
ფოთთან, მდინარე რიონზე წყალგამყოფი კვანძის რეაბილიტაციის ₾28-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქალაქ ფოთთან, მდინარე რიონზე არსებული წყალგამყოფი კვანძის დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 28.04 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წინადადებების მიღება 5 აგვისტოს დაიწყება და 10 აგვისტოს დასრულდება.
ტენდერი ითვალისწინებს წყალგამყოფი კვანძის - კაშხლის ქვედა ბიეფში მდებარე ფლუტბეტის, რისბერმისა და მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე მოწყობილი გაბიონების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენას. პროექტი მრავალწლიანი ბიუჯეტით ფინანსდება და მისი დაფინანსება 2025, 2027, 2028 და 2029 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებშია გათვალისწინებული.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია განპირობებულია იმით, რომ ტერიტორია წყალმოვარდნების, წყალდიდობებისა და ნაპირების ეროზიის მიმართ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად რეგიონად არის მიჩნეული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ძლიერი ჰიდროლოგიური პროცესების შედეგად დაზიანებულია წყალგამყოფი კვანძის ძირითადი კონსტრუქციები, რის გამოც აუცილებელია დამცავი ინფრასტრუქტურის აღდგენა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით 55 მეტრი სიგრძისა და 200 მეტრი სიგანის სარეაბილიტაციო მონაკვეთის აღდგენა. სამუშაოები მოიცავს 11 რკინაბეტონის წყალსაცემი ფილის რეაბილიტაციას, რისბერმის აღდგენას, მდინარის მარჯვენა ნაპირზე გაბიონების მოწყობასა და დაზიანებული ნავმისადგომი პირსის რეკონსტრუქციას. ასევე მოეწყობა დაახლოებით 150 მეტრი სიგრძის ახალი საექსპლუატაციო მისასვლელი გზა, რომელიც არსებული გრუნტის გზების აღდგენის საფუძველზე შეიქმნება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამუშაო ფლუტბეტის აღდგენაა. პროექტი ითვალისწინებს დაზიანებული წყალსაცემი ფილების დემონტაჟსა და აღდგენას, საინექციო ჭაბურღილების მოწყობას, ფსკერის ჭავლურ ცემენტაციას, ლარსენის შპუნტებისგან ფილტრაციის საწინააღმდეგო ფარდის მოწყობასა და ახალი მონოლითური რკინაბეტონის ფილების მშენებლობას. პარალელურად განხორციელდება რისბერმის გამაგრება, 1 000-ზე მეტი გაბიონის მოწყობა, ბარჟის დამჭერი ანკერის კონსტრუქციის მშენებლობა და ნაპირდამცავი ნაგებობების რეაბილიტაცია.
პროექტში აღნიშნულია, რომ სამუშაოები უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდება ქალაქის არხის რეაბილიტაცია. დოკუმენტის ავტორების შეფასებით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ წყალუხვობის პერიოდში ქალაქის არხმა წყლის გაზრდილი ხარჯი უსაფრთხოდ გაატაროს.
ტენდერის პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები დამკვეთის წერილობითი დავალებიდან 1 047 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დაასრულოს. შესრულებულ სამუშაოებზე 6-წლიანი გარანტია გავრცელდება.
შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს მნიშვნელოვანი გამოცდილების დადასტურება მოუწევთ. სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტს 2021 წლის 1-ლი ივლისიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს სულ მცირე 17.35 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოები. ამასთან, მას უნდა ჰქონდეს გამოცდილება ჰიდროტექნიკური ნაგებობების, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის, წყალსაცავების, ხიდების ან მაგისტრალური მილსადენების მშენებლობაში.
BM.GE
წყარო: bm.ge