
ევროპის TOP-10 ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქი ბინის შესაძენად
ევროპის უძრავი ქონების ბაზარი მუდმივად იცვლება, თუმცა კონტინენტის ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქები ძირითადად ერთ, საოცრად პატარა რეგიონშია თავმოყრილი. Global Property Guide-ის უახლესი მონაცემების მიხედვით, საცხოვრებელი ბინების შესაძენად ევროპის ხუთი ყველაზე ძვირი ქალაქიდან ოთხი შვეიცარიასა და ლუქსემბურგში მდებარეობს.
რეიტინგს უპირობოდ ლიდერობს ციურიხი, სადაც ერთი კვადრატული მეტრის ფასი ასტრონომიულ ნიშნულს, 18 000 ევროს აჭარბებს.
გთავაზობთ ევროპის 10 ყველაზე ძვირად ღირებული საბინაო ბაზრის რეიტინგს:
10) სტოკჰოლმი: 8 380 €/მ²
TOP 10-ეულს შვედეთის დედაქალაქი ხსნის, სადაც ევროპაში უძრავი ქონების ბაზრის აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი სურათი ფიქსირდება.
სტოკჰოლმი, რომელიც 14 კუნძულზეა გაშენებული, ევროპაში ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დონეს და ერთ-ერთ ყველაზე შეზღუდულ (მცირე მიწოდების მქონე) საბინაო ბაზარს აერთიანებს.
ბინების საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 8 380 ევროა, რაც გასულ წელთან შედარებით 7.2%-ით, ხოლო ორი წლის განმავლობაში 17.0%-ით არის გაზრდილი.
შვედეთის დანარჩენი ნაწილი საგრძნობლად იაფი რჩება. საშუალო ფასი გოტენბურგში 4 428 €/მ², ხოლო მალმეში 3 369 €/მ²-ია.
9) კოპენჰაგენი: 8 405 €/მ²
დანიის დედაქალაქი, რომელიც ცნობილია ველოსიპედების ფართო ინფრასტრუქტურითა და მსოფლიოში აღიარებული სარესტორნო სფეროთი, 10-ეულში ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია.
ბინების საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 8 405 ევროა, რაც გასულ წელთან შედარებით 14.3%-ით, ხოლო ორი წლის განმავლობაში 24.0%-ით არის გაზრდილი. ეს ამ რეიტინგში შესული ქალაქებიდან ყველაზე ძლიერი ზრდის მაჩვენებელია.
ამ მხრივ დანიის დანარჩენ ნაწილთან კონტრასტი მკვეთრია. დანიის სიდიდით მეორე ქალაქში, ორჰუსში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასები 16.7%-ით დაეცა და კვადრატულ მეტრზე 4 128 ევრო შეადგინა. ოდენსესა და ოლბორგში (სიდიდით მესამე და მეოთხე ქალაქები) ფასები 2 800 ევროზე დაბლა რჩება.
8) ოსლო: 9 332 €/მ²
ნორვეგიის დედაქალაქში ბოლო პერიოდში ევროპაში საბინაო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აღდგენა დაფიქსირდა. ბინების საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 9 332 ევროა, რაც გასულ წელთან შედარებით 6.3%-ით, ხოლო ორი წლის განმავლობაში 14.0%-ით არის გაზრდილი.
თუმცა, ნორვეგიაში ფასების ზრდის ყველაზე ძლიერი დინამიკა სულ უფრო ხშირად დედაქალაქს გარეთ ფიქსირდება. მაგალითად, ბერგენში (ნორვეგიის სიდიდით მეორე ქალაქი) გასულ წელს ფასები 22.4%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 6 160 ევროს მიაღწია, ხოლო ტრონჰეიმში (სიდიდით მესამე ქალაქი) 12.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა (5 275 ევრომდე).
7) ამსტერდამი: 9 437 €/მ²
ამსტერდამი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ საცხოვრებელ ადგილად იქცა. საცხოვრებლების ქრონიკული დეფიციტი, მკაცრი დაგეგმარების წესები და ძლიერი საერთაშორისო მოთხოვნა ამსტერდამში ფასების ზრდას განაგრძობს.
ბინების საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 9 437 ევროა, რაც გასულ წელთან შედარებით 13.0%-ით, ხოლო ორი წლის განმავლობაში 19.2%-ით არის გაზრდილი.
6) პარიზი: 9 490 €/მ²
პარიზი მსოფლიოში უძრავი ქონების ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ბაზრად რჩება. თუმცა, ამ რეიტინგის ქალაქების უმეტესობისგან განსხვავებით, იქ ფასები ეცემა.
