
ეროვნულმა ბანკმა კრიტპო გაცვლის კომპანია BitXchange-ი რეკორდული ₾572 მილიონით დააჯარიმა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კრიპტო გაცვლის კომპანია BitXchange-ი საქართველოს საფინანსო სისტემაში უპრეცედენტო მასშტაბის ჯარიმით - 572 მილიონი ლარით დააჯარიმა - როგორც ირკვევა, კომპანიამ 572,033-ჯერ დაარღვია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობა, რაც ფაქტობრივად ნიშნავს რომ კომპანიის ოპერირება ხორციელდებოდა ფულის გათეთრების კანონმდებლობის სრული უგულვებელყოფით. კომპანიას ევალებოდა აღერიცხა და მოეხდინა მისი მომხმარებლების ვერიფიცირება, თუმცა 572,033 შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნა არ სრულდებოდა რის გამოც მას თითოეულ შემთხვევაში 1000 ლარის ჯარიმა გამოეწერა. გარდა ამისა, კომპანიამ საერთაშორისო ფინანსური სანქციების რეჟიმის მოთხოვნებიც დაარღვია.
ეროვნული ბანკის განცხადება კომპანიის დაჯარიმების შესახებ:
"განხორციელდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის შპს „ბიტექსჩეინჯი“-ს (ს/ნ 404595121) დაჯარიმება 572 118 000 (ხუთას სამოცდათორმეტი მილიონ ას თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:
2 (ორ) შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან განხორციელდა შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენა, რომლისთვისაც „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 მაისის №133/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (2026 წლის 24 აგვისტომდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად; შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობის ჯარიმა, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში. ჯამურად ჯარიმამ შეადგინა 6 000 (ექვსი ათასი) ლარი;
პროვაიდერის მხრიდან 572 033 (ხუთას სამოცდათორმეტი ათას ოცდაცამეტ) შემთხვევაში დარღვეულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - „კანონი“) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, პირებს (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედ პირებს) მომსახურება გაეწია კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის მოთხოვნების შესრულების გარეშე, რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ჯამურად ჯარიმამ შეადგინა 572 033 000 (ხუთას სამოცდათორმეტი მილიონ ოცდაცამეტი ათასი) ლარი;
პროვაიდერის მხრიდან 2 (ორ) შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს ჯარიმას 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ჯამურად ჯარიმამ შეადგინა 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარი;
შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა. კერძოდ, პროვაიდერმა ვერ უზრუნველყო შესრულებული ოპერაციების სისტემაში აღრიცხვა, სისტემატიზაცია და შენახვა, აღრიცხულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების ე.წ. „ლოგირება“, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სათავო ოფისიდან შესაბამისი ინფორმაციის უმოკლეს ვადაში მოძიება და ამოღება, რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;
შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობით, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი) მე-2 მუხლით ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებით განსაზღვრული სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნებისთვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის, რომელიც უზრუნველყოფს პირების/ვირტუალური აქტივის მისამართების ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა/ვირტუალური აქტივის მისამართების სიებში, მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევა, რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს დაჯარიმებას 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;
შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის, რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/უჩვეულო ტრანზაქციების ავტომატურ რეჟიმში გამოვლენას განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიის (DLT) საფუძველზე არსებული ინფორმაციის დამუშავებით, მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევა, რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;
შემოწმების პერიოდში შემმოწმებელთა ჯგუფისთვის ხელის შეშლა, რამაც გამოიწვია შემოწმების განხორციელების შეფერხება. კერძოდ, აქტში ასახული არასწორი/მცდარი და არასრულყოფილი ინფორმაციის მოწოდებამ გამოიწვია შემოწმების ვადის გახანგრძლივება და შეაფერხა შესასწავლი კლიენტების შერჩევისა და მათი ოპერაციების ანალიზის პროცესი, რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით,"- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
კომპანიის შესახებ:
შპს „ბიტექსჩეინჯი" 2020 წელს არის რეგისტრირებული და მისი ძირითადი საქმიანობა კრიპტოვალუტის კონვერტაციაა. კომპანია კრიპტო აპარატებს აწარმოებს. ვებგვერდის თანახმად, შპს „ბიტექსჩეინჯის" ქსელი, საქართველოს მასშტაბით უკვე 75 კრიპტო აპარატს ითვლის, რომელთა საშუალებითაც ლარის სანაცვლოდ კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი.
სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქე დავით ორჯონიკიძეა, დირექტორი ასევე არის ნინო ქოპილაშვილი.
უახლესი ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიამ 2024 წელს 5.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, წმინდა მოგებამ კი 3.2 მლნ ლარი შეადგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ნანა ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული ერთ-ერთი საწარმოს წილში შესვლას, რაც, განმცხადებლების მტკიცებით, მის ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას ისახავდა მიზნად. აღნიშნული გარემოებები გამოძიების ფარგლებში უნდა გადამოწმდეს.
საკითხზე თავად ეროვნულმა ბანკმაც გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ვირტუალური აქტივების პროვაიდერი შპს „ბიტექსჩეინჯი“ დაჯარიმებულია ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის გეგმური შემოწმების შედეგად. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით შესაბამისი გადაწყვეტილება სებ-ის ვებგვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნებული გამოქვეყნებული არაა, შესაბამისად ჯარიმის ოდენობა უცნობია.
დღესვე გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ დავით ორჯონიკიძე და სებ-ის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი მფარველობის სანაცვლოდ წილების გადანაწილებას სთავაზობდა, თუმცა აღნიშნული აუდიო ჩანაწერის ავთენტიკურობა სასამართლოს მიერ ჯერჯერობით დადასტურებული არაა.
BM.GE
წყარო: bm.ge