![გავიდა სამი წელი და [სანქციების საგამონაკლისო] წესი მუშაობს ძალიან ეფექტურად - ნათია თურნავა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fbm.ge%2Fuploads%2Ffiles%2F2025%2F11%2F25%2F297078%2Fturnava_w_h.jpeg&w=3840&q=75)
გავიდა სამი წელი და [სანქციების საგამონაკლისო] წესი მუშაობს ძალიან ეფექტურად - ნათია თურნავა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამი წლის წინ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული საგამონაკლისო წესი ერთ კონკრეტულ პიროვნებასთან არ იყო კავშირში და მის მთავარ ამოცანას საფინანსო სისტემის საერთაშორისო შეზღუდვებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც უპასუხა კითხვას აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებიდან რამდენიმე დღეში მიღებულ საგამონაკლისო წესზე.
კითხვაზე, ნანობს თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ეს წესი ძალიან პოზიტიურად მუშაობს.
საუბარია 2023 წლის სექტემბრის ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ანალოგიურის შესახებ საქართველოს სასამართლოს განაჩენი შევა ძალაში.
„სანქციების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით მე არაერთხელ განმიმარტავს და ახლა კიდევ უფრო დარწმუნებით შემიძლია განვმარტო, იმიტომ რომ ეს წესი გამოიცა 2023 წელს, ახლა გახლავთ 2026 წლის დასასრული. წესი მთლიანობაში ეძღვნებოდა სანქციების რეჟიმის დაცვის მითითებებს და აუცილებლობას, რადგან ჩვენი საბანკო სისტემა დიდწილად არის დამოკიდებული იმ ქვეყნების ვალუტაზე, რომლებიც არიან ამ სანქციების ავტორები. დოლარზე, ევროზე და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ სანქციების რეჟიმი იყოს მაქსიმალურად დაცული. სწორედ ძირითადი, ასე ვთქვათ, სამი მეოთხედი ამ წესის თუ გადაიკითხავთ, ეძღვნება იმას, რომ ბანკებმა ეს უნდა დაიცვან. მას შემდეგ გავიდა უკვე სამი წელი და შეგვიძლია საკმაოდ სიამაყით ვთქვათ, რომ ჩვენი სისტემა მაქსიმალურად იცავს სანქციებს. არაა არცერთი შემთხვევა ჩვენს მიერ რეგულირებადი ბიზნესის მხრიდან რაიმე სერიოზული დარღვევის და სანქციების არიდების. ეს არ არის მარტო ჩვენი შეფასება, თუმცა ძალიან დიდი წვლილია ჩვენი გუნდის ამაში, არამედ ეს არის საერთაშორისო შეფასება, მათ შორის ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების, როგორიც არის მაგალითად MONEYVAL. ის სწორედ გამჭვირვალობას, ფულის გათეთრებასთან ბრძოლას და ასევე სანქციების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს აფასებს. ასევე ევროკავშირის ბოლო ანგარიშშიც კი მთელი თავია მიძღვნილი და აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან ამ კუთხით საკმაოდ დიდი ძალისხმევაა გაწეული.
ამავდროულად აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი ჩვენი ნორმატიული აქტი, იქნება ეს ეროვნული ბანკის მიერ თუ რომელიმე სხვა საჯარო უწყების მიერ გამოცემული, სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა სპეციალურ პროცედურებს აწესებს მთელ რიგ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც არის სხვის ქონებასთან შეხების დროს აუცილებლად გასავლელი, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილება, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ თვითონ ჩვენი ნორმატიული აქტი ყოფილიყო მაქსიმალურად შესაბამისობაში ჩვენს კანონმდებლობასთან, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ფაქტი სახეზეა, გავიდა სამი წელი, ეს წესი მუშაობს ძალიან პოზიტიურად, ეფექტურად, მისი მთავარი ამოცანა იყო ჩვენი საფინანსო სისტემის შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთაშორისო შეზღუდვებთან, რეგულაციებთან და სასანქციო მოთხოვნებთან. ასე რომ, მის დაკავშირება რომელიმე ერთ კონკრეტულ პიროვნებასთან, მესმის, რომ შეიძლება თქვენ, როგორც ოპოზიციონერს, გგონიათ, რომ ქულებს გმატებთ, მაგრამ არის სიცრუე და ამაზე მეტყველებს ფაქტები", - ამბობს თურნავა.
BM.GE
წყარო: bm.ge