ბინების საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 9 490 ევროა, რაც გასულ წელთან შედარებით 0.3%-ით, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში 7.3%-ით არის შემცირებული. ეს პარიზს ათეულში ყველაზე სუსტი შედეგის მქონე ქალაქად აქცევს.
ოლიმპიადის შემდგომი მოსალოდნელი ფასების ზრდა ჯერ არ დაფიქსირებულა, ხოლო სესხებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები მოთხოვნას კვლავ ზღუდავს. მიუხედავად ამისა, ფასები ბევრად აღემატება საფრანგეთის სხვა ქალაქების მაჩვენებლებს: ლიონში საშუალო ფასი 4 551 €/მ²-ია, ბორდოში - 4 443 ევრო, ნანტში კი - 3 376 ევრო.
5) ბერნი: 9 952 €/მ²
ბერნი შვეიცარიის ფუფუნების ყველაზე ნაკლებად თვალშისაცემი ბაზარია.
ფედერალური დედაქალაქი ამ რეიტინგში შესული შვეიცარიის ოთხი ქალაქიდან ყველაზე იაფია, თუმცა ფასები კვადრატულ მეტრზე 10 000 ევროს უახლოვდება.
ბინების საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 9 952 ევროა, რაც გასულ წელთან შედარებით 0.7%-ით არის შემცირებული, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში 4.5%-ით გაიზარდა.
4) ლუქსემბურგი (ქალაქი): 10 941 €/მ²
ლუქსემბურგი, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით ევროპის უმდიდრესი ქვეყანა, ასევე კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული საბინაო ბაზარია.
ქალაქ ლუქსემბურგში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ცენტრში, ბინების საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 10 941 ევროა (წლიური კლება 0.9%, ორწლიანი - 6.9%). ათწლიანი არაორდინალური ზრდის შემდეგ, ბაზარი კვლავ კორექტირების პროცესშია.
თუმცა, ბოლოდროინდელი კორექტირების მიუხედავად, ლუქსემბურგი რჩება ევროპის იმ იშვიათ ქალაქებს შორის, სადაც ტიპური ერთსაძინებლიანი ბინა, თავისუფლად შესაძლებელია, 1 მილიონ ევროზე მეტი ღირდეს.
3) ლუცერნი: 12 066 €/მ²
ლუცერნი ალბათ ყველაზე დიდი სიურპრიზია ამ რეიტინგში. ქალაქი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ადგილას მდებარეობს, სადაც ფირვალდშტეტის ტბა ალპების მთისწინეთს უერთდება.
მიუხედავად იმისა, რომ ციურიხსა და ჟენევაზე ბევრად პატარაა, ბინების საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე აქ 12 066 ევროა, რაც გასულ წელთან შედარებით 7.3%-ით არის გაზრდილი.
შეზღუდული მიწოდება, უაღრესად სასურველი ლოკაცია და ძლიერი მოთხოვნა ადგილობრივი თუ საერთაშორისო მყიდველებისგან ფასების შენარჩუნებას უწყობს ხელს.
2) ჟენევა: 16 819 €/მ²
რეიტინგის სათავეში ჟენევას ყოფნა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი შრომის ბაზარზე არსებულ მუდმივ მოთხოვნას ასახავს. გაეროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, წითელი ჯვრის და კერძო ბანკების დიდი კონცენტრაციის გამო, ქალაქი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიონალებს იზიდავს.
ბინების საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 16 819 ევროა, რაც გასულ წელთან შედარებით 3.4%-ით არის გაზრდილი, ხოლო ორი წლის მონაცემებით - ძირითადად უცვლელია.
ამ დონეზეც კი, მიწოდება უკიდურესად მწირი რჩება, რაც ეხმარება ჟენევას შეინარჩუნოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური უძრავი ქონების ბაზრის სტატუსი.
1) ციურიხი: 18 229 €/მ²
ციურიხი ევროპაში საცხოვრებელი უძრავი ქონებისთვის ყველაზე ძვირ ქალაქად რჩება - ბინების საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 18 229 ევროა.
მიუხედავად იმისა, რომ ფასები ისედაც გამონაკლისად მაღალი იყო, გასულ წელს ისინი 4.2%-ით, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში 11.7%-ით გაიზარდა.
როგორც შვეიცარიის უდიდესი ბანკების, საფონდო ბირჟისა და აქტივების მართვის უზარმაზარი ინდუსტრიის სამშობლო, ციურიხი აერთიანებს ფინანსურ ძალას, პოლიტიკურ სტაბილურობასა და საცხოვრებლების ქრონიკულ დეფიციტს.
შედეგად ვიღებთ უძრავი ქონების ისეთ ბაზარს, რომლის მსგავსიც ევროპაში არ მოიძებნება.
BM.GE
წყარო: bm.ge