EU თუ გადაწყვეტს მოლაპარაკებების გახსნას, ხვალვე მოვაწერთ ხელს... დღემდე ველოდებით პასუხს აშშ-სგან - კობახიძე
"ჩვენ არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, მოლაპარაკებები - არც ევროკავშირთან, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.
კობახიძის თქმით, ევროკავშირი ხვალვე თუ გადაწყვეტს მოლაპარაკებების გახსნას, საქართველოს მთავრობა მზად არის მოაწეროს ხელი, თუმცა კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან შეწყდა პოლიტიკური დიალოგი. ასევე, დღემდე ელოდებიან პასუხს აშშ-სგან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე.
„რაც შეეხება მოლაპარაკებებს 30-წლიან პარტნიორებთან, ჩვენ არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, მოლაპარაკებები - არც ევროკავშირთან, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით არაერთხელ გავაკეთეთ საჯარო განცხადება. ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით და მზად ვართ, რომ ყოველგვარი დახურული საკითხების გარეშე ვისაუბროთ ამ გზამკვლევთან, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე ველოდებით პასუხს და ეს პასუხი არ არის. რაც შეეხება ევროკავშირს, აქაც, ხვალ თუ გადაწყვეტენ მოლაპარაკებების გახსნას, ხვალვე მოვაწერთ ხელს, თუმცა მათი მხრიდან შეწყდა პოლიტიკური დიალოგი და ისინი არ გვიხსნიან მოლაპარაკებებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
