
პარაგვაის პრეზიდენტი სანტიაგო პენია Ueno Bank-ის კოლაფსის გამო გადადგა
პარაგვაის პრეზიდენტმა, სანტიაგო პენიამ თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი მასთან დაკავშირებული ციფრული ბანკის, Ueno Bank-ის გაკოტრებით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისი გახდა.
ქვეყნის ყოფილმა ლიდერმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი სტაბილურობის, სოციალური მშვიდობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მიერ გადადგომის გამოცხადებას წინ საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში იმპიჩმენტის პროცესის დაწყების მხარდაჭერა და კონგრესის შენობასთან დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკებები უძღოდა.
ინფორმაციისთივს, კრიზისი ციფრული ბანკის, Ueno Bank-ის გადახდისუუნაროდ გამოცხადებას და ყველა ფინანსური ოპერაციის შეჩერებას მოჰყვა. Ueno Bank-ი დაახლოებით 3 მილიონ მომხმარებელს ემსახურებოდა, რაც პარაგვაის სრულწლოვანი მოსახლეობის თითქმის 60%-ს უტოლდება. ფინანსური ინსტიტუტი საპენსიო და სხვა სახელმწიფო ფონდებსაც განკარგავდა. ბანკის გაკოტრების გამო კი მილიონობით მოქალაქე საკუთარ დანაზოგზე წვდომის გარეშე დარჩა.
კანონმდებლებმა პენია ინტერესთა კონფლიქტსა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს, რადგან ის ბანკის მფლობელი კომპანიის აქციებს მუდმივად ფლობდა. თავად პენიამ რაიმე სახის კანონდარღვევა კატეგორიულად უარყო.
მოვლენების პარალელურად, ცენტრალურმა ბანკმა კრედიტორზე კონტროლი დააწესა და ახალი ხელმძღვანელი დანიშნა, საკანონმდებლო ორგანომ კი მეანაბრეებისთვის თანხების დაბრუნების მექანიზმი დაამტკიცა.
ცნობისთვის, სანტიაგო პენია ქვეყნის პრეზიდენტად 2023 წელს მმართველი კონსერვატიული პარტიის, Colorado-ს სახელით აირჩიეს. პრეზიდენტის გადადგომის ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ სახელმწიფოს მეთაურის პოსტს ვიცე-პრეზიდენტი პედრო ალიანა დაიკავებს.
BM.GE
წყარო: bm.ge