
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში გეოლოგიურ კვლევებზე შეთანხმება მიღწეულია. მან საკითხზე პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც სხვადასხვა პროექტების ბიუჯეტის ათვისების ჩამორჩენის მიზეზები განმარტა.
გიორგი კაკაურიძის თქმით, მოლოდინია, რომ პროცესი გაზაფხულზე დაიწყება.
"მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ბევრი არ არის ისეთი ორგანიზაცია, ვისაც შეუძლია გეოლოგიური კვლევები შავ ზღვაზე, ანუ გემი უნდა იყოს თავისუფალი იმისთვის, რომ შემოვიყვანოთ და იმუშაოს, მათ შორის კლიმატური პირობებიც უნდა უწყობდეს ამ ხელს - დაახლოებით 180 დღე სჭირდება ტალღების გარეშე. გემის მფლობელ კომპანიასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქეთის მხარესთან, მხოლოდ ჩვენი გადაწყვეტილებით ვერ დავიწყებთ ამ გეოლოგიურ სამუშაოებს. გემის მზადყოფნა არის მომდევნო წლის გაზაფხულზე, როგორც კი ამინდები ამის საშუალებას მისცემს, დაიწყოს და მოლოდინი არის, რომ იქნება მანამდე ყველა ის ნებართვები, რომელიც საჭიროა ორივე ქვეყნიდან", - ამბობს მინისტრის მოადგილე.
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში 195,4 მლნ ლარია გამოყოფილი, მათ შორის 25 მლნ ლარი გათვალისწინებულია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევებისთვის.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. კერძოდ, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი საქართველოდან შავი ზღვის გავლით რუმინეთს დაუკავშირდება. შავი ზღვის კაბელის შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და მის ხელმომწერებს შორის არიან: საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი.
BM.GE
წყარო: bm.ge