მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ფერმერებს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გვიწევს გაყიდვა“ - რა იწვევს კარტოფილის ბაზარზე არსებულ კრიზისს
„ფერმერებს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გვიწევს გაყიდვა“ - რა იწვევს კარტოფილის ბაზარზე არსებულ კრიზისს

„ფერმერებს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გვიწევს გაყიდვა“ - რა იწვევს კარტოფილის ბაზარზე არსებულ კრიზისს

BM.GE26 ოქტომბერი, 2026, 01:42|bm.ge

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა, იმპორტის მოცულობაც კლების ტენდენციას აჩვენებს. ამ ფონზე ადგილობრივი მწარმოებლები რეალიზაციის პრობლემებზე საუბრობენ. კარტოფილის მწარმოებელი, ილია ყავრელიშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ახალქალაქსა და ახალციხეში მოსავლის აღების სეზონია, ბაზარზე პროდუქციის მიწოდება გაიზარდა, თუმცა რეალიზაციის ფასი წარმოების ხარჯებს ვეღარ ფარავს.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოდან 5.1 მილიონი დოლარის ღირებულების 19.4 ათასი ტონა კარტოფილი გავიდა ექსპორტზე. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის ღირებულება 26.7 მილიონ დოლარს, მოცულობა კი 79.2 ათას ტონას შეადგენდა. შესაბამისად, ექსპორტის ღირებულება წლიურად 80.9%-ით, რაოდენობა კი 75.5%-ით შემცირდა.

ამავე პერიოდში კარტოფილის იმპორტის ღირებულება 35.2%-ით, მოცულობა კი 59.2%-ით შემცირდა. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 2.8 მილიონი დოლარის ღირებულების 4 ათასი ტონა კარტოფილი შემოვიდა, გასული წლის იმავე პერიოდში კი - 4.4 მილიონი დოლარის ღირებულების 9.8 ათასი ტონა.

თუმცა, ექსპორტისა და იმპორტის შემცირების პარალელურად, ადგილობრივი წარმოების რეალიზაცია ფერმერებისთვის კვლავ გამოწვევად რჩება. ილია ყავრელიშვილის განმარტებით, მოსავლის აღების პერიოდში ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის მიწოდება იზრდება, რაც იმპორტზე მოთხოვნას ამცირებს. ამასთან, წვიმიანი ამინდის გამო კარტოფილის ნაწილი სველი და ტალახიანია, რაც მის რეალიზაციას ართულებს.

„დღეის მდგომარეობით, ახალქალაქის რეგიონში და ასევე ახალციხეში მიმდინარეობს კარტოფილის მოსავლის აღება. შესაბამისად, როცა მოსავლის სეზონია, ამ პერიოდში იმპორტი არ გვჭირდება, რადგან ფასი საკმაოდ დაბალია. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას ისიც, რომ მწარმოებლებს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გვიწევს გაყიდვა. მოსავალიც საკმაოდ ბევრია და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ე.წ. მიწიანი და ტალახიანი კარტოფილი არავის სჭირდება. რეალიზაციის მიზნით დაბალ ფასში გვიწევს გაყიდვა და კარტოფილისთვის ეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ეს სეზონი ბევრი ფერმერისთვის შეიძლება გაკოტრების ტოლფასი გახდეს, რადგან ფასი დაბალია, წარმოება კი საკმაოდ გაძვირებულია - საწვავი, მუშახელი და ბევრი სხვა ფაქტორი ზრდის თვითღირებულებას“, - აცხადებს ილია ყავრელიშვილი.

მისი თქმით, კარტოფილის წარმოების თვითღირებულება დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი, მაშინ როდესაც პროდუქციის ადგილზე რეალიზაციის ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული.

„ამ ეტაპზე ფასი დაახლოებით 50-დან 70 თეთრამდე მერყეობს. ეს ადგილზე გასაყიდი ფასია. გასული წლის ამავე პერიოდში კარტოფილის ფასი 85 თეთრიდან ერთ ლარამდე იყო. წელს ფასის კლება დაახლოებით 30%-ია, თვითღირებულება კი დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი“, - აღნიშნავს მწარმოებელი.

