
"გაწერილი არაა, მიდგომა რაზე იქნება დაფუძნებული"|რა კითხვები აქვს ვიკა ფილფანს გაზის და წყლის ტარიფის დათვლის წესის ცვლილებაზე
პარლამენტარი, პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი ვიკა ფილფანი იმ ბუნდოვანებაზე საუბრობს, რაც გაზის და წყლის ტარიფის დათვლის წესის დაგეგმილ ცვლილებას უკავშირდება.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. პროექტით კომისია უფლებას იტოვებს ბუნებრივი აირის ტარიფი მოხმარებული მოცულობის მიხედვით დაუდგინოს, რაც იმას გულისხმობს, რომ ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის. გაზის მსგავსად წყლის ტარიფიც მოხმარების მიხედვით განისაზღვრება.
პარლამენტარმა "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, რომ კანონპროექტში გაწერილი არაა, სემეკის მიდგომა რაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული. მისი თქმით, არის კითხვა იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა ტარიფი გაიზარდოს.
"განმარტებით ბარათშიც განსხვავებული არაფერი წერია. ჩვენი კითხვებიც სწორედ ამას შეეხებოდა - რას ნიშნავს დივერსიფიცირება კონკრეტული კრიტერიუმების გარეშე? ეს არის უბრალოდ ზეპირად მინიჭებული უფლება სემეკისთვის, რომელსაც თავად შეუძლია გადაწყვიტოს მიდგომა კონკრეტულად სხვადასხვა სუბიექტის და ობიექტის მიმართ. ეს მიდგომა რაზე იქნება დაფუძნებული, საბოლოოდ არც განმარტებით ბარათში და არც კანონში ცვლილებაში არ არის გაწერილი, ზეპირსიტყვიერად და, როგორც განმარტებით ბარათშია, მოხმარების მიხედვით დარეგულირდება, რომელიც არ უნდა აისახოს სოციალურად დაუცველთა და სოციალურ გაჭირვებულთა ყოველდღიურ ყოფაზე. აქ მნიშვნელოვანია, რას ვეუბნებით მაშინ მომხმარებელს, ვინც მეტს მოიხმარს. მაგალითად, ავიღოთ მაღალმთიანი რეგიონები და ისეთი რეგიონები, სადაც არ არის, მაგალითად, გაზი. ასეთ რეგიონებში მოიხმარენ ზამთარში გაცილებით უფრო მეტ ელექტროენერგიას, იმიტომ რომ მათ გათბობის საშუალება სხვა არ არის. ასეთ ადამიანებს ვეუბნებით, რომ თქვენ რადგან მეტს მოიხმართ - იმის გამო, რომ ჩვენ სხვა ალტერნატივა ვერ შემოგთავაზეთ - მაშინ თქვენ მეტი უნდა გადაიხადოთ იმის ნაცვლად, რომ ალტერნატივა იყოს შეთავაზებული, თუნდაც ენერგოეფექტურობის კუთხით.
ვისაც სოციალური დახმარება აქვს, მათთვის იქნება მხოლოდ ეს განსაზღვრული, თუ სემეკს ექნება ინდივიდუალური მიდგომა და ექნება ბაზა, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტს დიფერენცირებას გადასახადთან დაკავშირებით, ესეც გაურკვეველია. გაზთან დაკავშირებითაც ანალოგიურია. მაგალითად ავიღოთ ყაზბეგის რეგიონი, სადაც გაზი არის სუბსიდირებული, იმიტომ რომ მაღალმთიანი რეგიონია. აი ამ ადამიანებს, იმ შეღავათს, რომელიც უკვე აქვთ, ვუუქმებთ და რადგან მეტს მოიხმარენ - პირობითად თბილისთან ან ბათუმთან შედარებით - უფრო მეტი გადასახადი ექნებათ თუ ამათ არ ეხებათ, ესეც გაურკვეველია და ბუნდოვანია.
ეს ცვლილება უკავშირდება სწორედ იმას, რომ სრულიად უფლებამოსილება გადაეცეს სემეკს. სემეკი გადაწყვეტს ყველანაირი დადგენილი კრიტერიუმის და მოთხოვნის გარეშე, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. ეს რაღაც კუთხით პასუხისმგებლობის მოცილებასაც ჰგავდა. მაშინ, როდესაც ჩვენ დარბაზში დავსვით კითხვა, როდესაც ცვლილება შეგაქვთ, რა არის საანალიზო მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით, გაძვირდება თუ დარჩება იგივე? ამაზე გაგვცეს პასუხი, რომ ამას გადაწყვეტს თავად სემეკი. აქ იკვეთება სხვადასხვა ეჭვიც, რომ ეს არა მხოლოდ სოციალურ სახეს ატარებდეს, არამედ ბიზნესებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში ან ტურისტულ ადგილებში ოპერირებენ, შეიძლება საერთოდ განსხვავებული მოთხოვნა დაწესდეს და ეს ფულის ამოღების კამპანია გაგრძელდეს ყველა მიმართულებით",- ამბობს ვიკა ფილფანი.
BM.GE
წყარო: bm.ge