
ევროსაბჭომ საქართველოზე კრიტიკულ რეზოლუციას დაუჭირა მხარი
დღეს, 24 ივნისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა საქართველოზე კრიტიკულ რეზოლუციას.
მას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციის თანამომხსენებლები არიან პორტუგალიელი სოციალისტი ედიტე ეშტრელა და ბოსნიელი ლიბერალ-დემოკრატი საბინა ჩუდიჩი. რეზოლუციის პროექტს 2026 წლის მაისში მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციის პროექტში დეტალურად აღწერს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის უწყვეტ პროცესს. დოკუმენტში ხაზგასმულია სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიასა და განსხვავებულ აზრზე განხორციელებული სისტემატური ზეწოლა. პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ქვეყანაში ამჟამად არ არსებობს გარემო ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.
PACE მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვისა და მათი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ. ასამბლეა აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ ამ გზის გაგრძელება საქართველოში ფაქტობრივად, ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს, რაც შეუთავსებელია ევროპის საბჭოს წევრობასთან.
რეზოლუცია კატეგორიულად მოითხოვს მთელი რიგი რეპრესიული კანონების დაუყოვნებლივ გაუქმებას. კერძოდ, დასახელებულია კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (FARA), სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები და კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“. ის ასევე გმობს მიმდინარე თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელობაზე, ისევე როგორც დამოუკიდებელ მედიაზე.
ღრმა შეშფოთებას უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის ფედერაციისკენ მკვეთრი გეოპოლიტიკური შემობრუნების გამო. ეს მოიცავს როგორც შიდა ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებულ საფრთხეებს, ისე ბრალდებებს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის.