
„კახეთში ევროპული ნაკადები შემცირდა, რაც ჰორეკა სექტორზე პირდაპირ აისახა“ - გიორგი უშიკიშვილი
კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე „გიორგი უშიკიშვილის შატო-მარნის“ დამფუძნებელი გიორგი უშიკიშვილი აცხადებს, რომ რეგიონში ევროპელი ტურისტების ნაკადები მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ჰორეკა სექტორზე პირდაპირ აისახა. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ევროპული ბაზარი კახეთის ტურიზმისთვის ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი იყო, რომლის შემცირებამაც ბიზნესებს მნიშვნელოვანი სირთულეები შეუქმნა.
"კახეთის რეგიონში შემცირებულია ევროპული ნაკადები. ფაქტობრივად ყველა, ვისთანაც ვკონტაქტობ, ამას ამბობს. მთავარი სტუმარი მაინც ევროპიდან მოდიოდა. აზიური ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები ძირითადად სხვა ტიპის ტურიზმს ანიჭებენ უპირატესობას და ხშირად შავი ზღვისპირეთისკენ მიემართებიან. ჩვენთან კი განსაკუთრებით ბევრი სტუმარი იყო აღმოსავლეთ ევროპიდან, მაგალითად პოლონეთიდან, რომლებიც ხშირად თვითდინებითაც მოდიოდნენ", - განაცხადა გიორგი უშიკიშვილმა.
მისი თქმით, შატო-მარნის ლოკაცია აღმოსავლეთ საქართველოს ტურისტულ მარშრუტებზე მნიშვნელოვანი გაჩერების წერტილი იყო, სადაც ევროპელი ტურისტები ხშირად ისვენებდნენ. "ჩვენი ობიექტი იმ გზაზე მდებარეობს, რომელიც თუშეთიდან თიანეთის გავლით გუდაურისკენ მიდის. ამ მონაკვეთზე თვითდინებით ყოველდღიურად რამდენიმე, ზოგჯერ ათეულობით ტურისტი გვყავდა. ისინი საკმაოდ შემოსავლიანი სტუმრები იყვნენ და მაღალი ხარისხით სარგებლობდნენ მომსახურებით", - აღნიშნა მან.
უშიკიშვილის განცხადებით, ევროპელი ტურისტების შემცირებამ როგორც შემოსავლებზე, ისე მომსახურების დინამიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
“ევროპელი ტურისტები ძალიან კარგი სტუმრები იყვნენ, აფასებდნენ მომსახურებას და გუნდისთვისაც სასიამოვნო იყო მათთან მუშაობა. განსხვავებით რუსი ტურისტისგან, რომელსაც რაც არ უნდა გაუკეთო, მაინც აქვთ პრეტენზიები და უკმაყოფილება. ზოგადად, პერსონალსაც ნაკლებად მოსწონს ეს კომუნიკაცია, მით უმეტეს, რომ ენობრივი ბარიერიც არსებობს”, - განაცხადა შატო-მარანის დამფუძნებელმა.
მისი თქმით, არსებული ვითარების ფონზე კომპანია ცდილობს კორპორაციული სეგმენტის განვითარებას და ახალი შეთავაზებების შექმნას, რათა შემცირებული ტურისტული ნაკადები ნაწილობრივ მაინც დააბალანსოს.
"ახლა აქცენტს ვაკეთებთ კორპორაციულ შეთავაზებებზე და სხვადასხვა აქტივობების განვითარებაზე, რომ ეს დანაკლისი ნაწილობრივ მაინც შევავსოთ", - აღნიშნა გიორგი უშიკიშვილმა.
მისივე თქმით, ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები განსაკუთრებით მძიმედ აისახება იმ ობიექტებზე, რომლებიც მხოლოდ სასტუმრო მომსახურებაზე არიან დამოკიდებული, ღვინის წარმოებასთან ინტეგრირებული ბიზნესებისგან განსხვავებით.
„ის ობიექტები, რომლებსაც პარალელურად ღვინის წარმოება აქვთ, შედარებით უკეთ უმკლავდებიან სიტუაციას, მაგრამ მხოლოდ სასტუმროზე ორიენტირებული ბიზნესებისთვის მდგომარეობა გაცილებით რთულია. შარშანდელი წელი ფაქტობრივად მნიშვნელოვნად შემცირებული შემოსავლებით დავხურეთ“, - განაცხადა უშიკიშვილმა.
BM.GE
წყარო: bm.ge