
„ეს არათანმიმდევრული პოლიტიკა და ფარული ლობიზმია“ – IDFI აზარტული ტურნირების საგადასახადო შეღავათებზე
არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზატორი სამორინეები და უცხოელი მოთამაშეები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ, ხელისუფლებისვე გაცხადებულ შემზღუდავ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
საქმე ის არის, რომ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებას მხოლოდ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი შეძლებს. ტურნირში მონაწილეთა სულ მცირე 80% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. ღონისძიების ორგანიზებისთვის ცალკე ნებართვა იქნება საჭირო, რომლის წლიური სანებართვო მოსაკრებელი 100 000 ლარს შეადგენს. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კაზინო კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩასატარებლად გამოიყენებს და ღონისძიების საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს გადააჭარბებს. მოქმედი განაკვეთით, კლუბის თითოეულ მაგიდაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კვარტალში 4 000-დან 14 000 ლარამდეა. თუ ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს არ აღემატება ან მაგიდა მხოლოდ ასეთი ღონისძიებისთვის არ გამოიყენება, მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება შენარჩუნდება.
მმართველ გუნდში გადაწყვეტილებას ტურიზმისა და ინვესტიციების წახალისებით ხსნიან. განმარტების მიხედვით, ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, სადაც არასეზონურ პერიოდში ტურისტული ნაკადებისა და დამატებითი შემოსავლების მოზიდვაა საჭირო.
IDFI-ის პროექტების დირექტორის, ლევან ავალიშვილის განცხადებით, პროექტის დაჩქარებული წესით, საჯარო განხილვებისა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე გატანა აჩენს ეჭვებს, რომ პროცესი კონკრეტული ჯგუფების ლობიზმის შედეგია.
„გაცხადებული პოლიტიკა იყო, რომ პირველ რიგში არ უნდა მომხდარიყო სათამაშო სექტორის პოპულარიზაცია, შეიზღუდა რეკლამა, გაიზარდა ასაკობრივი ზღვარი. თუმცა, საერთაშორისო ტურნირების დაშვება თავისთავად იწვევს პოპულარიზაციას. ხელისუფლება საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, ერთის მხრივ აცხადებს, რომ ებრძვის ლუდომანიას, მეორეს მხრივ კი ტურიზმის განვითარების საბაბით აზარტული თამაშების პოპულარიზაციას უწყობს ხელს“,- განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ლევან ავალიშვილმა.
BM.GE
წყარო: bm.ge