ყავრელიშვილის შეფასებით, ადგილობრივი კარტოფილის ექსპორტზე გატანასაც რამდენიმე ფაქტორი აფერხებს. მისი თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ქართული კარტოფილი იყიდებოდა, მათ შორის აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში, ამ ეტაპზე ადგილობრივი მოსავლის აღებაც მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ ბაზრებზე მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე შესაძლოა შეზღუდული იყოს. ამასთან, ექსპორტის ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე გავლენას ახდენს ფასები და ვალუტის კურსიც.

"ექსპორტზე ამ ეტაპზე ვერ გადის, რადგან შეუსაბამობაა. სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში, კარტოფილს მოიხმარენ, მაგრამ სავარაუდოდ, იქაც მოსავლის აღების პროცესია და ჯერ საკუთარი ადგილობრივი პროდუქცია აქვთ. ამ ფასიდან გამომდინარე, მათთვისაც შეიძლება არ იყოს მოგებიანი კარტოფილის ექსპორტზე გატანა, რომ სხვა ქვეყნის ბაზარზე შევიდნენ. რამდენიმე ექსპორტიორთან მქონდა კომუნიკაცია და რუსული ბაზრისთვის ეს ფასი მიუღებელია - რუსული რუბლის კურსიც დაბალია და ადგილობრივი ღირებულებით ექსპორტის განხორციელება კალკულაციაში ვერ ჯდება", - ამბობს ილია ყავრელიშვილი.

მწარმოებლის განცხადებით, თუ რეალიზაციის ფასი და წარმოების ხარჯები ამგვარად შენარჩუნდება, ფერმერების ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. მისივე თქმით, კარტოფილის მწარმოებლებს სახელმწიფო მხარდაჭერა სჭირდებათ, მათ შორის წარმოების ხარჯების შემცირების მიმართულებით.

„თუ წლების განმავლობაში კარტოფილის ფასს, თვითღირებულებასა და სარეალიზაციო ფასს გადავხედავთ, ხშირ შემთხვევაში ჩავარდნები გვაქვს, მაგრამ ამ მიმართულებით სახელმწიფო ჯერ არ დაგვდგომია გვერდში. არ ყოფილა ისეთი მხარდაჭერა, როგორიც შეიძლება საწვავის, სასუქის ან სხვა ხარჯის სუბსიდირება იყოს, რომ მწარმოებლებისთვის თვითღირებულება მინიმალურ დონეზე მაინც შემცირდეს. მაშინ, როდესაც ვაშლთან, ყურძენთან და სხვა პროდუქტებთან მიმართებით მსგავსი მხარდაჭერის მაგალითები არსებობს“, - აცხადებს ყავრელიშვილი.

მისივე თქმით, ფერმერები იმედოვნებენ, რომ შესაბამისი უწყებები მათ მდგომარეობას გაითვალისწინებენ და მომავალში ისეთი კრიზისის თავიდან აცილებაში დაეხმარებიან, რომელმაც შესაძლოა ადგილობრივი ბაზრის მომარაგებასაც შეუქმნას საფრთხე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისში ოპოზიციის ალიანსის საპროტესტო აქცია დასრულდა

თბილისში ოპოზიციის ალიანსის საპროტესტო აქცია დასრულდა

BM.GE

სამხარაულის დასკვნები და MGDF-ის შემოწმებებ - რა ბედი ელის სარეაბილიტაციო სკოლებსა და სასწავლო პროცესს

სამხარაულის დასკვნები და MGDF-ის შემოწმებებ - რა ბედი ელის სარეაბილიტაციო სკოლებსა და სასწავლო პროცესს

BM.GE

"ოჯახური" ფარშის საკმაზის კონკრეტულ პარტიას ქსელებიდან იღებს - განცხადება

"ოჯახური" ფარშის საკმაზის კონკრეტულ პარტიას ქსელებიდან იღებს - განცხადება

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE