
“ეს აღარ არის „ხილ-ბოსტნის” დიპლომატია - ზურაბაშვილის დანიშვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ტოლფასია” - ყოფილი ელჩი
ეს აღარ არის უბრალოდ „ხილ-ბოსტნისა და ღვინის დიპლომატია“, როგორც აბაშიძე-კარასინის ფორმატს მოიხსენიებდნენ, არამედ გაცილებით მაღალი დონის პოლიტიკური ნაბიჯია - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, კოტე კემულარია საგარეო უწყების მოქმედი პირველი მოადგილის გიორგი ზურაბაშვილის რუსეთთან სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე დანიშვნას.
რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მიიჩნევს, რომ ეს ნაჩქარევი ნაბიჯი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისათვის მზადების სიგნალია, რასაც მოსკოვშიც შესაბამისი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. “ეს არის ხელისუფლების მხრიდან რუსეთის „რისხვის შერბილების“ მცდელობა იმის დასანახად, რომ თბილისი სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ორმხრივი ურთიერთობების დასალაგებლად”,-განაცხადა “საქმის კურსთან” ინტერვიუში ყოფილმა დიპლომატმა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი გასულ კვირას დაინიშნა.
„ზურაბ აბაშიძიდან იწყება ეპოპეა სპეცწარმომადგენლის თანამდებობის. მაშინ გვაჩვევდნენ ამ იდეას ძალიან რბილად, რომ ეს არ ცვლის ჟენევის ფორმატს, ეს არის ხილ-ბოსტნეულის რაღაც ასეთი დიპლომატია. მაშინ რუსებიც იცინოდნენ ამაზე, რომ ეს ხილ-ბოსტნეულის დიპლომატიაა და ამას კავშირი არ აქვს ცენტრალურ საკითხებთან.
[საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ამ პოსტზე დანიშვნით] აი ეს იცვლება! ეს აღარაა უკვე ხილ-ბოსტნის და ღვინის დიპლომატია. აქ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ჩვენ მალე გამოგვიცხადებენ, რომ სპეციალურ წარმომადგენელი ემზადება იმისთვის, რომ ან აქ მიიღოს ლავროვის რომელიმე მოადგილე თბილისში, ან გაემგზავროს მოსკოვში (არა პრაღაში, არამედ მოსკოვში) და შეხვდეს, რაც თითქმის ტოლფასი იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის”,-აცხადებს “საქმი სკურსთან” ინტერვიუში საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში.
"რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის თანამდებობას, ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება”,-განაცხადა პოსტზე ზურაბაშვილის წარდგენისას პრემიერმა კობახიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge