
„ფასების ფორმირებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის შემოსავლებს და კონკურენტული ბაზრის არსებობას“- ბერიკაშვილი
„მთავარი პრობლემა ის კი არ არის, პროდუქცია ძვირია თუ იაფი, მთავარი კითხვა რამდენად შეესაბამება ეს ფასები მოსახლეობის შემოსავლებს“ - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა ისაუბრა.
მისი შეფასებით, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ხელოვნურად გაიაფების მოთხოვნა, სხვა პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს. რეალური შედეგის მისაღწევად კი სახელმწიფოს ერთადერთი ქმედითი როლი კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.
„თავიდანვე ცხადი იყო, რომ ის მიზნები, რომლებიც თავდაპირველად იყო გაჟღერებული ფასების შემცირება ან მათი ხელოვნურად კონტროლი, რეალურად მიღწევადი ვერ იქნებოდა. საბოლოოდ თქვეს, რომ ეს მიზანი საერთოდ არ ყოფილაო, თუმცა აშკარა იყო, რომ პროპაგანდა მუშაობდა იმაზე, თითქოს საქართველოში მარჟები ძალიან მაღალია, უფრო მაღალი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. შემდეგ იგივე პროპაგანდამ დაიწყო მტკიცება, რომ პირიქით, საკმაოდ კარგი ფასები გვქონდა. საბოლოოდ კომისიამაც დაადგინა, რომ ფასები მართლაც კონკურენტულია. სინამდვილეში პრობლემა განყენებულად მხოლოდ ფასები ხომ არ არის, მთავარი საკითხია, ფასები რა დონეზეა და მოსახლეობის შემოსავლები როგორი გვაქვს. პრობლემა დიდ სურათში სწორედ აქ გვაქვს.
გამოსავლის ძიება ცხადია, შესაძლებელია. შეიძლება სახელმწიფომ მოსთხოვოს მსხვილ რითეილერებს, რომ გარკვეულ პროდუქციაზე დაბალი ფასები ჰქონდეთ, მაგრამ ეს საერთო ჯამში არ ნიშნავს, რომ რეალურად რამე გაიაფდება. ეს არც შეიძლება იყოს მთავარი მიზანი.
ზოგადად, ამ ბიზნესში კონკურენციაა მნიშვნელოვანია. ფასების ფორმირებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად კონკურენტულია ბაზარი. ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად არსებობს ბარიერები ახალი მოთამაშეებისათვის, განსაკუთრებით მსხვილ სუპერმარკეტებში შესვლის მიმართულებით.
ფაქტობრივად, ერთადერთი, რაც სახელმწიფომ შეიძლება გააკეთოს, არის კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა. საჭიროა ისეთი მყარი და გრძელვადიანი გარემოს შექმნა, სადაც ბიზნესი თავისუფლად და ჯანსაღ პირობებში იმუშავებს. თორემ ხელოვნურად მოთხოვნა, რომ კომპანიებმა ძალით შეამცირონ ფასები, ან გაძვირება აუკრძალონ, უბრალოდ არ მუშაობს, ეს სხვა პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს. მსგავსი შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც ყოფილა და შედეგი კარგი არ დამდგარა. სახელმწიფოს მთავარი ფუნქციაა, შექმნას ჯანსაღი, კონკურენტული გარემო ბიზნესისთვის.“ - განაცხადა ბერიკაშვილმა.