
რას საქმიანობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომელსაც მთავრობა აუქმებს?
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი [GEDF] ცალკე აღარ იფუნქციონირებს და ეკონომიკის განვითარების კორპორაციას შეუერთდება.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შექმნილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაცია დღეს, 20 ოქტომბერს, გაიმართა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ (GEDF) სახელმწიფო საწარმოა, რომელიც 2010 წელს დაარსდა. მისი მისია ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაცია და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაა. ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციას, შესაბამისი ფონდების მოძიების, პროექტების განვითარებისა და მათი ეფექტიანი განხორციელების გზით.
ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ ფონდის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს განახლებადი ენერგიის წყაროების პერსპექტიული პროექტების მოძიება და განვითარების ხელშეწყობა, აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე ფონდი ეწევა შემდეგ საქმიანობებს. ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში, ფორმდება მემორანდუმი ინვესტორსა და GEDF-ს შორის, სადაც განისაზღვრება ინვესტორისა და კომპანიის ურთიერთვალდებულებები.
ენერგეტიკის განვითარების ფონდს შვილობილი კომპანიებიც ჰყავს და ასევე წილი აქვს სხვადასხვა ენერგეტიკულ კომპანიაში:
კომპანიის დასახელება ფონდის წილობრივი მონაწილეობა შპს „ახალსოფელი ჰესი“ 100% შპს „ბიომას ენერჯი“ 100% შპს „ბორჯომჰესი“ 100% შპს „ენგურის ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგური“ 50% შპს „პარვუს ბასრა“ 49.9% შპს „მაგანა ჰესი“ 49% შპს „ნავიტას ჰიდროგენი“ 49% შპს „ჩორდულა ჰესი“ 45% შპს „Qareli Wind Farm“ 40% შპს „ყვირილა ჰესი“ 20% შპს „საქართველოს მზის კომპანია“ 10% შპს „სოლარე ჯორჯია“ 10% შპს „მასდარ ჯორჯია ენერჯი“ 10%
2025 წლის აპრილიდან ენერგეტიკის განვითარების ფონდს ვლადიმერ ძნელაძე ხელმძღვანელობს. ფონდში დანიშვნამდე, 2013–2025 წლებში ძნელაძე ორჯერ იყო არჩეული საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად, ხოლო შემდგომში დაინიშნა დიდუბის რაიონის გამგებლად.
ფონდის საიტზე წლიური ანგარიშები არ იძებნება. ენერგეტიკის განვითარების სახელმწიფო ფონდის 2025 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, შარშან 2.3 მლნ ლარის მოგება ჰქონდათ. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, ფონდის ჯამური შემოსავალი 2025 წელს 10.1 მლნ ლარს შეადგენდა. მის ბალანსზე არსებული ჯამური აქტივების ღირებულება 90.8 მლნ ლარს შეადგენს. ანგარიშგების მიხედვით, დაქირავებულ თანამშრომელთა ანაზღაურებაზე დახარჯულმა თანხამ 2025 წელს 4.9 მლნ ლარი შეადგინა, აქედან ხელმძღვანელი პირების მთლიანი ანაზღაურება 521 ათასი ლარი იყო.
მიმდინარე წელს ფონდის ყველაზე მსხვილი შესყიდვა დუშეთის რაინში მზის პანელების მონტაჟი იყო, რომელიც ენერგეტიკის განვითარების ფონდს ჯამში 1.7 მლნ ლარამდე დაუჯდა.
