
ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა
აპრილში ევროპის წამყვან ავტობაზრებზე სრულად ელექტრონული ავტომობილების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, 15 ევროპულ ქვეყანაში ელექტრომობილების რეგისტრაცია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34.1%-ით გაიზარდა და 201,541 ერთეული შეადგინა. საყურადღებოა, რომ ეს ტენდენცია მარტში დაფიქსირებულ 51.3%-იან ზრდას აგრძელებს.
კვლევითი ორგანიზაციების ერთობლივი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ბაზარზე სულ 740,021 ელექტრომობილი დარეგისტრირდა. აღსანიშნი ფაქტია, რომ ამ პროცესმა ნავთობის მოხმარება თითქმის 3 მილიონი ბარელით შეამცირა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდას სახელმწიფო სუბსიდიები, სოციალური ლიზინგის პროგრამები და საწვავის მაღალი ფასი განაპირობებს. ერთობლივ განცხადებაში კვლევითი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მიზანმიმართული სამთავრობო მხარდაჭერა მომხმარებელთა ნდობას მნიშვნელოვნად ზრდის.
რაც შეეხება რეგიონულ გადანაწილებას, ევროპის მასშტაბით ზრდის ტემპი არათანაბარია. მოცულობის მიხედვით ლიდერობას ინარჩუნებენ გერმანია და საფრანგეთი. გერმანიის შემთხვევაში, აპრილში ელექტრომობილების წილმა 25.8% შეადგინა. საფრანგეთში კი დასახელებულმა მაჩვენებელმა 26.2%-ს მიაღწია.
წამყვან პოზიციას კვლავინდებურად იკავებს ჩრდილოეთ ევროპის რეგიონი. ნორვეგიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 98.6%-ს შეადგენს, ხოლო დანიაში 81.9%-ია. ამასთან, ყველაზე მაღალი ზრდით გამოირჩევა იტალიის ბაზარი, სადაც რეგისტრაციის მაჩვენებელი 97.2%-ით გაიზარდა. დაბალი საწყისი მაჩვენებლის გათვალისწინებით, ესპანეთში გაყიდვები 37.3%-ით, პოლონეთში კი 50.1%-ით გაიზარდა, თუმცა ორივე ქვეყანაში ელექტრომობილების წილი კვლავ 10%-ზე დაბალი რჩება.
ცნობისთვის, დასახელებული სტატისტიკური მონაცემები European Alternative Fuels Observatory (EAFO)-ის ბაზას ეყრდნობა. ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაცია კი საკუთარ ოფიციალურ ანგარიშს 27 მაისს გამოაქვეყნებს.
BM.GE
წყარო: bm.ge