
"ეს იქნება კულტურული უკანდახევა" - Studio Fuksas-ი რიყის დოქების დემონტაჟის შეჩერებას ითხოვს
ცნობილი იტალიური არქიტექტურული სტუდია Studio Fuksas თბილისში, რიყის პარკში მდებარე საკონცერტო დარბაზის (ე.წ. რიყის დოქების) დემონტაჟის გადაწყვეტილებას ეხმაურება. არქიტექტორები პროცესის სასწრაფოდ შეჩერებას და ნაგებობისთვის ალტერნატიული ფუნქციის მოძებნას ითხოვენ.
თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის თანახმად, გასულ კვირაში მიღებულია გადაწყვეტილება თბილისში რიყის პარკში მდებარე 14,591 კვადრატულ მეტრზე განთავსებული რიყის დოქების დემონტაჟის თაობაზე. ობიექტი ამჟამად შპს "რიყე დომ"-ის საკუთრებაშია.
არქიტექტურულ გამოცემა Dezeen-ისთვის გაგზავნილ ოფიციალურ განცხადებაში სტუდია აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისინი არაერთხელ შეეცადნენ დაკავშირებოდნენ თბილისის მერიასა და შენობის ამჟამინდელ კერძო მფლობელებს, თუმცა ყველა მცდელობა უპასუხოდ დარჩა.
„გასული თვეების განმავლობაში სტუდია არაერთხელ სთავაზობდა საქართველოს ხელისუფლებას ერთობლივ მუშაობას ალტერნატიული გადაწყვეტილებების მოსაძებნად, რაც ამ სიმბოლური ნაგებობის შენარჩუნებასა და მისთვის ახალი ფუნქციის მოძებნას გახდიდა შესაძლებელს. ეს თავიდან აგვაცილებდა იმას, რაც ჩვენი აზრით, ნაადრევი დემონტაჟი იქნება. სამწუხაროდ, ამ წინადადებებზე პასუხი არ მიგვიღია“, - ნათქვამია Studio Fuksas-ის განცხადებაში.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ რიყის საკონცერტო დარბაზის დემონტაჟის ნებართვა გასცა.
გამოცემა წერს, რომ რიყის საკონცერტო დარბაზი 2010-2012 წლებში აშენდა. მიუხედავად იმისა, რომ შენობა თითქმის სრულად დასრულებული იყო, ის საზოგადოებისთვის არასდროს გახსნილა. 15-წლიანი უფუნქციოდ დგომის შემდეგ კი, მისი დემონტაჟი იგეგმება.
პროექტი თავდაპირველად თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი მშენებლობა დაახლოებით 40 მილიონი ევრო დაჯდა. 2022 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შენობა აუქციონზე, დაახლოებით 10 მილიონ ევროდ (47 მილიონ ლარად) კერძო მფლობელზე გაასხვისა. .
იტალიური სტუდია ხაზს უსვამს, რომ შენობის დანგრევა კიდევ უფრო მეტ ფინანსურ ზარალს მიაყენებს საზოგადოებას, რადგან დემონტაჟიც საბიუჯეტო სახსრებს მოითხოვს.
„საერთაშორისოდ აღიარებული და ჯილდოების მფლობელი არქიტექტურული ნიმუშის დაკარგვა მნიშვნელოვანი კულტურული უკანდახევა იქნება. უფრო მეტიც, ეს შენობა საჯარო ფინანსებით აშენდა და მისი დემონტაჟი დამატებით საჯარო ხარჯებს მოითხოვს იმის ნაცვლად, რომ შეფასდეს მისი ხელახალი გამოყენებისა და რეგენერაციის პოტენციალი.
აუდიტორიის დემონტაჟი ასევე ნიშნავს თბილისისთვის უნიკალური კულტურული აქტივის დათმობას, კლასიკური მუსიკის საკონცერტო დარბაზისა და თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვანი სივრცის დაკარგვას, რომელიც ყოვლისმომცველი განვითარების პროგრამის მეშვეობით კვლავაც შეიძლებოდა მომსახურებოდა მომავალ თაობებს“, - აცხადებენ არქიტექტორები.
Studio Fuksas, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორებმა მასიმილიანო და დორიანა ფუკსასებმა დააფუძნეს, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ბიუროა (მათი ბოლო პროექტებიდან აღსანიშნავია მონაკოს სანაპიროზე დაგეგმილი „ვერტიკალური პარკი“).
სტუდიაში აცხადებენ, რომ მათ პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ავტორების ჩართულობის გარეშე იღებენ პროექტის ნგრევის გადაწყვეტილებას.
„ჩვენს 60 წელზე მეტ პროფესიულ პრაქტიკაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Studio Fuksas საკუთარი პროექტის დემონტაჟის საფრთხის წინაშე დგას ისე, რომ არც კი მიუწვევიათ შესაძლო ალტერნატივების განსახილველად.
ჩვენი არაერთგზის გამოხატული მზადყოფნის მიუხედავად, არც საჯარო უწყებები და არც სხვა დაინტერესებული მხარეები სტუდიასთან კონტაქტზე არ გამოსულან. Studio Fuksas მტკიცედ ეწინააღმდეგება როგორც შენობის დემონტაჟს, ისე მისი მომავლის შესახებ ღია დიალოგის არარსებობას.
თბილისს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, დაუსრულებელი პროექტი რეგენერაციის, ინოვაციისა და საერთაშორისო ღიაობის სიმბოლოდ აქციოს. დაე, არ დაიკარგოს ეს შესაძლებლობა“, - ნათქვამია იტალიური სტუდიის განცხადებაში.
ცნობისთვის, 2025 წლის ივნისში "რიყე დომის" მესაკუთრე გახდა შპს "მაქრო ფროფერთი", რომელიც "მაქრო ჰოლდინგის" ერთ-ერთი კომპანიის "მაქრო ქონსთრაქშენის" საკუთრებაშია. ჯგუფის მფლობელია თურქი ბიზნესმენი ემინ უჩარი. გარიგებამდე, "რიყე დომის" მფლობელი იყო კომპანია ნ.გ.ბ, რომლის 100%-იანი წილიც ბიზნესმენ თორნიკე კოპალიანს ეკუთვნოდა. თავის მხრივ, მაქრო ჯგუფი საქართველოში უძრავი ქონების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც მოიცავს როგორც მაღალი კლასის სასტუმროს - Swissotel Tbilisi-ს, ასევე პროექტ მაქრო სითის და სამშენებლო კომპანია მაქრო ქონსთრაქშენს.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 მაისის განკარგულების თანახმად, რიყის დოქების ტერიტორიაზე სასტუმროს პროექტის განვითარება არის შესაძლებელი.
თავის მხრივ, "რიყე დომმა" რიყის დოქები 2025 წლის აპრილში ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ისგან შეიძინა. ახლა კი თავად ეს კომპანია მისმა მფლობელმა კომპანია ნ.გ.ბ-იმ "მაქრო ფროფერთის" მიჰყიდა.
ხელშეკრულების თანახმად, გარიგების ღირებულება 2.84 მილიონი დოლარია. ამასთან, "მაქრო ფროფერთი" იღებს ვალდებულებას გადაუხადოს 10.8 მილიონი ლარი "რიყის დოქების" ყოფილ მესაკუთრეს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ს. შესაბამისად, გარიგებიდან 10.8 მილიონ ლარს მიიღებს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ხოლო კომპანია "რიყე დომის" წინა მფლობელი, ბიზნესმენი თორნიკე კოპალიანი კი 2.84 მილიონ დოლარს.
BM.GE
წყარო: bm.ge