მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ფაქტობრივად, არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა“ - მინისტრი რთველის მიმდინარეობაზე
„ფაქტობრივად, არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა“ - მინისტრი რთველის მიმდინარეობაზე

„ფაქტობრივად, არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა“ - მინისტრი რთველის მიმდინარეობაზე

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 22:20|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, წინა წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე რთველის პროცესში არაკონდიციური ყურძენი პრაქტიკულად არ ბარდება და მევენახეები ყურძნის შესაბამის კონდიციაში შესვლას ელოდებიან.

მინისტრის განცხადებით, კახეთში რთველი აქტიურად მიმდინარეობს და ამ ეტაპზე პიკი ჯერ არ დამდგარა. ამ დროისთვის დაკრეფილი და გადამუშავებულია დაახლოებით 15 000 ტონა ყურძენი. მიმდინარე წელს, საქართველოში მოსალოდნელია ყურძნის რეკორდული მოსავალი და საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 320 000 ტონას შეადგენს.

„ადრე თუ მევენახე მობილიზებული და ორიენტირებული იყო, სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ ფასში ჩაებარებინა ყურძენი და, შესაბამისად, რაც უფრო დიდი იქნებოდა მოსავალი, მით მეტი შემოსავალი მიეღო, ახლა, განხორციელებული ცვლილებით, ყურადღება არა რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ ნაწილს ექცევა. ხარისხი უკეთესი ღვინის მიღების საფუძველია, რაც, თავის მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ ღვინოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. რაც შეეხება მიმდინარე რთველს, მინდა აღვნიშნო, რომ ფაქტობრივად, არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა. ეს ნიშნავს, რომ მევენახეები ელოდებიან ყურძნის შესაბამის სიმწიფესა და ხარისხს, რათა მისი ჩაბარება შესაძლებელი გახდეს. ეს მიდგომა განსხვავებულია წინა წლების რთველისგან“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ წლევანდელი რთველი შედარებით გვიან დაიწყო, რაც, ერთი მხრივ, ყურძნის შესაბამისი სიმწიფის მიღწევის მოლოდინს, ხოლო, მეორე მხრივ, კლიმატურ და გარემო პირობებს უკავშირდება. მისი თქმით, რთველის შტაბი აქტიურად მუშაობს. მობილიზებულია შესაბამისი რესურსები, რათა მოსავლის მიღება და დაბინავება მაქსიმალურად ორგანიზებულად განხორციელდეს.

„წლევანდელი რთველი გამორჩეულია მოსავლის რაოდენობით და, ჩვენი პროგნოზით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყურძნის ყველაზე დიდი მოსავალი გვექნება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ მოცულობის მოსავალს ორგანიზებულად შევხვდეთ და არცერთი გრამი ყურძენი არ დარჩეს დაუბინავებელი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რთველის ორგანიზებულად ჩატარებას. რიგები გარკვეულწილად გარდაუვალია, რადგან მოკლე პერიოდში ხდება კონდიციური ყურძნის დიდი მოცულობის ჩაბარება, თუმცა არსებული შესაძლებლობებით ამ პროცესს მაქსიმალურად ეფექტიანად ვმართავთ და მევენახეებს რიგში ნაკლები დროის გატარება მოუწევთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რთველის ორგანიზებულად ჩატარებასა და რიგების ეფექტიან მართვაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობას მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყურძენი იყოს ხარისხიანი, მისი დაბინავება მოხდეს ორგანიზებულად და ეს ხარისხი საბოლოოდ აისახოს ღვინოზე. ხარისხიანი ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია და მისი ხარისხის გაუმჯობესება პირდაპირ უკავშირდება როგორც სექტორის განვითარებას, ისე ჩვენი მევენახეების ინტერესებს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ღვინის სექტორის წინაშე არსებულ საერთაშორისო გამოწვევებზე. მისი განცხადებით, მსოფლიოში ღვინის მოხმარება მცირდება, შესაბამისად ამ გამოწვევის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქართული ღვინის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაა.

„მსოფლიოში ღვინის მოთხოვნა 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც საკმაოდ დიდ გამოწვევებს უქმნის არა მხოლოდ ქართულ ღვინოს, არამედ მთლიანად ღვინის სექტორს მსოფლიო ბაზარზე. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ წლიდან წლამდე ექსპორტი იზრდება და ამ კუთხით სტაბილურობა გვაქვს. თუმცა გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს, თავისთავად, ნიშნავს, რომ ღვინის ხარისხზე კიდევ უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ და გავაუმჯობესოთ“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • თავდაცვის მინისტრმა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების პირად შემადგენლობას ქვედანაყოფების დაარსების დღე მიულოცაიმედი
  • რას ამბობს ოცნების განათლების მინისტრი თბილისის 21-ე სკოლაში სწავლის შეჩერებაზეფორმულა
  • კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნანეტგაზეთი
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ გააჩნია - ევროკავშირი

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ გააჩნია - ევროკავშირი

BM.GE

ქართულ ანიმაციას “რა ფერია შენი სიზმრები?” მონრეალში აჩვენებენ

ქართულ ანიმაციას “რა ფერია შენი სიზმრები?” მონრეალში აჩვენებენ

BM.GE

ველოდებით მეტ ინვესტიციას J.P. Morgan-ის მიერ წარდგენილი ახალი ინდექსით - ნათია თურნავა

ველოდებით მეტ ინვესტიციას J.P. Morgan-ის მიერ წარდგენილი ახალი ინდექსით - ნათია თურნავა

BM.GE

საუდის არაბეთმა ევროპელ კლიენტებს ნავთობის მიწოდება დროებით შეუჩერა

საუდის არაბეთმა ევროპელ კლიენტებს ნავთობის მიწოდება დროებით შეუჩერა

BM.GE