
მიქანაძის თქმით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერ ჩაირიცხნენ, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცემა
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე ვერ ჩაირიცხნენ, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცემა. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება გამონაკლისის სახით, მხოლოდ მიმდინარე წელს მოქმედებს და უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის გარდამავალ პერიოდს უკავშირდება.
„გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარკვეულწილად გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ“, - განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრის ინფორმაციით, 19 აგვისტოს გამოქვეყნებული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, გამოცდებზე რეგისტრირებული 39 689 აბიტურიენტიდან 34 150 უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა. ამასთან, 1795-მა აბიტურიენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის გარეშე დარჩა.
მიქანაძის განმარტებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ აბიტურიენტებს არჩევანში მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა ჰქონდათ მითითებული და მიღებული ქულა ამ პროგრამებზე მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა.
„ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, ყოველ წელს ფიქსირდება. თუმცა, ამის მიუხედავად, მეორადი ჩარიცხვების პრაქტიკა უკვე წლებია, აღარ მოქმედებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისას“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს მიღებული გადაწყვეტილება უკავშირდება უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის დაწყებას და მისი მიზანია, გარდამავალ პერიოდში აბიტურიენტებისთვის დამატებითი შესაძლებლობის შექმნა.
„მასშტაბური რეფორმის პირველ წელს განხორციელებული ინიციატივები აბიტურიენტებისა და საზოგადოებისთვის გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად იქნა მიღებული“, - განაცხადა მიქანაძემ.
სექტემბრის პირველ ნახევარში სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე რეგისტრაცია გამოცხადდება. აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, შესაძლებლობა ექნებათ, აღნიშნულ პროგრამებზე დარეგისტრირდნენ. მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება ერთჯერადია და მეორადი ჩარიცხვის პრაქტიკის მუდმივ აღდგენას არ გულისხმობს.
„თითოეული ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი მიზანია. სწორედ ამას ემსახურება უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული უპრეცედენტო გადაწყვეტილებები“, - განაცხადა მან.
BM.GE
წყარო: bm.ge