
ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს | პრემიერი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების მიზანი დიპლომატიური სამსახურის კიდევ უფრო განვითარება, მისი მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდაა. ამის შესახებ მან დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"2025 წელს დავიწყეთ და ეტაპობრივად ვახორციელებთ რეფორმას საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენი მიზანია დიპლომატიური სამსახურის კიდევ უფრო განვითარება, მისი მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდა. ძლიერდება საქართველოს წარმომადგენლობები საზღვარგარეთ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია განათლებული ახალგაზრდების მოზიდვა დიპლომატიურ სამსახურში. ამ მიზნით დაფუძნდა დიპლომატიის აკადემია, რაც არის ქვეყნის სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში. ის მოამზადებს კადრებს სათანადო ცოდნითა და ანალიტიკური უნარებით, მყარი ეთიკური სტანდარტებით და ინოვაციური ხედვით. ქართული დიპლომატიის ხვალინდელი დღე სწორედ მათზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ორი რეგიონის ოკუპაციისა და უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების პირობებში, თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„გილოცავთ დიპლომატის დღეს! საქართველოს ისტორია დიპლომატიის ძალიან მდიდარ ტრადიციას ინახავს. საუკუნეების განმავლობაში, ურთულეს გარემოში, საქართველოსთვის დიპლომატია გადარჩენისა და წინსვლის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იყო და ასეა დღესაც. სიმბოლურია, რომ დიპლომატის დღე დიდი საზოგადო მოღვაწისა და გამორჩეული დიპლომატის - სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.სწორედ სულხან-საბას სახელს ატარებს მთავარი ჯილდო, რომელიც გადაეცემათ დიპლომატებს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის, აკაკი ჩხენკელის სახელობის ჯილდოთი კი აღიარებულია დიპლომატის წვლილი სამსახურის გამართულ საქმიანობაში. წინასწარ ვულოცავ დღევანდელ ლაურეატებს დამსახურებულ აღიარებას.
ორი რეგიონის ოკუპაციისა და უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების პირობებში, თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს იცავს მის გამოცდილებაზე დაფუძნებული, ახალი თაობით გაძლიერებული და მომავალზე ორიენტირებული ქართული დიპლომატია წარმატებით განაგრძობს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვას. ღირსეული საქმიანობისთვის, პატრიოტიზმისა და პროფესიონალიზმისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ საქმეს ემსახურებით. მადლობა საგარეო საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, ელჩებს, ატაშეებს, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენი წარმომადგენლობების თანამშრომლებს. თითოეულ თქვენგანს გეკუთვნით განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიპლომატის დღეს და გისურვებთ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის სამსახურში", - განაცხადა პრემიერმა.
BM.GE
წყარო: bm.ge