
"ეს სპორტი რეგიონში ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი იქნება" - ფოთი ორ საერთაშორისო წყალსათხილამურო ტურნირს უმასპინძლებს
მიმდინარე წლის ივლისში ფოთი წყალსათხილამურო სპორტში ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს. 20-21 ივლისს Poti Pro-Am International Waterski Tournament-ი ჩატარდება, ხოლო 24-26 ივლისის ჩათვლით - წყალსათხილამურო სპორტის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატია ჩანიშნული.
ორივე ტურნირი წყალსათხილამურო სპორტისა და ვეიკბორდის საერთაშორისო ფედერაციასთან (IWWF) პარტნიორობით იმართება და მასში მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის წარმომადგენელი, მათ შორის მსოფლიო რეიტინგის ლიდერი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.
ბიზნესმენი და ფოთის წყალსათხილამურო კლუბის დამფუძნებელი კოკი იოსიპოვი "საქმიანი დილას" ეთერში აღნიშნავს, რომ ფოთის ამ უნიკალურ ინფრასტრუქტურას ათწლეულების ისტორია აქვს, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება.
"ეს ისტორია 80-იან წლებში დაიწყო, როდესაც საკავშირო წყალსათხილამურო ფედერაციამ ჩაიფიქრა ფოთში ჩაეტარებინა დიდი საერთაშორისო ტურნირი. მშენებლობისთვის 80-იანი წლების დასაწყისში უპრეცედენტოდ დიდი თანხა - დაახლოებით 70 მილიონი რუბლი გამოიყო. წარმოიდგინეთ, რამხელა ფული ჩაიყარა ფოთის გარეუბანში, სადაც პრაქტიკულად ჭაობი და პატარა ტბა იყო. წყლის ანალიზმა აჩვენა, რომ მტკნარი წყალი გამოსადეგი იყო. ასე გაჩნდა საქართველოში სპორტის ამ სახეობისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა. ტექნიკურად ეს დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე რთული სპორტია, რომელიც არაერთ დისციპლინას - ათლეტიზმს, ხელოვნებასა და მუსიკალურობას აერთიანებს", - აცხადებს კოკი იოსიპოვი.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში არსებული უნიკალური ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და განვითარება კერძო ინვესტიციების საშუალებით მოხდა.
"ჩვენ ფოთში ტერმინალი გვაქვს, იქ ვმოღვაწეობთ. მიმაჩნდა, რომ ამ უნიკალური ინფრასტრუქტურის დაკარგვა საკუთარი თავისა და იმ ტერიტორიის ღალატი იქნებოდა. საკმაოდ გრძელი გზა გავიარეთ, ათწლეულები დაგვჭირდა. ჩამოვაყალიბეთ კერძო კლუბი, დავიწყეთ ინვესტიციები და ჩამოვიყვანეთ თანამედროვე კატერები. ეს სპორტი მჭიდროდ არის დაკავშირებული ინდუსტრიულ პროგრესთან, სადაც კატერების წარმოება გლობალურად დაახლოებით 5-მილიარდიანი ბიზნესია. ჩვენი სპონსორია ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი Nautique, რომლის ელექტროკატერებიც უკვე შემოვიყვანეთ.
ეს სპორტი სპეციფიკურ ინფრასტრუქტურას მოითხოვს. ეს არის ტბა, სადაც იდეალურად სწორი, სარკისებრი ზედაპირი უნდა იყოს, ჩაკეტილი და ქარისგან დაცული. ეს ინფრასტრუქტურა ამიერკავკასიაში უნიკალურია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. პრინციპში, ტერიტორია დაღუპვის პირას იყო. ვერ ვიტყვი, რომ ნულიდან დავიწყეთ, რადგან სტადიონი მემკვიდრეობით დაგვრჩა, მაგრამ ეს სპორტი და ბაზა გადავაჩინეთ. დღეს ბევრ დიდ ქვეყანასაც კი გაუჭირდებოდა მსგავსი ინფრასტრუქტურის ნულიდან შექმნა", - ამბობს ბიზნესმენი.
ბიზნესმენის ინფორმაციით, ტურნირისადმი ინტერესი იმდენად დიდია, რომ მონაწილეებზე ლიმიტის დაწესება და მომლოდინეთა სიის შექმნა გახდა საჭირო.
მისივე თქმით, დაგეგმილი ღონისძიებები ფოთში ტურიზმის განვითარების სტიმულსაც გააჩენს, ვინაიდან ამ სპორტის მიმდევრები მაღალმსყიდველობითუნარიან სეგმენტს წარმოადგენენ.
"ტურნირის სტატუსი და ტიტულატურა უმაღლეს დონეზეა. ამჯერად 21 ქვეყანა გვყავს წარმოდგენილი, მათ შორის იქნებიან მაროკო და ეგვიპტე. ტურნირზე მონაწილეთა ლიმიტი 60 ადამიანით გვქონდა განსაზღვრული, თუმცა 82 განაცხადი შემოვიდა და ე.წ. მომლოდინეთა სია გაკეთდა. ფოთი უკვე საერთაშორისოდ აღიარებულ რუკაზეა, როგორც მაღალი დონის სტადიონი.
ეს არის ნიშური და მაღალბიუჯეტიანი სპორტი, რომელიც დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. ერთი სპორტსმენის აღჭურვილობა დაახლოებით 15,000 აშშ დოლარის ღირებულებისაა. ფოთში ჩამოდის 150-მდე ადამიანი შესაბამისი აღჭურვილობითა და მწვრთნელებით. მათ სჭირდებათ მაღალი კლასის სასტუმროები, კვება და სხვა მომსახურება, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი იქნება რეგიონში ტურიზმის განვითარებისა და ფოთის გარეუბნის, კერძოდ მალთაყვისთვის ეკონომიკური სტიმულის მისაცემად", - აღნიშნავს კლუბის დამფუძნებელი.
BM.GE
წყარო: bm.ge