
EU მიგრაციის შესახებ ყველაზე მკაცრ კანონს იღებს, რომელიც ე.წ. "დაბრუნების ჰაბებსაც" მოიცავს
ევროკავშირის კანონმდებლებმა მიგრაციის შესახებ ყველაზე მკაცრ კანონზე შეთანხმებას მიაღწიეს - ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ეს კანონი ევროკავშირის მასშტაბით იმ პირთა დეპორტაციის უფრო სწრაფ და ეფექტიან პროცედურებს უზრუნველყოფს, რომლებიც წევრ სახელმწიფოებში არალეგალურად იმყოფებიან.
ახალი წესები მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც EU-ს წევრ სახელმწიფოებში დარჩენის უფლება არ აქვთ, ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ავალდებულებს. ისინი ასევე ითვალისწინებენ ევროკავშირის საზღვრებს გარეთ "დაბრუნების ჰაბების" (return hubs) შექმნას, ფუნდამენტური უფლებების დაცვით.
ვალდებულებები მათთვის, ვინც არალეგალურად რჩება
ახალი რეგულაცია მკაცრ ვალდებულებებს უწესებს პირებს, რომლებსაც ევროკავშირში დარჩენის უფლება არ აქვთ. კერძოდ, მათ შესაბამისი წევრი სახელმწიფოს დატოვება და ეროვნულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მოეთხოვებათ.
კანონი ასევე ადგენს შედეგებს იმ პირებისთვის, რომლებიც არ ასრულებენ თანამშრომლობის ვალდებულებას, როგორიცაა ეროვნული კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათებისა და დახმარებების შემცირება, ან ნებაყოფლობითი დაბრუნების წახალისებაზე უარის თქმა. იქ, სადაც ამის საშუალებას ეროვნული კანონმდებლობა იძლევა, წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი სანქციებიც დააწესონ, მათ შორის, პატიმრობა.
"დაბრუნების ჰაბები" მესამე ქვეყნებში
ევროკავშირის მასშტაბით მოქმედი წესები წევრ სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, მესამე ქვეყნებში შექმნან "დაბრუნების ჰაბები" იმ პირებისთვის, ვისაც წევრ სახელმწიფოებში დარჩენის უფლება არ აქვს. ასეთი ჰაბები შეიძლება ფუნქციონირებდეს როგორც საბოლოო დანიშნულების ადგილი, ან როგორც სატრანზიტო ცენტრები, რომლებიც ხელს შეუწყობენ წარმოშობის ან სხვა მესამე ქვეყანაში შემდგომ დაბრუნებას.
ამ კონტექსტში, "დაბრუნების ქვეყანა" შეიძლება იყოს მესამე ქვეყანა, რომელთანაც დადებულია შესაბამისი შეთანხმება. ნებისმიერი ასეთი შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ იმ მესამე ქვეყანასთან დაიდოს, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებსა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მათ შორის "არ-გაძევების" პრინციპს.
თანმხლები პირის გარეშე მყოფ არასრულწლოვნებზე ასეთი შეთანხმებები არ ვრცელდება.
ევროპული დაბრუნების ორდერი და დაბრუნების გადაწყვეტილებების ორმხრივი აღიარება
ახალი რეგულაცია "ევროპულ დაბრუნების ორდერს" (ERO) შემოიღებს - ფორმას, რომელშიც წევრმა სახელმწიფოებმა დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების ძირითადი ელემენტები უნდა შეიტანონ. ეს მომავალში ხელს ორმხრივ აღიარებას შეუწყობს, რადგან წევრ სახელმწიფოებს, სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებული დაბრუნების გადაწყვეტილების საცნობად, აუცილებელი ინფორმაცია ექნებათ.
დაბრუნების გადაწყვეტილებების ორმხრივი აღიარება ამ ეტაპზე ნებაყოფლობითი დარჩება და რეგულაციის ძალაში შესვლიდან სამი წლის შემდეგ ხელახლა შეფასდება.
უსაფრთხოების რისკის მქონე პირების დაბრუნება
ახალი რეგულაცია სპეციალურ ზომებს იმ პირებისთვისაც ითვალისწინებს, რომლებიც უსაფრთხოების რისკს წარმოადგენენ. მაგალითად, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, გამოსცენ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა - რომელიც ჩვეულებრივ 10-წლიან მაქსიმალურ ვადას აღემატება - ან, საჭიროების შემთხვევებში, დააწესონ შესვლის უვადო აკრძალვა და პატიმრობა.
შემდგომი ნაბიჯები
ეს დროებითი შეთანხმება ახლა საბჭომ და პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. იურიდიულ-ლინგვისტური რედაქტირების შემდეგ მას ორივე ინსტიტუტი ოფიციალურად მიიღებს.
რეგულაციის იმპლემენტაცია ძალაში შესვლისთანავე - ოფიციალურ ჟურნალში (Official Journal) გამოქვეყნების მომდევნო დღეს დაიწყება. თუმცა, რამდენიმე დებულება 12 თვის შემდეგ ამოქმედდება.
ევროკომისიამ ევროკავშირში არალეგალურად მყოფი მესამე ქვეყნის მოქალაქეების დაბრუნების საერთო წესების დადგენის შესახებ რეგულაცია 2025 წლის მარტში წარადგინა. მისი მიზანი მიგრაციისა და თავშესაფრის პაქტის შევსება იყო, რომლის შესრულებაც 2026 წლის 12 ივნისიდან დაიწყება.
BM.GE
წყარო: bm.ge