
FAO-მ თხილის სექტორისთვის EU-სა და შვედეთის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამა განაახლა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ევროკავშირისა და შვედეთის ENPARD IV-ის ფარგლებში, საქართველოში თხილის მცირე და საშუალო ზომის მწარმოებლებისთვის თანამონაწილეობრივი საგრანტო პროგრამა განაახლა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ინიციატივა ფოკუსირებულია მოსავლის აღების შემდგომი მართვის პრაქტიკების გაუმჯობესებაზე, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომლის დროსაც არასწორმა შრობამ და შენახვამ, შესაძლოა, აფლატოქსინით დაბინძურება გამოიწვიოს, რაც პროდუქტს ბაზრისთვის უვარგისს ხდის და მწარმოებლისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს იწვევს.
გრანტები გათვალისწინებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში თხილის მოქმედი მწარმოებლებისთვის, რომლებმაც უკვე წარმატებით გაიარეს FAO-ს მხარდაჭერით ჩატარებული ტრენინგები თხილის წარმოების, სურსათის უვნებლობისა და მოსავლის აღების შემდგომი მართვის მიმართულებით.
"შერჩეული ბენეფიციარები მიიღებენ თანადაფინანსებას თანამედროვე აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც აუცილებელია მოსავლის აღების შემდგომი პროცესების უსაფრთხო და ეფექტიანი მართვისთვის.
FAO-ს დონორები ინვესტიციის ღირებულების 70 პროცენტს დაფარავს, ხოლო დარჩენილი წილის გადახდას ბენეფიციარები უზრუნველყოფენ. თანამონაწილეობრივი გრანტი გაიცემა ფერმერებზე, რომლებიც ფლობენ 0.5-დან 30 ჰექტარამდე ფართობზე გაშენებულ თხილის ბაღებს, აქვთ იურიდიული სტატუსი, და აკმაყოფილებენ დამატებით ტექნიკურ მოთხოვნებს. ხელმისაწვდომი აღჭურვილობა მოიცავს თხილის ვერტიკალურ საშრობებს, დამხმარე სატრანსპორტო ლენტებს ან/და ვერტიკალურ ელევატორებს, უცხო სხეულების გამცლელებსა და თხილის გასარჩევ მაგიდებს", - წერია FAO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცნობითვე, 2025 წელს, საქართველოს მასშტაბით თხილის 22-მა მწარმოებელმა მიიღო თანამონაწილეობრივი გრანტი, რომლის მეშვეობითაც მათ შეძლეს თანამედროვე დანადგარებში ინვესტირება და მოსავლის აღების შემდგომი პრაქტიკების გაუმჯობესება. ევროკავშირისა და შვედეთის მიერ მხარდაჭერილი ინვესტიციები ფერმერებს ეხმარება მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირებაში, პროდუქტის ბაზარზე რეალიზების გაუმჯობესებაში და შემოსავლის ზრდაში.
საგრანტო შესაძლებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
BM.GE
წყარო: bm.ge