
Fable 5-ის აკრძალვის შემდეგ, Anthropic-ის წარმომადგენლები თეთრ სახლში დაიბარეს
AI ინდუსტრიის ამერიკული გიგანტის, Anthropic-ის წამყვანი ტექნიკური პერსონალი დღეს ვაშინგტონში თეთრი სახლის ოფიციალურ პირებს შეხვდებიან. არსებული ინფორმაციით, მხარეები კომპანიის ყველაზე მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელების გათიშვის საკითხის განხილვას აპირებენ.
როგორც Axios-ი წერს, ვირტუალური ფორმით შეხვედრებს Anthropic-ის წარმომადგენლები პარასკევიდანვე მართავდნენ, თუმცა საბოლოოდ ტრამპის ადმინისტრაციამ აუცილებლად მიიჩნია, რომ კომპანიის ტექნიკური პერსონალი უშუალოდ თეთრ სახლში დაებარებინათ.
რაც შეეხება თავად Fable 5-თან დაკავშირებულ უთანხმოებას, როგორც ცნობილია პრეზიდენტ ტრამპის გუნდმა რამდენიმე დღის წინ კომპანიას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უახლესი მოდელების გამოყენების დაბლოკვა უბრძანა. ეს შეზღუდვა კი Fable 5-სა და Mythos 5-ს უნდა შეხებოდა. ტექნოლოგიურ სტარტაპში თავიდანვე განმარტეს, რომ წარმოშობისა და მოქალაქეობის ნიშნით მომხმარებლებს ვერ დაყოფდნენ, ამიტომ მსოფლიოს ყველაზე მძლავრი AI მოდელი გლობალურად, ამერიკელი მომხმარებლებისთვისაც კი სრულად გათიშეს. სავარაუდოა, რომ სწორედ ეს გადაწყვეტილება და სამომავლო ნაბიჯები იქნება ის, რაზეც დარიო ამოდეის წარმომადგენლები პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს შეხვდებიან.
BM.GE
წყარო: bm.ge