
"მოლების ოპერირებით კმაყოფილი ვარ" - როგორ ვითარდება City Mall ბათუმსა და თბილისში?
"სითი მოლის" მფლობელი კომპანია IG Development-ი სავაჭრო უძრავი ქონების პორტფელის განვითარებას განაგრძობს. ჰოლდინგი თბილისში "სითი მოლი საბურთალოსა" და "გლდანი მოლის" გაფართოებაზე მუშაობს, პარალელურად კი ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე ახალი სავაჭრო ცენტრის პროექტს ავითარებს, რაზეც "ამბასადორი აილენდ ბათუმთან" შეთანხმება უკვე გაფორმებულია. მოლების ოპერირების სპეციფიკაზე, ბაზრის ტენდენციებსა და მიმდინარე პროექტებზე BMG-ს კომპანიის დამფუძნებელი, მინდია საბანაძე ესაუბრა.
ბიზნესმენის განცხადებით, ბათუმში სრულფასოვანი სავაჭრო ცენტრის განვითარება კომპანიის სტრატეგიულ მიზნებში ყოველთვის შედიოდა, თუმცა IG Development-ი გამორჩეულ ლოკაციასა და მასშტაბს ეძებდა. კუნძულზე დაგეგმილი მოლის საერთო სამშენებლო ფართობი დაახლოებით 120 000 კვადრატული მეტრი იქნება, საიდანაც უშუალოდ საიჯარო ფართი 60 000 კვადრატულ მეტრს დაეთმობა.
"ბათუმში მოლის გაკეთება დიდი ხანია გვინდოდა, მაგრამ გვსურდა შეგვექმნა სრულფასოვანი პროექტი - თავისი მასშტაბით, ბრენდ-მიქსით, ვიზუალითა და ლოკაციით - და არა უბრალოდ მორიგი სავაჭრო ფართი. ასეთი ადგილი "ამბასადორი ჯგუფის" პროექტში ვნახეთ: უნიკალური სივრცე, რომელიც არა მხოლოდ ბათუმის, არამედ მთელი საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება.
თავდაპირველად, როდესაც ეს პროექტი დაიწყო, გულწრფელად გეტყვით, ავანტიურა მეგონა. თუმცა დეტალებში რომ ჩავხედეთ, დავინახეთ, რამდენად ლოგიკურად, სწორად და შემართებით მუშაობდა გუნდი. შევიძინეთ საკმაოდ დიდი ტერიტორია. ეს არის ჰარმონიული, ზღვასა და კურორტზე მორგებული კონცეფცია გამჭოლი სივრცეებით: ერთ მხარეს ზღვა, მეორე მხარეს - ცენტრალური მაგისტრალი.
თვითონ კუნძულზე უამრავი დიდი პროექტი შენდება - Lamborghini Tower-ით დაწყებული, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მოზიდული ინვესტიციებით დამთავრებული. ეს იქნება ცალკე ქალაქი ქალაქში, ჩვენი მოლი კი ბათუმს იდეალურად მოემსახურება. აქ წარმოდგენილი იქნება ყველა წამყვანი ბრენდი, გასართობი სივრცეები, კინოთეატრები, ფიტნესდარბაზი, რესტორნები და კაფეები. საინვესტიციო ღირებულება კიდევ ზუსტდება, რადგან დიზაინის ყველა პრემიუმ დეტალს განსაკუთრებული სიზუსტით ვითვლით", - აცხადებს მინდია საბანაძე.
რაც შეეხება დედაქალაქში მოქმედი სავაჭრო ცენტრების განვითარებას, ბიზნესმენი BMG-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ "სითი მოლი საბურთალო" მოცულობით ფაქტობრივად ორმაგდება, რისთვისაც ჰოლდინგმა მიმდებარე მიწის ნაკვეთები უკვე აითვისა.
"საბურთალოზე სამუშაოები უკვე დაწყებულია - არსებული მოცულობა პრაქტიკულად ორმაგდება. პროექტს ემატება 1 000-ზე მეტი საპარკინგე ადგილი. შევიძინეთ მიმდებარე ტერიტორიები და მაქსიმალურად ვცდილობთ, ავწიოთ შენობის, ინტერიერისა და ექსტერიერის ხარისხი.
აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდებთან მათ შემოყვანაზე. ასევე ფართოვდება გასართობი და ველნეს-მიმართულება - რესტორნები, კაფეები, სპა და გამაჯანსაღებელი სივრცეები. სამუშაოები ორ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპი მოიცავს ქავთარაძის ქუჩის მხრიდან შესასვლელს, მეორე ეტაპზე კი არსებული შენობის სრული განახლება და გაფართოება მოხდება", - აღნიშნავს საბანაძე.
რაც შეეხება "გლდანი მოლს", პროექტის პირველი ნაწილი უკვე ექსპლუატაციაშია, ხოლო გაფართოების მომდევნო ფაზა აქტიურ რეჟიმში გრძელდება:
"გლდანში პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია - ხის პანელებითა და თანამედროვე დიზაინით უნიკალური სივრცე გამოვიდა, რომელიც ძალიან სწრაფად ავითვისეთ. ამ ეტაპზე მეორე ნაწილი ხორციელდება, რის შემდეგაც ობიექტი სრულად შეიკვრება", - ამბობს საბანაძე.
"სითი მოლის" საოპერაციო შედეგების შეფასებისას მინდია საბანაძე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, სავაჭრო ცენტრების შემოსავლებიც იზრდება.
"მოლების ოპერირებითა და განვითარების დინამიკით კმაყოფილი ვარ. პირველ რიგში, ეს შედეგი ქვეყნის საერთო ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული - რეალობაა, რომ ეკონომიკა იზრდება, მატულობს ხელფასები და საინვესტიციო გარემოც აქტიურია.
მეორე და უმთავრესი ფაქტორი საქმისადმი დამოკიდებულებაა. ბევრს ჰგონია, რომ მოლის მართვა კომერციული ფართის აშენება, მისი გაქირავება და ამით დასრულებაა. სინამდვილეში ეს არის უწყვეტი, 24/7-ზე შრომა: დღისით მოიჯარეებთან მუშაობ, ღამით მიდის ცვეთის აღდგენა, რესტავრაცია, უწყვეტი წმენდა და ინფრასტრუქტურის კონტროლი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა ბრენდმა ერთმანეთთან სრულ სინქრონში იმუშაოს და მომხმარებელმა მაქსიმალური კომფორტი იგრძნოს. სწორედ ეს გამოცდილება გადაგვაქვს როგორც თბილისის გაფართოებაში, ისე ბათუმის ახალ პროექტში", - აცხადებს მინდია საბანაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge