამატებით, აღსანიშნავია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სანქციათა რეჟიმების დარღვევის/გვერდის ავლის რისკის შეფასებას ახდენს თავად ფინანსური ინსტიტუტი და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
Zolotaya Korona-ს საქმიანობის შეწყვეტა რუსული ფინანსური ჯგუფის საკორესპონდენტო შუამავლის - კომპანია ნოვოსიბირსკის "საგადასახადო ცენტრის" ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის შემადგენლობაში შეყვანას უკავშირდებოდა. აღნიშნულის გამო, 2026 წლის 24 ივლისიდან სისტემამ მთელ რიგ ქვეყნებში ოპერირება შეწყვიტა.
ფულადი გზავნილების სისტემის მიერ ოპერირების შეწყვეტას საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრი ვარდნა მოჰყვა. თუკი იქამდე რუსეთიდან ყოველთვიურად დაახლოებით 45-51 მილიონი დოლარი შემოდიოდა ფულადი გზავნილების არხებით, 2026 წლის აგვისტოში ეს თანხა 5 მილიონ დოლარს შეადგენდა, სექტემბერში კი 8 მილიონ დოლარს (ოქტომბრის სტატისტიკა ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა).
BM.GE
წყარო: bm.ge