
ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, შენგენის ზონაში ავიამგზავრებისთვის ხელბარგი უფასო იქნება
7 ივლისს ევროპარლამენტმა ავიამგზავრების შესახებ ევროკავშირის განახლებული წესები დაამტკიცა: მომხმარებლები უფასო ხელბარგით ისარგებლებენ და, თუ რეისი სულ მცირე სამი საათით დაგვიანდება, ფინანსური კომპენსაციის მიღების უფლება ექნებათ.
ათწლეულზე მეტი ხნის მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებთან მიღწეულ შეთანხმებას პარლამენტის წევრთა თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. კანონპროექტი დამტკიცდა 646 მომხრე და 12 წინააღმდეგი ხმით, ხოლო სამმა თავი შეიკავა.
ახალი წესები ევროკავშირში ნებადართული ხელბარგის გადასახადის პოლიტიკას აკონკრეტებს: მგზავრებს წინა სავარძლის ქვეშ მოსათავსებელ ბარგთან ერთად, კიდევ ერთი უფასო პირადი ნივთის გადატანის უფლება ექნებათ, ზომებით 40x30x15 სმ.
დღეისათვის, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, როგორებიცაა Ryanair ან EasyJet, მცირე ზომის გორგოლაჭებიანი ჩანთების, ხელჩანთებისა თუ ზურგჩანთების გადატანაზე დამატებით საფასურს აწესებენ.
თუმცა, ახალი რეგულაციით, ყველა ავიაკომპანია ვალდებული იქნება შუამავალ პლატფორმებსა და სამძებრო პორტალებზე დაჯავშნის პროცესის დასაწყისშივე აჩვენოს ავიაბილეთის ფასი ხელბარგის ჩათვლით. ამის მიუხედავად, მათ შეეძლებათ შესთავაზონ უფრო იაფი ბილეთები იმ მგზავრებს, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ ხელბარგის გარეშე მოგზაურობას.
გარდა ამისა, ამჟამად, ევროპელი ავიამგზავრები უფლებამოსილნი არიან მიიღონ 250-დან 600 ევრომდე კომპენსაცია, თუ ფრენა გაუქმდა ან სამ საათზე მეტით დაგვიანდა. ახალი რედაქცია ამ დებულებას არ ცვლის და აკონკრეტებს, რომ ავიაკომპანიები გადაიხდიან 300 ევროს 3 500 კილომეტრზე მეტი მანძილის ფრენებზე, ხოლო 600 ევროს - იმ შემთხვევაში, თუ დაგვიანება ოთხ საათს გადააჭარბებს ან რეისი გაუქმდება.
მგზავრებს კომპენსაციის მოთხოვნის წარსადგენად ცხრათვიანი ვადა ექნებათ, ხოლო ავიაკომპანიებს - 30 დღე კომპენსაციის გადასახდელად ან ფორსმაჟორული (საგანგებო) გარემოებების დასასაბუთებლად, რათა თავი აარიდონ გადახდას.
მგზავრებს აღარ ჩამოეჭრებათ დამატებითი საფასური სახელის ორთოგრაფიული შეცდომების შესასწორებლად. ასევე, მათ ექნებათ უფლება, რეგისტრაციისას (check-in) ციფრულად მიიღონ ჩასაჯდომი ბარათები ყოველგვარი დამატებითი მოთხოვნის, პირადი პროფილის შექმნის ან კონკრეტული აპლიკაციის ჩამოტვირთვის ვალდებულების გარეშე.
ევროკავშირის მგზავრთა დაცვის რეგულაციის გადახედვა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. მას შემდეგ ევროპელი კანონმდებლები აქტიურად ითხოვდნენ ხელბარგთან დაკავშირებული უფლებების გაფართოებასა და მგზავრების დაცვის გარანტიებს რეისების დაგვიანების შემთხვევაში, რასაც ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნისა და საავიაციო ინდუსტრიის მხრიდან წინააღმდეგობა ხვდებოდა.
ახალი წესები ძალაში 2027 წლიდან შევა.
BM.GE
წყარო: bm.ge