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ (GEDF) 2025 წლის მმართველობის ანგარიშგების მიხედვით, კომპანიას აქვს შემდეგი მიმდინარე საინვესტიციო პროექტები:
• „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგური“ - ხორციელდება Masdar-თან თანამშრომლობით (GEDF — 10%, Masdar — 90%) გარდაბნის მუნიციპალიტეტში. დადგმული სიმძლავრე: 96 მგვტ. დასრულებულია სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. • „ნიგოზას ქარის ელექტროსადგური“ - ხორციელდება სს „ჩალიკ ენერჯისთან“ ერთად (GEDF 15%, Çalık Energy — 85%) შიდა ქართლის რეგიონში. დადგმული სიმძლავრე: 53.1 მგვტ. მიმდინარეობს საიმპლემენტაციო ხელშეკრულების პირობების შეთანხმება. • „ბასრა 1, 2, 3, 4“ - ხორციელდება შპს „პარვუს ჯგუფთან“ ერთად (GEDF — 28.5%, Parvus Group — 50.1%) გურიასა და აჭარაში. ჯამური დადგმული სიმძლავრე: 30 მგვტ. ექსპლუატაციაში შევიდა ბასრა 1 და ბასრა 3, ხოლო ბასრა 2-ისა და ბასრა 4-ის დასრულება იგეგმება 2026 წელს. • „უდაბნოს მზის ელექტროსადგური“ - ხორციელდება შპს „ნექსთ ენერჯისთან“ ერთად (GEDF — 10%, Next Energy — 90%) კახეთის რეგიონში. დადგმული სიმძლავრე: 6.08 მგვტ. მიღებულია ყველა ნებართვა და დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები. • „გარდაბნის მზის ელექტროსადგური“ - ხორციელდება შპს „პი-ვი პორტთან“ ერთად (GEDF — 10%, PV Port — 90%) ქვემო ქართლში. სიმძლავრე: 15 მგვტ. მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე მუშაობა, ხოლო სამშენებლო ფაზაზე გადასვლა იგეგმება 2026 წლის IV კვარტალში. • „ქუთაისის ქარის ელექტროსადგური“ - ხორციელდება შპს „ვინდ ენერჯი გრუპთან“ ერთად (GEDF — 10%, Wind Energy Group — 90%). სავარაუდო დადგმული სიმძლავრე: 45 მგვტ. დამონტაჟებულია ორი მეტეოროლოგიური ანძა და მიმდინარეობს მონაცემების შეგროვება. • „ღუნჯა ჰესი“ - ხორციელდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში (GEDF — 30%, პარტნიორები — 70%). სიმძლავრე: 5.5 მგვტ. მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების დასკვნითი ეტაპი, მშენებლობის დაწყება იგეგმება 2026 წელს. • „არქიმედეს ხრახნიანი ტიპის ჰესი“ - მდინარე მტკვარზე, თბილისში (GEDF — 30%, Georgian Green Energy — 70%). დადგმული სიმძლავრე: 3.7 მგვტ. მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და გარემოზე ზემოქმედების შეფასება. • „პატარძეულის მზის ელექტროსადგური“ - შპს „მზის ველთან“ ერთად (GEDF — 10%). სავარაუდო დადგმული სიმძლავრე: 25 მგვტ. საპროექტო მიწა შემოტანილია ფონდის კაპიტალში და პროექტი გადასულია სამშენებლო ეტაპზე. • „ენგურის ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგური“ - შპს „ენგურჰესთან“ ერთად (GEDF — 50%) სამეგრელო-ზემო სვანეთში. დადგმული სიმძლავრე: 530 მგვტ. სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა წარდგენილია სამინისტროში. • „ბორჯომჰესის მუზეუმი“ - GEDF ფლობს 100%-ს. ისტორიული ჰესის აღდგენა-რეკონსტრუქცია მუზეუმად. მთავრობის განკარგულებით კომპლექსი გადაეცემა მუნიციპალიტეტს შემდგომი განვითარებისთვის. • უშუქო დასახლებული პუნქტების ელექტროფიცირება - დუშეთის მუნიციპალიტეტში 58 ოჯახისთვის მზის ფოტოელექტრული სისტემების მოწყობა (დაგეგმილია დასრულება 2026 წლის III კვარტალში). • ციფრული მმართველობა (EMES / Energy Map) - საქართველოს ენერგეტიკული ინტერაქციული რუკის შექმნა და პროცესების გაციფრულება.
BM.GE
წყარო: bm.ge