მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “ერთ თვეში ფონდებში ინვესტირებას დავიწყებთ”- რა იქნება “საქართველოს განვითარების კორპორაციის” დაფინანსების წყარო?
“ერთ თვეში ფონდებში ინვესტირებას დავიწყებთ”- რა იქნება “საქართველოს განვითარების კორპორაციის” დაფინანსების წყარო?

“ერთ თვეში ფონდებში ინვესტირებას დავიწყებთ”- რა იქნება “საქართველოს განვითარების კორპორაციის” დაფინანსების წყარო?

BM.GE20 ოქტომბერი, 2026, 23:26|bm.ge

საქართველოს მთავრობა „საქართველოს განვითარების კორპორაციის“ სახით ახალ ინსტიტუციას აყალიბებს. ის სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ სამართალმემკვიდრეა, რომელიც ახალი მანდატის ფარგლებში მომდევნო 10-წლიან პერსპექტივაში 40 მლრდ ლარამდე ახალი ინვესტიციის ხელშეწყობას აპირებს.

მთავრობის მიერ დაფუძნებულ "ეკონომიკის განვითარების კორპორაციას" სესხების გაცემა, მსხვილი სტრატეგიული პროექტების დაფინანსება და პროექტებში წილობრივი მონაწილეობით შესვლაც შეეძლება. აწარმოე საქართველოში სამართალმემკვიდრე "ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და "საქართველოს განვითარების ფონდის" ანუ ყოფილი საპარტნიორო ფონდის ფუნქციებსაც შეასრულებს.

როგორც პრემიერი ამბობს, კორპორაცია, როგორც ახალი ინსტიტუცია აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ენერგეტიკის და მსხვილი სტრატეგიული ობიექტების თანადაფინანსებაში და მხარს დაუჭერს როგორც მცირე ისე საშუალო საწარმოებს. შენარჩუნდება უკვე ნაცნობი მექანიზმები და გაჩნდება დამატებითი ბერკეტები, მათ შორის დაფინანსების ალტერნატიული წყაროები კერძო საინვესტიციო ფონდებში თანხების დაბანდებით.

კერძოდ, საქართველოს განვითარების კორპორაცია აწარმოე საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის არსებულ მექანიზმებს შეინარჩუნებს, თუმცა მას ემატება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა პირდაპირი სესხები; პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა; ჩართულობა კაპიტალის ფონდებში; ფაქტორინგის პლატფორმის განვითარება და ა.შ

როგორც კორპორაციის გენერალური დირექტორი განმარტავს, ახალი ინსტიტუციის დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, "აწარმოე საქართველოს" საკრედიტო-საგარანტიო სქემაში აკუმულირებული სახსრები და დონორული დაფინანსება.

“საიდან შეიძლება წამოვიდეს კორპორაციის ბიუჯეტი და ის დაფინანსება, რომლითაც ჩვენ ვგეგმავთ, რომ 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას შევუწყოთ ხელი? პირველი, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი. სახელმწიფო ბიუჯეტი გამოყოფს სახსრებს იმისათვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ ამ სახსრების მიმართვა ქართველი მეწარმეების მხარდასაჭერად.

მეორე, ეს არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ აკუმულირებული თანხები, მაგალითად, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში. როგორც იცით, ჩვენ ბოლო 6 წლის განმავლობაში საკრედიტო-საგარანტიო სქემით ვემსახურებოდით ქართულ ბიზნესს. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტ სესხს შევუწყვეთ ხელი. თანხები, რომელიც გამოყოფილი იყო საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის, ხდებოდა ამ თანხების ინვესტირება წლიდან წლამდე. ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში მოვახერხეთ დაახლოებით 400 მილიონი ლარის აკუმულირება. აქედან 100 მილიონი ლარი ჩვენს მიერ დაგენერირებული მოგებაა და მხოლოდ დაახლოებით 30-დან 40 მილიონ ლარამდეა ის ზარალი, რომელიც დადგა. შესაბამისად, წმინდა მოგება მხოლოდ ამ საქმიანობიდან კორპორაციას უკვე ჰქონდა დაახლოებით 60 მილიონი ლარი.

საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჯამურად აკუმულირებული 400 მილიონი ლარის ინვესტირება ნელ-ნელა დაიწყება. ეს არ ნიშნავს, რომ ერთ წელში მოხდება, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა იმისათვის, რომ ერთ წელში განხორციელდეს აღნიშნული ინვესტიცია.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან იმისათვის, რომ მოვიზიდოთ დამატებითი რესურსები სესხის სახით, რომელსაც შემდეგ გამოვიყენებთ იმ ამბიციური მიზნების მისაღწევად, რომელიც კორპორაციას აქვს”,-აცხადებს ირაკლი გაბრიაძე.

მომდევნო 10 წელში საქართველოს განვითარების კორპორაცია საერთო ჯამში 40 მილიარდი ლარის პროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერაში მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 16 მილიარდი ლარი არსებული პროგრამების ფარგლებში განხორციელდება, ახალი ფინანსური ინსტრუმენტების მეშვეობით 7 მილიარდი ლარის პროექტების ხელშეწყობაა დაგეგმილი; ამასთან, “აწარმოე საქართველოში” სამართალმემკვიდრე მონაწილეობას მიიღებს 16 მილიარდი ლარის ფასიანი ქაღალდების განთავსების პროცესში, ხოლო კერძო კაპიტალის ფონდების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კორპორაციის დაგეგმილი ინვესტიცია 1 მილიარდი ლარის ფარგლებშია.

“ჩვენი არსებული პროგრამები აქტიურია და არ გაგვიჩერებია. ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, ეს არის საკრედიტო-საგარანტიო სქემა და სხვა პროგრამები, რომლებიც ფუნქციონირებდა. ასევე დავამატეთ დაახლოებით ერთი თვის წინ ექსპორტის მხარდამჭერი ახალი მექანიზმები, რომლის შესახებ საზოგადოება მალე გაიგებს.

დაახლოებით ერთ თვეში დავიწყებთ ფონდებში ინვესტირების პროცესს და წლის დასაწყისიდან, როგორც კანონით არის გათვალისწინებული, ფაქტორინგის მიმართულებით იქნება ძალიან ბევრი სიახლე. მათ შორის იცით, რომ აპრილში იქნა მიღებული ფაქტორინგის შესახებ კანონი, რომელიც პირველი იანვრიდან შედის ძალაში და აქ სხვადასხვა მხარეებს აქვს სხვადასხვა როლი იმისათვის, რომ ეს ბაზარი სწრაფად განვითარდეს და სწრაფად უზრუნველვყოთ ის, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გაუმარტივდეთ მცირე და საშუალო ბიზნესს განსაკუთრებით, იმიტომ რომ აქ საუბარია მოთხოვნების დათმობაზე და ამით საბრუნავი საშუალებების შევსებაზე”,-აცხადებს კორპორაციის გენერალური დირექტორი.

საქართველოს განვითარების კორპორაცია მთავრობამ 2026 წლის გაზაფხულზე, პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ს საფუძველზე დააფუძნა. ამ დრომდე კორპორაციის მანდატი ძირითადად სწორედ ამ პროგრამის განხორციელებას უკავშირდებოდა და 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, მასზე 200 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.

მთავრობა ამბობს, რომ 2014-2025 წლებში აწარმოე საქართველოს პროგრამებით 20 000-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა; განხორციელდა 8,5 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია და შეიქმნა დაახლოებით 90 000 სამუშაო ადგილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გარი კასპაროვმა დონალდ ტრამპი კრემლის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა

გარი კასპაროვმა დონალდ ტრამპი კრემლის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა

BM.GE

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს ავრცელებს

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს ავრცელებს

BM.GE

რას საქმიანობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომელსაც მთავრობა აუქმებს?

რას საქმიანობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომელსაც მთავრობა აუქმებს?

BM.GE

თიბისი კაპიტალი წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზს მცირედით, 5.7%-მდე ამცირებს

თიბისი კაპიტალი წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზს მცირედით, 5.7%-მდე ამცირებს

BM.GE