
ესპანეთში საცხოვრებელი ფართების კრიზისის გამო ბოლო 14 წელში პირველი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო
ესპანეთის მოქალაქეებმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე საცხოვრებელი ფართების ხელმისაწვდომობის კრიზისის გასაპროტესტებლად საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს და უამინდობის მიუხედავად პიკეტები მოაწყვეს.
როგორც ირკვევა, აქციას მხარს ქვეყნის ორი უმსხვილესი პროფკავშირი, UGT და CCOO უჭერენ, რომლებიც მილიონზე მეტ მშრომელს აერთიანებენ. აღსანიშნავია, რომ მზარდი ქირისა და გამოსახლებების გამო პროტესტს მოიჯარეთა ასოციაციებიც შეუერთდნენ.
პროფკავშირების ცნობით, პორტებსა და ავტომწარმოებელ ქარხნებში გაფიცვაში მონაწილეობის მაჩვენებელმა საწყის ეტაპზევე 90%-ს მიაღწია, თუმცა ქვეყნის მასშტაბით აქტივობა არათანაბარია.
ყველაზე მწვავე პროტესტი სანაპირო რეგიონებში დაფიქსირდა, სადაც უძრავი ქონების პრობლემა განსაკუთრებით მძიმეა. მადრიდში დემონსტრანტებმა სატრანსპორტო მოძრაობის შესაფერხებლად ქუჩებში ნაგვის დიდი კონტეინერები გამოიტანეს, რასაც პოლიციასთან შეტაკება და ერთი პირის დაკავება მოჰყვა, ბარსელონაში კი არეულობის მოლოდინში მაღაზიების დიდი ნაწილი დაიხურა.
ინფორმაციისთვის, დღეს ესპანეთში დაახლოებით 750,000 საცხოვრებელი სახლის დეფიციტია, 2028 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი მილიონს გადააჭარბებს. ვინაიდან საკუთარი ბინის შეძენას სულ უფრო ნაკლები ადამიანი ახერხებს, იჯარაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რამაც ბაზარზე დამატებითი წნეხი შექმნა.
ესპანეთის ახალგაზრდული საბჭოს დათვლით, ქირის საშუალო ფასი €1,176-ს ($1,315) შეადგენს, რაც ქვეყანაში ახალგაზრდა მოქალაქის საშუალო თვიური ხელფასის დაახლოებით 98.7%-ის ტოლია.
ცნობისთვის, ესპანეთში ბოლო საყოველთაო გაფიცვა 2012 წელს, ევროზონის სავალუტო კრიზისის დროს გაიმართა, როდესაც დასაქმებულებმა მკაცრი ფისკალური ეკონომიის ზომები გააპროტესტეს.
BM.GE
წყარო: bm.ge