
ევროპარლამენტმა ციფრული ევროს ინიციატივას მხარი დაუჭირა
სამშაბათს ევროპარლამენტის ეკონომიკურ და მონეტარულ საქმეთა კომიტეტმა (ECON) ციფრული ევროს კანონპროექტი დაამტკიცა - ამ ნაბიჯით ევროკავშირი აშშ-ის მიერ კონტროლირებად საგადასახდო სისტემებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს - წერს Euronews-ი.
ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მონაცემებით, ევროზონაში ბარათით გადახდების 61% და ტრანსასაზღვრო ბარათით ტრანზაქციების თითქმის 100% სწორედ ამერიკულ საგადახდო გიგანტებზე - Visa-სა და Mastercard-ზე მოდის.
ციფრული ევრო ევროპის სტრატეგიული ავტონომიის გასაძლიერებლად შემოთავაზებული ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ის იქნება ცენტრალური ბანკის ფულის ციფრული ფორმა, რომელსაც ცენტრალური ბანკი გამოუშვებს და უზრუნველყოფს. მისი მიზანი არა ნაღდი ფულისა და არსებული საბანკო სერვისების ჩანაცვლება, არამედ მათი შევსებაა.
კანონპროექტის მიხედვით, მომხმარებლებს ციფრული ევროს შენახვა სპეციალურ საფულეში შეეძლებათ, რომელზეც გარკვეული ლიმიტი იმოქმედებს (ზღვარი ჯერჯერობით დაუდგენელია). სისტემა მხარს დაუჭერს როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ ტრანზაქციებს და შექმნილია კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტების დასაცავად - ECB-ს არ ექნება შესაძლებლობა, საგადახდო მონაცემებიდან მომხმარებლები პირდაპირ დააიდენტიფიციროს.
ინფრასტრუქტურას თავად ევროპის ცენტრალური ბანკი უზრუნველყოფს, ხოლო მომხმარებლებს ციფრულ ევროსთან დაკავშირებულ სერვისებს კომერციული ბანკები და საგადახდო სერვისების პროვაიდერები შესთავაზებენ. ფინანსური ინსტიტუტები სქემაში მონაწილეობისთვის კომპენსაციას მიიღებენ, სავაჭრო ობიექტებისთვის დაწესებული საკომისიოები კი, სავარაუდოდ, მიმდინარე ბარათით ტრანზაქციებთან შედარებით დაბალი იქნება.
თუმცა, მოლაპარაკებებში ჩართული სამი წყაროს ცნობით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დაგეგმილი განხილვების წინ ერთ-ერთ ყველაზე სადავო საკითხად რჩება ის, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ეს კომპენსაცია.
ევროკავშირი არ არის ერთადერთი, ვინც საჯარო ციფრულ ვალუტას ავითარებს. ჩინეთმა ციფრული იუანი უკვე დანერგა, რუსეთმა კი განაცხადა, რომ მისი ციფრული რუბლი ოპერირებას 2026 წლის სექტემბრიდან დაიწყებს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განსხვავებული მიდგომა აირჩია. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური რეზერვის (Fed) მიერ გამოშვებული ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გეგმებზე უარი თქვა და მხარი სტაბილკოინების დაუჭირა - კერძო სექტორის მიერ გამოშვებული კრიპტოაქტივების განვითარებას, რომლებიც სტაბილური ღირებულების შესანარჩუნებლად არის შექმნილი.
ევროპარლამენტი კომიტეტის პოზიციას ოფიციალურად, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში, სტრასბურგის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოსთან, კანონმდებლები კი საბოლოო შეთანხმების მიღწევას წლის ბოლომდე გეგმავენ.
BM.GE
წყარო: bm.ge