
„ეს ქსელებს შორის კონკურენციას ზრდის“ - რა ფუნქცია აქვს eKalata.gov.ge-ს?
"გუდვილის" გენერალური დირექტორი და საქართველოს რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ხაბაშვილი აცხადებს, რომ ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი - ekalata.gov.ge-ს ამოქმედება ქსელებს შორის კონკურენციას ზრდის, რაც საბოლოოდ მომხმარებლისთვის უკეთესი ფასის წარდგენის წინაპირობა იქნება.
როგორც ხაბაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, სისტემაში რეგისტრაციის ვალდებულება რიტეილ სექტორს არ აქვს, თუმცა მოთხოვნა მაღალია.
„არ არსებობს არანაირი სამართლებრივი აქტი, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობას ბიზნესს ავალდებულებს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რითეილ სექტორის მხრიდან ინტერესი საკმაოდ მაღალია. პროექტში უკვე ჩაერთო მრავალი სავაჭრო ქსელის წარმომადგენელი, რაც მათ მოტივაციასა და დაინტერესებაზე მიუთითებს.პროექტის მთავარი იდეა ისაა, რომ მომხმარებელს სპეციალურ ვებგვერდზე შეუძლია ნახოს სხვადასხვა პროდუქტი და მარტივად შეადაროს, თუ რომელ ქსელშია კონკრეტული პროდუქტი ყველაზე დაბალ ფასად წარმოდგენილი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ის რომ მომხმარებელს შეუძლია 13 სასაქონლო ჯგუფიდან სასურველი პროდუქტები შეარჩიოს და საკუთარი კალათა შექმნას. სისტემა ავტომატურად აჩვენებს, თუ რომელ ქსელში გამოუვა ყველაზე იაფი შესყიდვა მთლიანად ან კონკრეტული პროდუქტების მიხედვით.
ამ ეტაპზე პლატფორმაზე 200-ზე მეტი შეთავაზებაა განთავსებული. მცირე დროის მიუხედავად დაკვირვება აჩვენებს, რომ სავაჭრო ქსელები მუდმივად ცდილობენ უფრო მეტი და უკეთესი შეთავაზების დამატებას. ამასთანავე, ისინი აკვირდებიან კონკურენტების ფასებსა და აქციებს, რაც კონკურენციის გაძლიერებას უწყობს ხელს. საბოლოოდ, ამ პროცესის მთავარი ბენეფიციარი მომხმარებელია.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ხაბაშვილმა.
რეალური ფასდაკლებების ნაცვლად ხომ არ იქმნება ფასების გათანაბრების რისკი? - ამ კითხვაზე საპასუხოდ ხაბაშვილი აცხადებს, რომ თითოეული კომპანია საკუთარი ბაზრის წილის გაზრდას ცდილობს და კონკურენტული უპირატესობის დაკარგვა არც ერთი რითეილერის ინტერესში არ შედის.