
"ფოკუსირებულები ვიყავით არასაკრედიტო პროდუქტების და სერვისების დანერგვაზე" - როგორია "კრისტალის" შედეგები?
მიკრობანკ “კრისტალში” აცხადებენ, რომ ლიცენზიის მიღების შემდეგ ძირითადი აქცენტი ახალი პროდუქტების განვითარებაზე გააკეთეს და საკრედიტო პორტფელის ზრდის მიმართულებით შედარებით ზომიერი ტემპი ჰქონდათ.
როგორც “საქმის კურსის” ეთერში “კრისტალის” გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, ერთი წლის განმავლობაში ორგანიზაციამ დეპოზიტების და ფინანსური სახსრებით სახით ჯამში დაახლოებით 100 მილიონი ლარი მოიზიდა.
“ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე წელიწად-ნახევარი გავიდა ლიცენზიის მიღებიდან. ოთხი თვე უშუალოდ მიკრობანკის ოპერირების დაწყებას მოვუნდით, რაც რეკორდულად სწრაფი იყო. შემდეგ უკვე დავკონცენტრირდით ახალი პროდუქტების გამოშვებაზე, რაც განასხვავებს მიკრობანკებს და მიკროსაფინანსოებს. ძალიან პოზიტიურ შედეგებს მივაღწიეთ ადგილობრივი ბაზრიდან დეპოზიტების და ფინანსური სახსრების მოზიდვაში, რისი საშუალებაც აქამდე არ გვქონდა. ამ მიმართულებით დაახლოებით 100 მილიონი ლარის პორტფელი გვაქვს, რაც ჩვენი ჯამური დაფინანსების 18%-მდე არის. ეს ერთ წელში ძალიან კარგი შედეგია, იმიტომ რომ ორგანიზაცია როდესაც ნოლიდან იწყებს, ეს მეტყველებს მის მიმართ მაღალ ნდობაზე.
ამის გარდა, უშუალოდ საკრედიტო პორტფელში ჩვენ უფრო ზომიერი ზრდა დავაფიქსირეთ, დაახლოებით 10-12%, გამომდინარე იქიდან, რომ ფოკუსირებულები ვიყავით ტრანსფორმაციაზე და არასაკრედიტო პროდუქტების და არასაკრედიტო სერვისების დანერგვაზე. მინდა გამოვყო, რა თქმა უნდა, ბარათები, სხვა ტიპის ტექნოლოგიური სერვისები.
სულ ახლახან მოვაწერეთ ხელი მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიასთან, მობილური ბანკინგის პროექტს ვაკეთებთ, რომელიც ძალიან განსხვავებული, საინტერესო და ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი სეგმენტისათვის და ინოვაციური საფინანსო სექტორში”, - განაცხადა ილია რევიამ.
ცნობისთვის, “კრისტალმა” მიკრობანკის ლიცენზია 2025 წლის თებერვალში მიიღო. წელს 9 თვის მონაცემებით, “კრისტალის” საკრედიტო პორტფელის 610 მლნ ლარს, ხოლო დეპოზიტების მოცულობა 56 მლნ-ს აჭარბებდა.
BM.GE
წყარო: bm.ge