
"ეს იქნება დროებითი. სკოლის რეაბილიტაციის ან მშენებლობის დასრულების შემდეგ მათ სხვაგან გამოვიყენებთ" - მინისტრი "ასაწყობ სკოლებზე"
"ასევე, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, თავიდან ავიცილოთ შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს მეორე ან მესამე ცვლაში უწევთ სწავლა“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დროებითი "ასაწყობი სკოლების" შესყიდვის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მოდულური სკოლების შესყიდვის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს და მათი მიზანი ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროებითი, უსაფრთხო და სრულად აღჭურვილი სასწავლო სივრცეების შექმნაა.
„აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც კონკრეტული სკოლის რეაბილიტაციას ან ახალი სკოლის მშენებლობას გადავწყვეტთ, ბავშვებს არ შეექმნათ სირთულეები სხვა სკოლაში, განსაკუთრებით კი სხვა სოფელში გადასვლასთან დაკავშირებით. ეს რეგიონებში საკმაოდ დიდი პრობლემაა როგორც მშობლებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის", - აღნიშნა სოხაძემ.
მისი თქმით, სადაც იქნება ამის შესაძლებლობა მოდულური სკოლები მოეწყობა იმავე ტერიტორიაზე ან იმავე მუნიციპალიტეტში, რათა ბავშვებს სხვა სოფლებში და სხვა ადგილებში სიარული არ მოუწიოთ.
"ასევე, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, თავიდან ავიცილოთ შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს მეორე ან მესამე ცვლაში უწევთ სწავლა“, - განაცხადა მინისტრმა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. მოდულების შესყიდვის მიზნით ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.
მოდულური სკოლები ქარხნულად დამზადებული, სრულად აღჭურვილი და ტრანსპორტირებადი სასწავლო სივრცეებისგან შედგება, რომელთა ადგილზე მონტაჟი მოკლე დროშია შესაძლებელი. მათი გამოყენება დაგეგმილია იმ ადგილებში, სადაც მშენებლობის ან რეაბილიტაციის პერიოდში დროებითი სასწავლო სივრცის მოწყობა გახდება საჭირო.
„ეს იქნება დროებითი ღონისძიება. მას შემდეგ, რაც სკოლის რეაბილიტაცია ან ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდება, ამ ინფრასტრუქტურას უკვე სხვა ტერიტორიებზე გამოვიყენებთ. გადაწყვეტილება მიღებულია იმ საჭიროებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, რომლებიც დღეს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ექმნებათ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge