
"ეს რთველი ჩვეულებრივი არ იქნება" - რაჭველი მეღვინე გამოწვევებზე
რაჭაში ყურძნის შაქრიანობის მოსალოდნელი მაჩვენებლები და რთველის წელს დაგეგმილი განსხვავებული მიდგომები მეღვინეებს გაურკვევლობის წინაშე აყენებს.
როგორც მეღვინეობა „პატარიძის რაჭულის“ დამფუძნებელი და მეღვინე, შორენა პატარიძე BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" აცხადებს, წელს ყურძნის შაქრიანობის მიხედვით ანაზღაურებას ელოდებიან, თუმცა ამინდმა შაქრიანობის ზრდას ხელი არ შეუწყო.
„წელს რთველი გარკვეულწილად განსხვავებულია და სახელმწიფოს მხრიდანაც ახალი მიდგომებია. როგორც ვვარაუდობთ, ყურძნის ანაზღაურება შაქრიანობის მიხედვით მოხდება. ამინდმა კი ხელი არ შეუწყო ყურძენში შაქრიანობის ზრდას, რის გამოც საკმაოდ ვღელავთ. ეს ჩვეულებრივი რთველი არ იქნება და, ბუნებრივია, გარკვეული შიშიც გვაქვს“, - განაცხადა შორენა პატარიძემ.
მეღვინის თქმით, მიმდინარე სეზონი განსაკუთრებით საყურადღებოა რაჭისთვის, სადაც ალექსანდროულისა და მუჯურეთულისგან წარმოებული ღვინო ადგილობრივი მეღვინეობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ყურძნის ხარისხი და მისი შაქრიანობა ღვინის საბოლოო მახასიათებლებზე გავლენას ახდენს, ამიტომ მოსავლის მდგომარეობა მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
რთველის შედეგების გარდა, მეღვინეობისთვის გამოწვევაა ქართული ღვინის ცნობადობის ზრდაც. კომპანიის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ რაჭული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რეგიონის წარმოების მასშტაბი შეზღუდულია და მისი მთავარი უპირატესობა უნიკალური ადგილობრივი ჯიშებია.
„ჩვენი განვითარების სტრატეგია ახლა ძირითადად გაყიდვებისა და რეალიზაციის მიმართულებით მუშაობაა, რომ უფრო აქტიურად გავიტანოთ ღვინო ბაზარზე. გვინდა, მსოფლიომ გაიცნოს რაჭული ღვინო და თავად რაჭა“, - აღნიშნავს პატარიძე.
მეღვინე იმედოვნებს, რომ რთველის სეზონთან დაკავშირებული გამოწვევები საწარმოს საქმიანობაზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას არ მოახდენს.
„პატარიძის რაჭული“ პრემიუმკლასის ღვინოს აწარმოებს და ადგილობრივ ჯიშებს იყენებს. კომპანიას ამ ეტაპზე წელიწადში 30 000 ბოთლის წარმოების შესაძლებლობა აქვს, ხოლო პროდუქციას საქართველოსთან ერთად საერთაშორისო ბაზრებზეც ყიდის.
BM.GE
წყარო: bm.ge