
ფოლადის წარმოების დაახლოებით 60%, ხოლო ფეროშენადნობების საწარმოების 40% გაჩერებულია - მერაბ ლომინაძე
საქართველოში ფეროშენადნობების მწარმოებელი მცირე და საშუალო კომპანიების ნაწილმა მუშაობა შეაჩერა. 20 კომპანიიდან შედარებით სტაბილურად მხოლოდ 2 მსხვილი საწარმო მუშაობს.
დარგის წარმომადგენლების განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე არსებული არასახარბიელო ფასებისა და ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის ფონზე, ოპერირება წამგებიანი გახდა.
ანალოგიური სიტუაციაა მეტალურგიის სექტორშიც, სადაც სამი ძირითადი მსხვილი საწარმო ოპერირებს. როგორც ელექტროენერგიის მომხმარებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მერაბ ლომინაძე აცხადებს, ამ სამი საწარმოს ჯამური სიმძლავრე თვეში დაახლოებით 70-75 ათასი ტონა არმატურის წარმოებაა. მაშინ, როდესაც საქართველოს შიდა მოხმარება მხოლოდ 55 ათასი ტონაა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს რესურსი, სრულად დაიკმაყოფილოს მოთხოვნა და პროდუქცია ექსპორტზეც გაიტანოს.
მიუხედავად ამისა, როგორც ლომინაძე ამბობს, მაღალი თვითღირებულების გამო, ადგილობრივი წარმოება წამგებიანი გახდა. წარმოება გააძვირა ენერგომატარებლებზე არსებულმა ფასებმა. მისი განმარტებით, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი ფოლადის მწარმოებლებისთვის დაახლოებით 2-2,5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე თურქეთსა და აზერბაიჯანში, რაც ქართულ პროდუქციას არაკონკურენტუნარიანს ხდის. შესაბამისად, დარგი ამჟამად ვერ იყენებს თავის სიმძლავრეებს, რაც სამუშაო ადგილების დაკარგვას და ქვეყნიდან ვალუტის გადინებას იწვევს.
“ელექტროენერგიის მაღალი ფასი ნეგატიურად აისახა ფოლადის წარმოებაზე. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ათვისებული გვაქვს დაახლოებით 40% ამ სიმძლავრეებისა და ვახორციელებთ დღემდე ფოლადის ნაწარმის იმპორტს გვერდზე მდებარე ქვეყნებიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან, როგორიც არის თურქეთი და სხვა. შესაბამისად ესეც ნეგატიურად მოქმედებს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, რადგან ქვეყნიდან გაედინება უცხოური ვალუტა, მაშინ როდესაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს საკუთარი რესურსით გამოვიმუშაოთ.
ყველაფერთან ერთად ხაზგასასმელია ერთი რამ: ქვეყანაში გვაქვს ძალიან მაღალი დენის ტარიფი. ქვეყანაში დღეის მდგომარეობით უკანასკნელი ორი თვეა წყალი იღვრება სიჭარბის გამო, იმიტომ რომ მომხმარებელი არ არის ამ ელექტროენერგიისა და პარალელურ რეჟიმში გაჩერებულია ფოლადის წარმოების დაახლოებით 60%, ხოლო ფეროშენადნობების საწარმოების დაახლოებით 40%. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ კერძო სექტორი, სახელმწიფო შესაბამისი უწყებები დასხდნენ ერთად და შეიმუშაონ ის სამოქმედო გეგმა, რომლითაც მოხდება ამ ორი უმნიშვნელოვანესი დარგის ამუშავება, მოხდება პერსპექტივების განხილვა, რადგანაც ქართული ეკონომიკა ნამდვილად ამ დარგებზე დგას.
უნდა მოხდეს გაანგარიშება იმისა, თუ რა სარგებელს იღებს ქვეყანა ელექტროენერგიის ადგილზე გადამუშავებით და მისი ექსპორტით. რა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ექნება დადებითი გავლენა იმ შემთხვევაში თუ ეს ორი დარგი, ვგულისხმობ ფოლადის წარმოებას და ვგულისხმობ ფეროშენადნობებს, ამუშავდება და სრული დატვირთვით ამოქმედდება.
ეს გაანგარიშებები არსებობს, შესაბამისად სახელმწიფოს გადასაწყვეტი იქნება ის პრიორიტეტები, რომელიც მან უნდა მიანიჭოს ამა თუ იმ დარგს. ამავდროულად ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და რესურსი, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ენერგოგენერაცია - ჰიდრო იქნება ეს, მზე თუ ქარი, თუმცაღა უნდა გვესმოდეს, სად ვაბინავებთ ამ დენს.
აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვგეგმავთ 11.5 ტერავატიდან თუნდაც 4.5 ტერავატის სიმძლავრეების ამოქმედებას უახლოეს მომავალში, კარგად უნდა გვესმოდეს ეს დენი სად უნდა გავყიდოთ, რა კომპანიებს და რა დარგებს უნდა მივყიდოთ, ან რომელ ქვეყნებში უნდა გავაკეთოთ ექსპორტი.
მოგეხსენებათ, რომ მთელი ეს უკანასკნელი 10 წელიწადი, თუ მეტი არა, გათვლა იყო იმაზე, რომ ქართული დენი გაიყიდებოდა გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში. თუმცაღა რამდენიმე წელია ჩვენ შემცირებულ ტენდენციას ვუყურებთ და მილიარდ-ნახევარი კილოვატსაათიდან ჩამოსულები ვართ შარშანდელი მონაცემით 500 მილიონი კილოვატ-საათზე და მეეჭვება, რომ წელს ჩვენ ამ ნიშნულსაც კი მივაღწიოთ.
ვფიქრობ, ადგილობრივი მოხმარების მდგრადობის უზრუნველყოფა არის ის ქვაკუთხედი, რომელზედაც შეიძლება დაშენდეს ენერგოგენერაციის ობიექტების გეგმური ზრდა”,-აცხადებს მერაბ ლომინაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge